ავტორი:

ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

ასტრონომებმა გალაქტიკაში ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - ის ძალიან ახლოს არის დედამიწასთან

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა მზის სისტემის სიახლოვეს მასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც გიგანტური ვარსკვლავი იყო.

უხილავი მეზობლის მასა (რომელსაც Gaia BH3 უწოდეს) დაახლოებით 33-ჯერ აღემატება მზის მასას. ამ მონაცემებით, ის ყველაზე დიდი ვარსკვლავი ყოფილა შესწავლილ ვარსკვლავურ კლასში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უკვე არაერთი ვარსკვლავური შავი ხვრელია აღმოჩენილი, მათგან ყველაზე მასიურიც კი - ახლა უკვე ყოფილი რეკორდსმენია, რადგან სულ ცოტა ერთნახევარჯერ მსუბუქია ახლახან აღმოჩენილზე.

მეცნიერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ისიც, რომ შავი ხვრელი კოსმოსური სტანდარტებით, დედამიწისგან მხოლოდ 2000 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც ძალიან ახლოს მდებარედ მიიჩნევა.

დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოს 1500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს Gaia BH1, რომელიც აღმოაჩინეს სამი წლის წინ Monoceros-ის თანავარსკვლავედში.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი მასიური შავი ხვრელი შეიძლება იყოს ჩვენს გვერდით“, - ამბობს პასკუალე პანუცო, პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი.

"ასეთი აღმოჩენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოხდეს ადამიანის სამეცნიერო კარიერაში!" - დასძენს ის.

აღმოჩენის დასადასტურებლად ყველა კონტინენტიდან 300-ზე მეტი მეცნიერისგან შექმნილი გუნდი ჩაერთო.

ხილული დიაპაზონის მიღმა მოქმედი სპექტროგრაფების დახმარებით, მეცნიერებმა დაადგინეს BH3-ის მასა.

მსგავსი ობიექტები ადრეც იყო ნაპოვნი, ოღონდ ჩვენი გალაქტიკის გარეთ, რამაც არ მისცა ასტრონომებს შესწავლის საშუალება.

მეცნიერებს ბევრი თეორია აქვთ მსგავსი მასიური შავი ხვრელების წარმოშობის შესახებ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი წარმოიქმნება მეტალით ღარიბი ვარსკვლავების დაშლის შედეგად, რომელთა ქიმიურ შემადგენლობაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები თითქმის არ არსებობს. წყარო

  • რა არის შავი ხვრელი?

ეს არის არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი, სავარაუდოდ, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ვარსკვლავი ქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას - სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი "შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

იმის გამო, რომ სინათლეც ვერ გაურბის, შავი ხვრელები უხილავია. თუმცა, მათი ძებნა შესაძლებელია სპეციალური ინსტრუმენტების მქონე კოსმოსური ტელესკოპების საშუალებით. მათ შეუძლიათ მსგავს ობიექტებთან ძალიან ახლოს მისულ მატერიასა და ვარსკვლავებზე დაკვირვება.