ავტორი:

აშშ ისრაელში მყოფ მოაქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს - რა ხდება ისრაელში, სადაც ირანისგან თავდასხმას ელოდებიან

აშშ ისრაელში მყოფ მოაქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს - რა ხდება ისრაელში, სადაც ირანისგან თავდასხმას ელოდებიან

"ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას ელის, მაგრამ ეს თავდასხმა ისეთი დიდი არ იქნება, რომ ვაშინგტონი ომში ჩაერთოს", - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

  • მანამდე, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა ირანი გააფრთხილა, დამასკოში, საკონსულოს შენობაზე თავდასხმა რეგიონში ესკალაციის საბაბად არ გამოიყენოს.

Reuters-ს ირანის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ უპასუხებს ისრაელის თავდასხმას საკონსულოს შენობაზე ისე, რომ თავიდან აიცილოს სერიოზული ესკალაცია და ნაჩქარევად არ იმოქმედებს.

  • პარალელურად კი შეერთებული შტატების ხელისუფლება ისრაელში მყოფ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს გადაადგილებას უზღუდავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიები არ დატოვონ.

"სიფრთხილის გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ეკრძალებათ პირადი მიზნით მოგზაურობა დიდი თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიების გარეთ შემდგომ გაფრთხილებამდე“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანი იმუქრება, რომ 1-ელ აპრილს დამასკოში, მისი საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო, ისრაელის მიმართ საპასუხო ზომებს განახორციელებს.