ავტორი:

ჩემი ბერძენი სიძის საფეხბურთო ბედისწერა, AEK - ი, თემურ ქეცბაია და პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყე - სტადიონი "აია სოფია"

ჩემი ბერძენი სიძის საფეხბურთო ბედისწერა, AEK - ი, თემურ ქეცბაია და პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყე - სტადიონი "აია სოფია"

- რატომ აეკ - ი და არა "პანათინაიკოსი" ან "ოლიმპიაკოსია"? - ვეკითხები ჩემს ბერძენ მასპინძელს - ჩემი დეიდაშვილის მეუღლეს, რომელიც გასულ თვეს ათენში მოგზაურობისას გავიცანი. - "ამას არ ირჩევ, ეს ბედისწერაა", - მპასუხობს დიმიტრიოს (დიმიტრი) გერონდუდასი ღიმილით. მე ამას ხუმრობად ვიღებ, თუმცა როგორც ამბობენ, ყოველ ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი.

ის უფრო სერიოზულად აგრძელებს საუბარს და მეუბნება, რომ აეკ - ი მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან ყველაზე ახლოს დგას, რაც უპირველესად იმაში გამოიხატება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ჩემი საბერძნეთში მოგზაურობა დაემთხვა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურის ბედი თბილისში, საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირებაში გაირკვეოდა. ბერძნები, ვისაც ვესაუბრე, სრულიად დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ წარმატებაში, თუმცა აღნიშნავდნენ, ძალიან კარგი ნაკრები გყავთ და ეს მარტივად არ გამოგვივაო...

იგივე აზრზე იყო დიმიტრიც, რომელიც დღეს ამბობს, რომ მისი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა გარკვეულწილად ამ ერთგვარი არხეინი დამოკიდებულებითაც იყო გამოწვეული, თან ჩვენი ყოველი საუბრისას აცხადებს, რომ იღბალი 26 მარტს საქართველოს მხარეს იყო... მე არ ვდავობ, კი, ბატონო, ვიყოთ ყველაზე იღბლიანები, მეტიც, თანახმა ვარ იღბლის წყალობით, ევროპის მთავარი საფეხბურთო შეჯიბრის ჯგუფური ეტაპიდანაც გავაღწიოთ...

დიმიტრის დამსახურებით ათენში ჩასულები პირველად, სადაც აღმოვჩნდით, სწორედ აეკ-ის ახალაშენებული სტადიონი იყო, რომელიც კლუბის ქომაგების და ზოგადად, პონტოელი ბერძნების დიდი სიამაყეა.

- წელს, 13 აპრილს, აეკ - ს საუკუნე უსრულდება, ხომ დაწერ ჩვენს გუნდზე? - მკითხა დიმიტრიმ მაშინვე, რაც გაირკვა, რომ მეც და ისიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები ვიყავით, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, თუმცა ბერძნულ გუნდზე წერას როგორ დავიწყებდი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის თემურ ქეცბაიას გარეშე.

  • "მე კარგად მახსოვს ქეცბაიას თამაში აეკ- ში, ის გამორჩეული იყო მოედანზე"

ქართველი ფეხბურთელი ათენის "აეკში" კვიპროსული" ანორთოსისიდან" 1994 წელს გადავიდა და იქ 3 სეზონი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში, გუნდი საბერძნეთის ჩემპიონი გახდა, "ქეცბა" კი - ფანების კერპი.

"მე კარგად მახსოვს ქეცბაიას თამაში "აეკში", ჩვენგან წავიდა "ნიუკასლში". ის გამორჩეული იყო მოედანზე, თამაშის ჟინითა და თავდადებით დაგვამახსოვრა თავი. უყურებდი და დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერს გაიღებდა გამარჯვებისთვის. საიმედო ფეხბურთელი იყო. ამიტომაც შევიყვარეთ ასე. მახსოვს, როგორ სწყინდა წაგება და როგორ უხაროდა გამარჯვება. თვითონ ძალზე დისციპლინირებული იყო, როგორც ამბობდნენ, უდისციპლინოებს თურმე გასახდელში სასტიკად ეჩხუბებოდა. გულიანი ფეხბურთელი იყო და ძალიან გვიყვარდა... მოვიკითხავ და მუდამ წარმატებას ვუსურვებ..." - გვეუბნება დიმიტრი.

ქეცბაია აეკ-ის მუზეუმში
  • АЕК-ის ისტორია

როგორც გუნდის მუზეუმში, ისე სტადიონის ინტერიერზე ბევრს გაიგებთ დევნილი პონტოელი ბერძნების ისტორიასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე. როგორც დიმიტრი ამბობს, ეს კლუბი ამ ბრძოლის ერთგვარი სიმბოლოც არის და მემორიალიც.

АЕК (ბერძ. ПАЕ Αθλητική Ένωσις Κωνσταντινουπόλεως) - ბერძნული პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ათენიდან, რომელიც თამაშობს საბერძნეთის სუპერლიგაში. კლუბის სახელი არის აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც "კონსტანტინოპოლის ათლეტთა კავშირი". ჩამოყალიბდა 1924 წლის 13 აპრილს. კლუბის საშინაო სტადიონი არის "აია სოფია". მის სახელში კონსტანტინოპოლის არსებობა აიხსნება იმით, რომ AEK-ი დაარსდა კონსტანტინოპოლსა და ზოგადად, მცირე აზიიდან დევნილი ბერძნების მიერ, რომლებიც გააძევეს თურქეთიდან ბერძნულ-თურქეთის ომში (1919–1922) საბერძნეთის დამარცხების შემდეგ.

პირველი "აეკელები"

1924 წლის 13 აპრილს კონსტანტინოპოლიდან ბერძენი ლტოლვილების ჯგუფი (მათ შორის იყვნენ კლუბების "პერისა" და "კონსტანტინოპოლის" სპორტსმენები) ათენის ცენტრში, სპორტულ მაღაზია "ემილიოს და მენელაოსში" შეიკრიბა, მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დაეარსებინათ კლუბი AEK - ი.

მათ შექმნეს არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, არამედ ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სპორტული და კულტურული განვითარების უზრუნველყოფა ლტოლვილებისთვის, რომლებიც დასახლდნენ ათენის ახალ გარეუბნებში (ნეა ფილადელფია, ნეა იონია, ნეა ქალკედონი, ნეა სმირნი).

კლუბმა პირველი მატჩი ადგილობრივ "აიაქსთან" გამართა და ანგარიშით 2:0 მოიგო.

1931 წელს "აეკმა" მოიგო თავისი პირველი საბერძნეთის თასი, რაც მას მერე, კიდევ არაერთხელ მოიპოვა.

ქვეყნის ჩემპიონი კი პირველად 1968 წელს გახდა და არის პირველი ბერძნული საფეხბურთო კლუბი, რომელმაც 1969 წელს ევროპის თასის მეოთხედფინალამდე მიაღწია. ის სულ 13-ჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, მათ შორის 2022-2023 წლების სეზონშიც.

2023 წელი, AEK - ზეიმობს საბერძნეთის ჩემპიონობას

1989 წელს AEK-მა მოიგო Alpha Ethnics და საბერძნეთის სუპერთასი.

1994-95 წლების სეზონში AEK გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. საკვალიფიკაციო რაუნდში მან შოტლანდიის ჩემპიონი "რეინჯერსი" დაამარცხა.

კლუბის ამჟამინდელი მფლობელია დიმიტრის მელისანიდისი - ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი - საზღვაო გადაზიდვებისა და ნავთობის მაგნატი. ის ბერძენი მეწარმეების ტოპ ათეულშია და ყველაზე ცნობილია იმით, რომ არის ბერძნული საფეხბურთო გუნდის AEK Athens F.C. და ბერძნული ნავთობკომპანიის Aegean Oil-ის მფლობელი.

ის იყო AEK ათენის საფეხბურთო კლუბის 30-ე და 32-ე პრეზიდენტი 1992 წლიდან 1993 წლამდე და 1994 წლიდან 1995 წლამდე. ასევე იყო კლუბის პრეზიდენტი 1998-1999 წლებში.

2013 წლის 7 ივნისს, როდესაც ფინანსური პრობლემების გამო, AEK -ი დაქვეითდა სამოყვარულო დივიზიონში, მელისანიდისი კლუბის მართვას კვლავ აქტიურად დაუბრნდა, მოგვიანებით კი, სხვა გულშემატკივრებთან და ძველ მოთამაშეებთან ერთად, შექმნა არაკომერციული ასოციაცია "AEK-ის მეგობრების კავშირი" (Enosi Filon AEK), რომელმაც ხელში აიღო საფეხბურთო კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი.

სტატიის მომზადებისას ინტერნეტში გადავწყდი მასთან დაკავშირებულ ერთ ამბავს, თუ როგორ გადაიხადა მან კლუბის გულშემატკივრისთვის დაკისრებული ჯარიმა - 150 ევრო, ეს მოხდა 2020 წელს, პანდემიისას, როდესაც აეკ-ის თავგადაკლულმა ქომაგმა კარანტინის წესები დაარღვია და მშენებარე სტადიონის დასათვალიერებლად შეიპარა. ის დააკავა პოლიციელმა, რომელიც სამშენებლო მოედანს ამოწმებდა. მელისანიდისმა შეიტყო რა გულშემატკივრის ამბავი, ჯარიმაც გადაიხადა და გადარეულ ფანს შემდეგი სეზონის აბონემენტიც აჩუქა.

დიმიტრი მშენებარე სტადიონზე

"მე იმ ფანების რიცხვში ვარ, რომელშიც ეგ გულშემატკივარი... ჩვენი ტრიბუნა გვაქვს "აია სოფიაზე", რომელიც ჩვენ გიჟურ მხარდაჭერას უძლებს... სიკვდილიც კი შეგვიძლია "აეკისთვის..." - იცინის დიმიტრი და ამას ადვილად დაიჯერებთ, თუ შეესწრებით მის სამზადისს საყვარელი გუნდის თამაშისთვის, მის ეკიპირებას... ნახავთ არაერთ ატრიბუტს და სიმბოლოს, რასაც შინ ინახავს...

როდესაც საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების ამბავი გაირკვა, შევთავაზე, მოდი, დავნაძლევდეთ, რომ ქართველები მოვიგებთ-მეთქი... ოღონდ ჩემი პირობა იყო, რომ წაგების შემთხვევაში "ოლიმპიაკოსის" ფორმას ჩაიცვამდა და აეკ-ის სტადიონთან ჩაივლიდა...

- რას ამბობ, მაგათ ფორმას ხელთათმანითაც ვერ მოვკიდებ ხელს, მომწამლავს! - მითხრა სიცილით დიმიტრიმ და ნაძლევზეც ასე ამაღებინა ხელი.

  • 2023 წლის ტრაგედია

2023 წელ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საბერძნეთის აეკ-სა და ზაგრების "დინამოს“ შორის 8 აგვისტოს ათენში უნდა გამართულიყო, მაგრამ უეფა-მ შეხვედრა გადადო. ამის მიზეზი კი წინა დღეს მომხდარი ტრაგედია გახდა.

7 აგვისტოს "აია სოფიას" მიმდებარედ, უეფა-ს აკრძალვის მიუხედავად, ზაგრებული გუნდის ფანები საბერძნეთში აღმოჩდნენ, "დინამოს“ 150-200 გულშემატკივარი ქვეყანაში ავტობუსებითა და ავტომობილებით ჩავიდა და სტადიონთან შეკრებილ აეკ - ის გულშემატკივრებს დაესხა თავს. ორივე მხრიდან ისროდნენ პეტარდებს, თვითნაკეთ აალებად მოწყობილობებსა და ქვებს. ჩხუბი ძალიან სასტიკი გამოდგა, შედეგად ბერძნული კლუბის 22 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. ახალგაზრდას აეკ-ის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სამმა ბერძენმა და ხუთმა ხორვატმა გულშემატკივარმა მიიღეს ტრავმები და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. 98 ადამიანი დააპატიმრეს.

  • "აია სოფია"

"აია სოფია", საფეხბურთო კლუბ AEK - ის სტადიონია, კომერციული სახელწოდებით OPAP Arena. AEK Arena - ასეც მოიხსენიებენ საერთაშორისო მატჩებისთვის. მანამდე კლუბს თავისი სტადიონი არ ჰქონდა და საშინაო მატჩებს მართავდა ათენის ოლიმპიურ სტადიონზე "Spyros Louis". ახალი სტადიონის აშენების იდეის განხილვა 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2017 წელს. პირველი მატჩი 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა. 2023 წლის 27 მარტს საბერძნეთის ნაკრებმა "აია სოფიას" სტადიონზე უგოლო ფრე ითამაშა ლიტვის ნაკრებთან. 2024 წლის 29 მაისს კი "აია სოფიაზე" ამ სეზონს უეფას საკონფერენციო ლიგის ფინალი გაიმართება.

სტადიონის ტევადობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, არის 31100 -დან 32500 მაყურებლამდე. სტადიონს სახელი დაერქვა აია სოფიას ტაძრის პატივსაცემად, რომელიც ამჟამინდელ სტამბოლში (ყოფილ კონსტანტინოპოლში) მდებარეობს. მიხვდებოდით ალბათ, რომ ეს სახელი დაერქვა სწორედ იმიტომ, რომ AEK-ი დაარსებულია კონსტანტინოპოლიდან დევნილი ემიგრანტების მიერ. აშკარად ნახავთ, რომ სტადიონის არქიტექტორებმა მისი პროექტისას გაითვალისწინეს ტაძრის არქიტექტურა - რთული კონსტრუქციული სისტემა, თაღოვანი გადახურვა, რომელიც ოთხ მასიურ ბოძს ეყრდნობა, ე.წ. ნახევარგუმბათები...

"სტადიონი დიდი ბრძოლების შემდეგ აშენდა, უამრავი პრობლემის გადალახვა გახდა საჭირო, რასაც წლები დასჭირდა, იყო დიდი დაპირისპირება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი უკან მოვიტოვეთ და აი, ასეთი ლამაზი სტადიონი გვაქვს", - მეუბნება დიმიტრი და მათვალიერებინებს სტადიონის მშენებლობისას გადაღებულ ფოტოებს.

"ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს თვალწინ აშენდა, დავესწარი მის გახსნასაც, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა ეს მოედანზე დიდად არც დამინახავს, რადგან ქომაგების ტრიბუნაზე ყველა ისეთ ექსტაზში ვიყავით..., (იცინის) მერე შინ ვუყურე ჩანაწერს... ეს ორთავიანი არწივი კი ბიზანტიის და ჩვენი გუნდის სიმბოლოა", - ამბობს ჩემი მასპინძელი და მითითებს სტადიონის შესასვლელთან აღმართულ არწივის უზარმაზარ ფიგურაზე.

ქართველებისთვის ორთავიანი არწივი, როგორც სიმბოლო, დიდად სასიამოვნო სულაც არ არის, რადგან ის ძირითადად ოკუპანტი რუსეთის გერბიდან გვახსოვს, მაგრამ მისი ისტორია გაცილებით ძველია, ვიდრე თავად რუსეთის სახელმწიფოსი.

მას დღესაც დროშებსა და გერბებზე არაერთი სახელმწიფო გამოსახავს. ევროპის ტერიტორიაზე ეს სიმბოლო პირველად დაახლოებით 1250 წელს გამოჩნდა საღვთო რომის იმპერიაში (962-1806 წ.წ) ფრედერიკ მეორის მმართველობის დროს, მე - 13 საუკუნის ბოლოსათვის კი გამოიყენეს ბიზანტიაში (330-1453 წ.წ.), სადაც დროშებსა და გერბებზე გამოსახული ორთავიანი არწივი ნიშნავდა იმპერატორის ორმაგ სუვერენიტეტს (საერო და საეკლესიო) და ამავდროულად, იმპერატორთა გავლენას ევროპასა და აზიაში.

- დიმიტრი, საბერძნეთის ნაკრები ევროპაზე არ იქნება, ვის გულშემატკივრობას აპირებ კონტინენტის პირველობაზე? - ვეკითხები ჩემს ბერძენ სიძეს... - იცინის და კითხვაზე კითხვით მპასუხობს:

- ალბათ ელი, რომ საქართველოს გეტყვი?.. და რატომაც არა? აბა, ვის ვუგულშემატკივრო თურქებს თუ გერმანელებს? გამახარებს თქვენი წარმატება, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი დეიდაშვილი მომკლავს... ხუმრობას, რომ შევეშვათ, გეტყვით, რომ ქართველებს ახალგაზრდული და ძალიან პერსპექტიული გუნდი გყავთ, დიდ წარმატებას გისურვებთ!