ავტორი:

ბიჭი, რომელიც ძველი ქართული დამწერლობების პოპულარიზაციას ცდილობს

ბიჭი, რომელიც ძველი ქართული დამწერლობების პოპულარიზაციას ცდილობს

14 აპრილს, დედაენის დღეს, დედაენის ბაღის მიმდებარე გაჩერებაზე ძველქართული სქემა განთავსდა, რომელზეც ის ქუჩები, რომლებსაც ავტობუსები გაივლიან, ძველქართულადაც არის დაწერილი, როგორც მხედრული, ასევე ასომთავრული და ნუსხური ანბანით. "ეს იმისთვის, რომ მგზავრმა ძველი და ახალი ერთმანეთს შეადაროს და სიტყვები ამგვარად ამოიკითხოს“, - გვეუბნება არქიტექტურის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლუკა ნოზაძე, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია. მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელების არსი ისაა, რომ ძველქართულ დამწერლობას ახალი დანიშნულება მიეცეს, რადგან ყოველდღიურობაში მას არსად ვიყენებთ.

"ნამდვილი დაფასება ხომ მაშინ იქნებოდა, როცა დამწერლობას დანიშნულება ექნება და რაიმეში გამოვიყენებთ?!. ახლა თითქოს მუზეუმის ექსპონატივით გვაქვს შემონახული, ეს მაშინ, როდესაც ვამაყობთ, რომ 14 დამწერლობას შორს ერთ-ერთი ქართველებს გვეკუთვნის, რომ იშვიათია ერი, რომელსაც წინაპრების სალაპარაკო ენა თანამედროვეებსაც თავისუფლად ესმოდეთ. ვფიქრობ, ამ ყველაფერთან შეხება მეტად გვჭირდება.

ავტობუსის გაჩერებაზე კი, სადაც ადამიანი გარკვეული ხნით ჩერდება, ტრანსპორტის ლოდინისას, ეს დრო შეუძლია ძველქართულის კითხვაში გაატაროს,“ - აღნიშნავს ლუკა ნოზაძე.

- უნივერსიტეტშიც დამწერლობასთან ხომ არ გაქვს შეხება?

- "არქიტექტურაზე“ ვსწავლობ, კონკრეტულად ძველქართულ დამწერლობასთან უნივერსიტეტში შეხება არ გვქონია. უბრალოდ, გული მწყდებოდა, რომ ჩვენი კულტურის ნაწილს არაფერში ვიყენებთ. არადა, კიდევ ბევრ რამეს შთამბეჭდავი დანიშნულება შეგვიძლია გამოვუძებნოთ. წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო გარემო, ქუჩებზე მაღაზიების აბრები ან რეკლამები ასომთავრულად ან ნუსხურად რომ ყოფილიყო დაწერილი. ადამიანებმა ეს დამწერლობები სწორედ მათი შემდგომში გამოყენებისთვის შექმნეს.

ასომთავრული და ნუსხური მეტად პოპულარული რომ გახდეს, პირველ რიგში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერთან შეხება. სამწუხაროა, რომ დღეს არავის აინტერესებს, ალბათ ამიტომაა, რომ არც არსად გამოიყენება. ამ კამპანიით კი ერთი ნაბიჯი მინდა გადავდგა, რომ საჭიროება შეიქმნას ძველქართულის ცოდნის და მის შემდგომში გამოყენებისთვის.

- იდეის განხორციელებისთვის ნებართვა მერიამ მოგცათ?

- დიახ, მიხარია, რომ ამის განსახორციელებლად მერიიდან ნებართვა მომცეს. აქვე აღვნიშნავ, რომ წლის ბოლოსთვის, როცა თბილისში ახალი სატრანსპორტო სქემა იქნება, მერია ყველა გაჩერებაზე სატრანსპორტო სქემის განთავსებას გეგმავს (ჩვეულებრივი, მხედრული წარწერით). ის გარემოება, რომ ხალხისთვის ძველქართული სქემა ახალ დაბრკოლებას წარმოქმნის, შეუსაბამოა და პირიქით, ძალიან ადვილია ძველქართულის კითხვა. აქ ერთი მცდელობაა საჭირო და წაკითხვას ნებისმიერი შეძლებს. ჯერჯერობით მხოლოდ დედაენის ბაღთან არსებულ გაჩერებაზეა განთავსებული ამ ტიპის სქემა.

მინდოდა, კერძო სექტორსაც დროებით ჩაენაცვლებინა პროდუქციაში წარწერები ძველქართულად, თუმცა არცერთმა კომპანიამ არ ისურვა წვლილი შეეტანა ამ კამპანიაში. სიმბოლურად თუნდაც ერთი-ორი წარწერა, რომ ყოფილიყო მაღაზიაში ან პროდუქციის შეფუთვაში გამოყენებული, ურიგო არ იქნებოდა. ვიმედოვნებ, მკითხველს დადებითი შთაბეჭდილება დარჩება საკუთარი წარსულის დღევანდელობაში ახალი დანიშნულებით წარმოჩინებით და მომავალში უფრო მეტ და საინტერესო სივრცეში ვიხილავთ ამ დამწერლობებს.