ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პასუხი პესკოვს - "ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები"

სალომე ზურაბიშვილის პასუხი პესკოვს - "ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები"

ამ "რუსულ კანონს" ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში "ანტირუსული სენტიმენტები" გარე აქტორებისგან მოდის.

"არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე.

ძალიან გასაკვირია, რომ ამ რუსულ კანონს ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსეთის გავლენასთან დაკავშირება არ შეიძლება.

"არანაირად არ იყო საჭირო ამ კანონპროექტს რუსული დარქმეოდა. საქმე იმაშია, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც FARA მოიფიქრეს. სწორედ მათ შემოიტანეს ეს პრაქტიკა. ამიტომ ეს არანაირი რუსული [პრაქტიკა არ არის], ბევრი სახელმწიფოსთვის ნორმალური პრაქტიკაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა გარე ზემოქმედებისგან დაიცვან საკუთარი თავი - უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე”, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით იღებს ზომებს, მაგრამ ყველა კანონპროექტი ერთ მიზანს ემსახურება.

"ამ შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ - საეჭვოა, რომ ეს იმპულსები საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს. ისინი რასაკვირველია გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის. და ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება”, - განაცხადა პესკოვმა.