ავტორი:

"ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს" - რას აცხადებენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები?

"ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს" - რას აცხადებენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები?

მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონის უკან დაბრუნებას. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად გარეთ საპროტესტოდ გამოსული ხალხის ნაკადი არ წყდება. გთავაზობთ კულტურის სფეროს ცნობილი ადამიანების კომენტარებს:

თეა დარჩია, მოცეკვავე:

"უკან გაწვეული კანონის ხელმეორედ შემობრუნებით ვიგრძენი საშინელი გაწბილება, შეურაცხყოფა, ტყუილი, და განუკითხაობა. ამ მთავრობის პირობებში, ჩვენ არ გვაქვს უფლება მოდუნების, რადგან არავინ იცის, ერთხელ მოცემული პირობა, რამდენჯერ შეიძლება გატყდეს და რამდენჯერ შეიძლება მოგვატყუონ. 9 აპრილს, დაღუპული ხალხის სისხლი, უბრალოდ არაფრად ჩააგდონ და 35-წლიანი ბრძოლის მერე, იმ საოცარი ადამიანების სისხლი ჩალის ფასად გვიქციონ - ეს უპატიებელია! სათაურის გამოცვლით, აზრი არ იცვლება. ახლა გაჩუმება ნიშნავს: გზა გავუხსნათ ტყუილს, ტერორს, თავისუფალი სიტყვის დასჯას, ერთმანეთის მიმართ ზიზღს და დასმენას. მოკლედ, მოდერნისტულ, უფრო საშიშ, უიდეო, უაზრო სსრკ-ში დაბრუნებას".

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- ჩვენი მიზანი არ არის აქ დგომა. წლები გავატარე ამ ადგილას მე და ჩემმა მეგობრებმა. ახლა ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე უნდა ვემსახურებოდეთ ახალგაზრდებს, მოხუცებს, ქალებსა თუ ბავშვებს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, ჩვენი პარლამენტის შენობაში უნდათ დაიწყონ დიდი, რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანიცაა საქართველო ევროპულ მიზანს ჩამოაცილონ, ამას ვერ და არ დავუშვებთ. და ვიდგებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება!

ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკოსი:

- ეს კანონპროექტი სპობს ჩვენი ქვეყნის და ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს. რუსული კანონპროექტი მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობრებს, ვისთან ერთადაც ამ ქვეყანას ვაშენებდით.

ზურა გეწაძე, რეჟისორი:

- ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება, სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისაკენ. ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

ბადრი წერედიანი, რეჟისორი:

- ევროპას ალტერნატივა არა აქვს. ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენ ვართ უძველესი ევროპელები, ვიღაცებისაგან განსხვავებით. ლიეტუვაში, სადაც ახლა ვმუშაობ, და რომელიც ყველაზე მეტად გვეხმარება ყველა საშუალებითა და ძალით, რომ მოვხვდეთ ევროპის დიდ ოჯახში, ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს აშკარად შეინიშნება, რომ შეურაცხყოფილი და დაბნეული არიან - მათი შეხედულება ქართველებზე აქამდე სულ სხვაგვარი იყო, დღეს კი გაოგნებულები მეკითხებიან ჩემი აქაური მეგობრები, ნუთუ ეს მართლა ხდება შენს ქვეყანაშიო.

ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი:

- გამაგებინეთ, რატომ უნდა მივიღოთ ის კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააკარგვინებს?! კანონი, რომელიც ისევ უკან ჩაგვძირავს იმ ჭაობში, რომელიც თითქოსდა უკან მოვიტოვეთ. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ და ამ ქვეყანაში რუსული კანონებით ცხოვრება ვერ და არ გამოვა”.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი