ავტორი:

თავის ქალით გაერთიანებული და-ძმა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა სქესი შეიცვალა - მსოფლიოში ყველაზე უფროსი სიამის ტყუპი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

თავის ქალით გაერთიანებული  და-ძმა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა სქესი შეიცვალა - მსოფლიოში ყველაზე უფროსი სიამის ტყუპი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

თავის ქალით გაერთიანებული სიამის ტყუპი, ლორი და ჯორჯ შაპელები 62 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. და-ძმა, რომელიც მსოფლიოში ასაკით ყველაზე უფროსი სიამის ტყუპი იყო, 7 აპრილს პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

  • რა გახდა ტყუპების გარდაცვალების მიზეზი მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ლორი და ჯორჯი 1961 წელს დაიბადნენ. ისინი ერთმანეთთან თავის ქალით იყვნენ გაერთიანებულები, ასევე მათ საერთო ჰქონდათ ტვინის 30 პროცენტი და ძირითადი სისხლძარღვები. ჯორჯს სპინა ბიფიდა ჰქონდა (თანდაყოლილი მანკი, რომელსაც ნერვული მილის დეფექტი ეწოდება) და გადასაადგილებლად სპეციალურ გორგოლაჭებიან მოწყობილობას იყენებდა. ტყუპებს გადაადგილება რომ შესძლებოდათ, ლორის უწევდა სავარძლის მართვა.

  • ლორის და ჯორჯს სიამის ტყუპის უიშვიათესი ფორმა ჰქონდათ, რომელიც ასეთი ტყუპების მხოლოდ 2-6%-მდე ნაწილს უფიქსირდება.

  • 2007 წელს ჯორჯმა სქესი შეიცვალა და შაპელები პირველი სხვადასხვა სქესის სიამის ტყუპი გახდნენ, იტყობინება გინესის მსოფლიო რეკორდები.

"ძალიან პატარა ასაკიდანვე ვიცოდი, რომ ბიჭი უნდა ვყოფილიყავი. ეს საკმაოდ რთული იყო, მაგრამ უკვე ასაკში შევდიოდი და აღარ მინდოდა ტყუილში ცხოვრება",- განაცხადა 2011 წელს ჯორჯმა გაზეთ The Sun-თან მიცემულ ინტერვიუში.

ჯორჯ შაპელი

შაპელებმა პენსილვანიის ტექნიკური უნივერესიტეტი დაამთავრეს და ორივე, მრავალი წლის განმავლობაში, რიდინგის საავადმყოფოში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ შაპელებს განსხვავებული ჰობი და ინტერესები ჰქონდათ. გინესის ინფორმაციით, ჯორჯი ქანთრის მუსიკით იყო გატაცებული, ლორი კი ბოულინგით.

ლორი შაპელი

და-ძმა დაბადებიდან ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დაწესებულებაში ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მენტალური შეზღუდვა არ ჰქონიათ. ისინი 24 წლის ასაკიდან ოროთახიან ბინაში დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ. "იმის გამო, რომ არ შეგვიძლია ავდგეთ და ერთმანეთს ფიზიკურად მოვშორდეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთისგან ან სხვა ადამიანებისგან განმარტოება არ შეგვიძლია",- თქვა ლორიმ 1997 წლის დოკუმენტურ ფილმში.

ტყუპებს ერთმანეთის ინტერესების ხელშეწყობა ყოველდღიურად უწევდათ. მაგალითად, როცა ჯორჯს მუსიკის რეპეტიცია სჭირდებოდა, წყვილი მის ოთახში მიდიოდა, სადაც ლორი ჩუმად იყო და ჯორჯს ვარჯიშის საშუალებას აძლევდა.

ტყუპები ერთმანეთისგან ფიზიკურად განცალკევების იდეას უარყოფდნენ: "აბსოლუტურად არა. რატომ უნდა ვცადოთ იმის შეკეთება, რაც არაა გაფუჭებული?",- განაცხადა ჯორჯმა 1997 წლის ინტერვიუში.

წყარო: theguardian