ავტორი:

ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილი მიუსაჯეს: მითვისებულია სულ ცოტა 12 მილიარდი დოლარი - უპრეცედენტო თაღლითობის საქმე

ვიეტნამის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს სიკვდილი მიუსაჯეს: მითვისებულია სულ ცოტა 12 მილიარდი დოლარი - უპრეცედენტო თაღლითობის საქმე

ხოშიმინში სასამართლომ 67 წლის ვიეტნამელ ბიზნესმენ ტრუონგ მაი ლანს სიკვდილი მიუსაჯა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის 11 წლის განმავლობაში ძარცვისთვის

მსხვილი კომპანიის Van Thinh Phat-ის ხელმძღვანელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალთაგან, რომლებსაც ვიეტნამში ფინანსური დანაშაულისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

მართლაც უპრეცედენტოა იმ დანაშაულის მასშტაბი, რასაც ქალს ედავებიან - მას 304 ტრილიონი დონგის (12,46 მილიარდი დოლარი) ფინანსური თაღლითობის საქმეში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. თუმცა მისი ქმედებებისგან მიღებული ჯამური ზარალი 27 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და სასამართლოს განაჩენი მას ზუსტად ამ თანხის დაბრუნებას ავალდებულებს, თუმცა პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია.

ერთი ვერსიით, სასამართლომ ტრუონგს სიკვდილი მიუსაჯა ზუსტად იმისთვის, რომ მასზე ზეწოლა მოეხდინა, რათა მან მოპარული ქონების ნაწილი მაინც დააბრუნოს.

ტრუონგ მაი ლანმა დანაშაული არ აღიარა და ბრალი მის ქვეშევრდომებს გადააბრალა.

ვიეტნამურმა მედიამ პროცესი დეტალურად აღწერა. მათივე ინფორმაციით, ჩვენების მისაცემად გამოიძახეს 2700 ადამიანი, საქმეში მონაწილეობდა 10 სახელმწიფო პროკურორი და 200-მდე ადვოკატი. ბრალდების მასალები მოთავსებულია 104 ყუთში, რომელთა საერთო წონა 6 ტონაა.

Truong My Lan-თან ერთად, 84 სხვა პირი გაასამართლეს და ელოდება განაჩენს.

ლანი, უძრავი ქონების დეველოპერი, Van Thinh Phat Holdings Group-ის თავმჯდომარე, დამნაშავედ ცნეს გაფლანგვაში, ქრთამის აღებასა და საბანკო წესების დარღვევაში. 2018 წლის დასაწყისიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მან დიდი თანხები მიითვისა უკანონო სესხების გაცემით. იგი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

გაზეთ Thanh Nien-ის ინფორმაციით, საქმეზე კიდევ 84 ადამიანი დააკავეს - ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ოთხმა სამუდამო პატიმრობა მიიღო. დანარჩენებს 20-დან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ლანის ქმარს და დისშვილს, შესაბამისად, 9 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კორუფციის წინააღმდეგ კამპანია კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნგუენ ფუ ტრონგმა 2016 წელს დაიწყო - მისი მტკიცებით, მოუთვინიერებელი კორუფცია საფრთხეს უქმნის კომუნისტური პარტიის ძალაუფლებას. კამპანიის დროს ორი პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრემიერი გადააყენეს, ასობით თანამდებობის პირი კი დააპატიმრეს.

ვიეტნამში სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეიძლება მიესაჯოს როგორც ძალადობრივ ქმედებაში, ასევე ეკონომიურ დანაშაულში ბრალდებულებს. ბოლო წლებში ქვეყანაში სიკვდილით დასაჯეს ასობით მსჯავრდადებული.