ავტორი:

"თავდამსხმელი ქალებზე იყო ფოკუსირებული და კაცებს ერიდებოდა" - რა ხდება ცნობილი სიდნეის ტრაგედიაზე, რომელსაც ქართველი ქალიც ემსხვერპლა?

"თავდამსხმელი ქალებზე იყო ფოკუსირებული და კაცებს ერიდებოდა" - რა ხდება ცნობილი სიდნეის ტრაგედიაზე, რომელსაც ქართველი ქალიც ემსხვერპლა?

ავსტრალიის პოლიცია აცხადებს, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრის თავდამსხმელს, რომელმაც 6 ადამიანი მოკლა, სამიზნეში ქალები ჰყავდა ამოღებული.

შაბათს, 40 წლის ჯოელ ქაუჩი სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული შევიდა, სადაც დაცვის თანამშრომელი მამაკაცი და 5 ქალი მოკლა. მათ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 9 თვის ბავშვი დაშავდა.

პოლიციამ ავსტრალიის საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ქაუჩი აშკარად ქალებზე იყო ფოკუსირებული. ერთადერთი მოკლული მამაკაცი დაცვის თანამშრომელი ფარაზ ტაჰირია, რომელმაც მისი შეჩერება სცადა.

  • ტრაგიკულად გარდაცვლილ ქალებს შორისაა 55 წლის ქართველი ფიქრია დარჩიაც. მსხვერპლი ქალების ასაკი 20-55 წლამდე მერყეობს: 47 წლის ჯეიდ იანგი, დონ სინგლტონი (25 წ), ეშლი გუდი (38 წ) და ჩენგ იშუანი (30 წლამდე).

"ვიდეოებიც ამაზე მეტყველებენ, არა? ჩემთვისაც და დეტექტივებისთვისაც უდავოა, რომ თავდამსხმელი ქალებზე იყო ფოკუსირებული და კაცებს ერიდებოდა. არ ვიცით, ამ დროს რაზე ფიქრობდა და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ დეტექტივებმა ქაუჩის ყველა ნაცნობი დაკითხონ",- ამბობს მედიასთან პოლიციის კომისარი კარენ უები.

მანამდე გამოძიება ვარაუდობდა, რომ ჯოელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისმა მამამ, ენდრიუ ქაუჩიმ რეპორტიორებს განუცხადა, რომ მისი ვაჟი 17 წლიდან შიზოფრენიას ებრძოდა, რამდენიმე ხნის წინ მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და სახლიდან წავიდა. მას შემდეგ ჯოელი მანქანასა და ჰოსტელებში ათევდა ღამეს: "თქვენთვის ის მონსტრია, ჩემს თვალში კი ძალიან ავადმყოფი ბიჭი. შეყვარებულის ყოლა სურდა, მაგრამ სოციალიზაცია უჭირდა, ამის გამო ძალიან იყო განადგურებული",- ასე უპასუხა ენდრიუ ქაუჩიმ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ უნდა ამოეღო მის ვაჟს სამიზნეში მხოლოდ ქალები.

ავსტრალიაში მასიური მკვლელობები იშვიათობას წარმოადგენს და თავდასხმამ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ სავაჭრო ცენტრში მოხდა, მთელი ავსტრალია შეძრა. წყარო: bbc

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა