ავტორი:

"გააჩინა ეჭვები, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი" - შალვა პაპუაშვილი ელისაშვილზე

"გააჩინა ეჭვები, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი" - შალვა პაპუაშვილი ელისაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ქცევამ გააჩინა ეჭვები, რომ ის იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ამ ფორმით და ამ სახით.

  • როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რთულია იმის თქმა, თუ ვინ დგას ამ დაგეგმილი ქცევის უკან.

"ვფიქრობ შეფასებაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ შევეცადოთ ავხსნათ ეს საქციელი. გასაგებია, რომ ეს არის თავდასხმა და ძალადობა, მაგრამ აქ უფრო პრობლემურია თუ რატომ და ეს თავდასხმა ამ ფორმით რატომ მოხდა. შემდეგ ეს შეგულიანებები, რომელიც ვნახეთ, მათ შორის, მედიის საშუალებითაც, რომლებიც ახდენდნენ ამ ფაქტის წარმოდგენას პოზიტიურ ჭრილში. ამან, ვფიქრობ, გააჩინა ეჭვები და გააღრმავა ის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ამ ფორმით და ამ სახით.

  • ასეთი ძალადობრივი თავდასხმა მე არ მახსოვს. სხვადასხვა შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი ფორმით, რომელიც თავდამსხმელთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, რთულია ამას რაიმე შეფასება მოუძებნო. როდესაც ცდილობ ახსნა რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი, აქ ერთადერთი ახსნა იყო ის, რომ იყო გარკვეული დაკვეთა. გუშინდელი სურათი, ფაქტობრივად, იმის განმარტებაა, თუ რა ტაქტიკა აქვს რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციასა და ზოგიერთ "ენჯეო“ და მედიასაშუალებებს. გუშინ ვნახეთ შემდეგი რამ: დოგმატიზმი, შინაარსში არ შესვლა.

გვითხრა უცხოელმა და ამიტომ ასე უნდა გავაკეთოთ, ის კი არა ქართველ ხალხს რა უნდა, ჩვენთვის რა არის კარგი, ქართველ ხალხს რა უნდა. ევროკავშირიდან იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეშვა, უნდა გაგვეკეთებინა ეს? არ გავაკეთეთ და, საბოლოო ჯამში, ევროკავშირიც დარწმუნდა, რომ სააკაშვილი ჯადოსნური ხერხებით გამოჯანმრთელდა სხვადასხვა განუკურნებელი სენისგან. 30 წელზე მეტი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან და როგორ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ის ჯგუფები, რომლებიც წესით სიტყვით ქადაგებენ თავისუფლებას, სინამდვილეში, არიან დოგმებში ჩაკეტილი ჯგუფები, რომელთათვისაც ერთადერთი ავტორიტეტია რას გვეტყვიან უცხოეთიდან და არა ის რა სჭირდება ამ ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას. როგორ მოხდა, რომ აქამდე მივიდნენ ეს ჯგუფები?! რაც შეეხება ისევ გუშინდელ ფაქტს, კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი, აბსოლუტურად გაუგებარი ქცევა აჩენს ეჭვებს, რომ ამის უკან რაღაც დგას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, "მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.