ავტორი:

ზურა გეწაძე - პროტესტი ყველა "იზმის“ წინააღმდეგ …როცა ჩვენს გარშემო, მარტორქები დარბიან

ზურა გეწაძე - პროტესტი ყველა "იზმის“ წინააღმდეგ …როცა ჩვენს გარშემო, მარტორქები დარბიან

აბსურდის დრამის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის ეჟენ იუნესკოს „მარტორქები“, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე მსახიობმა, რეჟისორმა და თეატრის განვითარების ფონდის დამფუძნებელმა ზურა გეწაძემ განახორციელა. 2023 წლის ზაფხულის პრემიერიდან დღემდე, ყოველ მორიგ წარმოდგენაზე სულ ანშლაგია. ნაწარმოები, ყველა იმ "იზმის“ წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელიც მსოფლიოში, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში იჩენს ხოლმე თავს, თუმცა, ამავდროულად სულ არსებობდნენ და დღესაც არიან ისეთი ინდივიდები, ვინც საზოგადოებისა და მასის საყოველთაო აზრს არ იზიარებენ; ინდივიდუალობას ინარჩუნებენ, ადამიანურ სახეს არ კარგავენ და და ცდილობენ საკუთარი პრინციპები დაიცვან.

ზურაბ გეწაძე:

- 1991-1992 წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაა, ჩემი სახლის წინ ტანკები და ბეტეერები დადიან, ჩემთან მოდის დათო საყვარელიძე და მოაქვს ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, სადაც თარგმნილი პიესები იბეჭდებოდა. მათ შორის იყო „ქაჩალი მომღერალი ქალი“, რომელიც ერთად წავიკითხეთ (მე და დათო ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ერთად ვსწავლობდით). პიესის კითხვის დროს, ცრემლებამდე ვიცინოდით და სწორედ იმ დროიდან მოვიხიბლე აბსურდის ჟანრით. საერთოდ, ეს ჟანრი საბჭოთა პერიოდში და მათ შორის საქართველოში აკრძალული იყო. რეჟისორებიც არ დგამდნენ, არც შემოქმედებითი ჯგუფი იყო მზად და მაყურებელიც მიუჩვეველი გახლდათ. თუმცა, თავად იუნესკო თავის ნაწარმოებებს აბსურდს არ ეძახდა, მეტიც, ასეთ შეფასებაზე ბრაზდებოდა, თუმცა, კრიტიკოსებმა ასე უწოდეს და „მელოტი მომღერალი ქალი“ იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც 1949-1950 წლებში ამ ჟანრში დაიწერა. და როცა საფრანგეთში დაიდგა, ნელ-ნელა მაყურებლის დაინტერესებაც გამოიწვია, სპექტაკლს გაუჩნდნენ ფანები და ეს წარმოდგენა დაახლოებით 40 წლის განმავლობაში სცენიდან არ „ჩამოსულა“. მას შემდეგ, რაც ეს ნაწარმოები პირველად წავიკითხე, სხვადასხვა პიესებთან ერთად, მასზე სულ ვფიქრობდი. ბატონმა მიშამ თეატრში რომ მიმიწვია, გარკვეული წლების გასვლის შემდეგ, 2007 წელს გავბედე და თუმანიშვილის თეატრში „მელოტი მომღერალი ქალი“ დავდგი. მაშინ დარბაზის დიდი ნაწილი იღებდა ამ ჟანრს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს სპექტაკლი კატეგორიულად მიუღებელი იყო, ამბობდნენ, რომ ეს არის სისულელე და გაბრაზებულები ტოვებდნენ დარბაზს.

- და მას შემდეგ „მარტორქებამდე“ იუნერსკოსთან შეხება აღარ გქონიათ...

- არა, თუმცა, აბსურდისტებთან კავშირი არ გამიწყვიტავს. როცა თუმანიშვილის თეატრის მმართველი ვიყავი, მცირე დარბაზი გავაკეთე და იქ დავდგი სლავომირ მროჟეკის „პოლიცია“. ასევე მთავარ სცენაზე ლაშა ბუღაძის „7 პ.პ.“ (7 პატარა პიესა), რომელშიც ბევრი აბსურდის ელემენტია და დღემდე რეპერტუარშია. რაც შეეხება „მარტორქებს“, სოხუმის თეატრში დათო საყვარელიძის სურვილით მოვედი და გავაკეთეთ კოპროდუქცია. „მარტორქები“ თეატრის განვითარების ფონდისა და სოხუმის თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელშიც სოხუმის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ ჩემს მიერ მოწვეული მსახიობები. დაგვაფინანსა ქალაქ თბილისის მერიამ, ასევე გვყავს სპონსორები, დამეხმარნენ მეგობრებიც და „მარტორქები“ ერთობლივი ძალებით განვახორციელეთ.

- რა იყო ის მთავარი, რითაც ამ ნაწარმოებმა მოგხიბლათ?

- ეს იუნესკოს შედარებით გვიან პერიოდში შექმნილი ნაწარმოებია და კლასიკური ჟანრის პიესისკენ იხრება. როცა ის დაიწერა, კრიტიკოსების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ეს არის შესანიშნავი ანტიფაშისტური პიესა, მეორენი კი კომუნიზმის წინააღმდეგ მიმართულ ნაწარმოებად აღიქვამდნენ. თავად ავტორი კი ამტკიცებდა, რომ კონკრეტულად არცერთი, არამედ ყველა „იზმების“ წინააღმდეგ მიმართული პიესა იყო და ზოგადად „იზმებს“ ებრძოდა. ეს მართლაც ასეა, თემის განზოგადებიდან გამომდინარე, მაყურებელს სპექტაკლის ყურებისას სხვადასხვა ასოციაცია უჩნდება, რა თქმა უნდა, ეხება როგორც წარსულს, ისე დღევანდელობას. „გამარტორქება“ შეიძლება იყოს სნობიზმიდან გამომდინარე, ისე ამპარტავნობიდან; ასევე შეიძლება მთავრობისგან თავს მოხვეული აზრი აიტაცო, ან მასმედიის მიერ გავრცელებული მოსაზრება. მთავარი ისაა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ადამიანი რაღაცის გამო კარგავს მორალსა და კულტურას და სწორედ ამის წინააღმდეგია იუნესკო. ის ამბობს, რომ ადამიანობა და თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგო, არ უნდა გახდე ცხოველი.

- სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს ზურა ყოფშიძე ასრულებს და ალბათ, „მარტორქების“ წარმატებას ესეც განაპირობებს, ისევე როგორც მუდმივად არ იშოვება ბილეთი თქვენ „მეფე ლირზე“, რომელშიც ეს მსახიობი თამაშობს და დღესდღეობით „ლირს“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგენთ. აბსურდის ჟანრში ზურა ყიფშიძის „ჩართვა“ როგორ მოხდა?

- ზურასა და მისი თაობის მსახიობებისათვის აბსურდის ჟანრი უცხო და მიუღებელია. მათთვის სულ სხვაგვარი იყო თეატრიც და ის სპექტაკლებიც, რომელშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ შევძელით და ზურა „გადავაკეთეთ“ (იღიმის). იმ დროს უკვე ნამუშევარი გვქონდა „მეფე ლირზე“, ერთმანეთს როგორც მსახიობი და რეჟისორი ვიცნობდით. მას სურვილი ჰქონდა ერთად კიდევ ერთხელ გვემუშავა, ამიტომ სოხუმის თეატრში პიესის დადგმა რომ დავაპირე, ზურას მე და ვანიკო თარხნიშვილი შევხვდით. დავიწყე ჩემი ჩანაფიქრზე საუბარი და როგორც ყოველთვის, მას ბევრი კითხვა გაუჩნდა. თავიდან დაიბნა, მაგრამ მე იმდენად ბევრს ვლაპარაკობდი და ისეთი ენერგიით აღტყინებული, ამდენი ინფორმაციით დაიღალა და გამაჩერა. მოკლედ, შენ გჭირდები? - სამჯერ დამისვა ეს კითხვა. რასაკვირველია დავეთანხმე. მაშინ, შენთან ვარ - მიპასუხა. მერე ძალიან დაინტერესდა თავის პერსონაჟით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის სპექტაკლის დასაწყისში და მერე, და თუ როგორ უნდა გადაქცეულიყო ცხოველად. მოკლედ, ძალიან მოეწონა და „ავარდა“. სამაგალითოდ იმუშავა, საერთოდ, მან ასე იცის, ყოველთვის თავგანწირვით და ბოლომდე შედის ეშხში.

- და რაც შეეხება ვანიკო თარხნიშვილს, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და 2 მოქმედების განმავლობაში არ გადის სცენიდან?..

- ჰო, მხოლოდ რამდენიმე წამით ტოვებს, დანარჩენი სულ სცენაზეა. ბერანჟეს პერსონაჟის როლის დრამატურგიული განვითარება საინტერესოსთან ერთად, ურთულესია და ვანო ამ დატვირთვას არაჩვეულებრივად უმკლავდება. ვანო იყო პირველი, ვისაც პიესა ჩემით წავუკითხე, რადგან საერთოდ, ასე ვაკეთებ ხოლმე. მას „მარტორქები“ თავიდანვე ძალიან მოეწონა და ბევრი იცინა. საერთოდ, ამ სპექტაკლში დაკავებული ყველა მსახიობი, როგორც მოწვეული, ისე სოხუმის თეატრის, ძალიან კარგად მუშაობდნენ და რეპეტიციების დროს ძალიან საინტერესო პროცესები გავიარეთ. ვნერვიულობდი ორი ჯგუფის შერწყმაზე, რაც მოწვეულ და ადგილობრივ მსახიობებს შორის უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად მოხერხდა, მეგობრობენ და ეს ურთიერთგაგება სცენაზეც კარგად აისახება.

- დაბოლოს, სპექტაკლის დაწყების წინ, გაქვთ ერთი რიტუალი, მკითხველს ესეც გავანდოთ...

- ყველა სპექტაკლის წინ უძღვის სხვადასხვა რიტუალი, რომელიც ბატონმა მიშამ გვასწავლა. ზოგჯერ მსახიობები დადგებიან სცენაზე და რაღაც სიმღერას მღერიან, ან ხელს ჩაკიდებენ ერთმანეთს და დუმან. ნებისმიერი ამგვარი რიტუალის მთავარი მიზანია რეპეტიციისა და სპექტაკლის წინ გაერთიანება და ყურადღების მობილიზება. ჩვენ, (მსახიობები და მე), სცენაზე ხელჩაკიდებულები წრეზე ვდგებით და ვაკეთებთ პიტერ ბრუკის სავარჯიშოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ეს არის რიტუალი რომელიც გვაერთიანებს და გვკრავს, ერთმანეთს გადავცემთ ენერგიას და ვამხნევებთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე ხელჩაკიდებული, ერთი, საერთო ამბის მოსაყოლად ვერთიანდებით.

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

NS