ერთ წიგნს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება: შეუერთდით წიგნების მარათონს

ერთ წიგნს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება: შეუერთდით წიგნების მარათონს

როგორც ისტორია გვიჩვენებს, ერთი წიგნი შეიძლება გახდეს ფუნდამენტური ცვლილებების კატალიზატორი, შეცვალოს ადამიანის მსოფლმხედველობა, უბიძგოს ახალი აღმოჩენებისკენ და მოანდომოს გაბედული ნაბიჯების გადადგმა. გონივრულად შერჩეული წიგნი ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია. აპრილის თვე კი შესანიშნავი მიზეზი, გაახარო მეგობარი, ოჯახის წევრი, ან თუნდაც ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილი ადამიანი წიგნის ჩუქებით.

მსოფლიო 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავს, საქართველოში კი წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდ ქსელს „ბიბლუსს“ სურს, მთელი თვე, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ აქციოს. წიგნის ჩუქების მსოფლიო ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

2024 წლის წიგნის ჩუქების კამპანია უკვე დაიწყო! ბიბლუსისა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ორგანიზებით TBC CONCEPT-ის საკონფერენციო დარბაზში წიგნის ჩუქების თვის გამხსნელი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, „ბიბლუსმა“ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი: მზექალა შანიძე, ბესიკ ხარანაული და ელზა ახვლედიანი დააჯილდოვა. კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსმა“ წიგნებით დაასაჩუქრა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

ბიბლუსმა ასევე, "აჩუქე წიგნის" კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებს, ავტობუსებში საჩუქრად წიგნები დაახვედრა.

„აჩუქე წიგნის“ კამპანია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. 23 აპრილს კი დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ამ საოცრად პოზიტიურ და კეთილ მარათონში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი თანამედროვე ავტორები აქტიურად ერთვებიან კამპანიაში. ჰეშთეგით #აჩუქეწიგნი ყველას შეუძლია დადოს პოსტი, გააჩუქოს წიგნი და გამოიწვიოს 3 ადამიანი.

„აჩუქე წიგნის“ კამპანია ნათელი მაგალითია იმისა, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია და წიგნი - ყველა დროში საუკეთესო საჩუქარია!

R