ავტორი:

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი - ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ კანონი არის ევროპული და იცავს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი - ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ კანონი არის ევროპული და იცავს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე, ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს, ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი მოგეხსენებათ, ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება.

ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებსა აშშ-ში. ასევე, ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი და ასევე, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები.

შარშან იტყუებოდნენ და წელსაც, რომ, თითქოს, ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე, თითქოს, სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში, ჩვენ ამოვიღეთ 7 ორგანიზაციის მონაცემები, მათ შორის, ყველაზე მდიდარი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ, ამ ორგანიზაციების ფინანსების, მაქსიმუმ, 18% იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტი არის საჯარო.

  • ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა, როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული?! ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. თუ ხარ კეთილსინდისიერი, იღებ ფულს, ხარჯავ, რატომ არ გინდა ხალხისთვის ამის ჩვენება. უბრალოდ პასუხი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით.

გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მითუმეტეს, ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთისგან მტრებსა და მეგობრებს. ის თანაბრად ვრცელდება ყველაზე, მტერსა და მეგობარზეც, კეთილსინდისიერსა და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც. ის, რომ საქართველოს მთავრობა მაგალითად არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ, გამჭვირვალობა არის სწორედ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ის არის, პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები მინიმუმამდე შემცირებულიყო.

"შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს ჩვენ რეალურად მივაღწიეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ბუნებრივია, ჩვენ დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები არაერთი სხვა მიმართულებითაც, შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში. ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, ობიექტური მიზეზების გამო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, დაპირებების მიუხედავად, ამ დრომდე გამჭვირვალობა არ იქნა უზრუნველყოფილი.

"რაც შეეხება დასავლეთს - ამაზე იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ განვიხილავთ მტრად დასავლეთს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე.

ჩვენ ღიად ვსაუბრობდით თავიდანვე გარკვეულ მანკიერ გამოვლინებებზე, რაც გვაწუხებდა და ღიად ვუზიარებდით ამაზე შეხედულებებს ჩვენს პარტნიორებს. ამის საფუძველზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად, შეხვედრებზე, ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს, რომ მათი საქმიანობა გამხდარიყო გამჭვირვალე. იყო პირვანდელი დაპირებები, თუმცა სამწუხაროდ, ამ პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, მაინც არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა განცხადებები ცალმხრივად, არგუმენტების გარეშე აკეთონ.

"რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არც ერთი არგუმენტი არ იყო მოყვანილი, ვნახეთ შოლცის, სტოლტემბერგის განცხადება, დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს, არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი, გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? - ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველას ვთავაზობ ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები დისკუსიას საქართველოს პარლამენტში, სათქმელი არ ჰქონდათ არაფერი. რაც შეეხებათ უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: