ავტორი:

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას?

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას?

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას.

ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს.

"თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს სთხოვს, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე "თუნდაც ფორმალურად განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არაა".

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო ცოტა ხნის წინ დატოვეს. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განთავსდა იმისთვის, რომ დეპუტატებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ადგილზე განთავსებული იყო წყლის ჭავლის მანქანაც. უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

წაიკითხეთ ასევე: