ავტორი:

აღმოჩენილია გიგანტური იქთიოზავრის ახალი სახეობა: ხვლიკი, რომელიც გლობალური კატაკლიზმის შედეგად გადაშენდა - რას ამბობენ მეცნიერები?

აღმოჩენილია გიგანტური იქთიოზავრის ახალი სახეობა: ხვლიკი, რომელიც გლობალური კატაკლიზმის შედეგად გადაშენდა - რას ამბობენ მეცნიერები?

მეცნიერებმა ყველაზე დიდი ხვლიკის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებში იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც ხმელეთზე დინოზავრები დადიოდნენ.

  • ძნელია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენად დიდი ზომის იყო ქვეწარმავალი, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი სიგრძე მინიმუმ ორი ავტობუსის სიგრძის გახლავთ.

ზღვის გიგანტი დაახლოებით 202 მილიონი წლის წინ მეზოზოური ეპოქის ტრიასისა და იურული პერიოდის ზღვარზე ცხოვრობდა.

2016 წელს, ინგლისში, სომერსეტის სანაპიროზე ნამარხებზე მონადირეებმა პირველად გიგანტის ერთი ყბა აღმოაჩინეს. ოთხი წლის შემდეგ კი მამა-შვილმა ზღვის სანაპიროზე სეირნობისას მეორეც იპოვეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყბები ეკუთვნოდა გიგანტურ იქთიოზავრებს, რომელთა სიგრძე შეიძლება 25 მეტრამდე ყოფილიყო, უფრო დიდი, ვიდრე შარშან დორსეტის სანაპირო კლდეებში ნაპოვნი პლეზიოზავრის.

"ყბის ძვლების ზომიდან გამომდინარე, რომლებიც, შესაბამისად, ერთ და ორ მეტრს აღემატებოდა, ქვეწარმავალი დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის იქნებოდა“, - ამბობს დოქტორი დინ ლომაქსი, ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი საკუთარ ნაშრომში.

"თუმცა, იმისათვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ გადაშენებული ზღვის გიგანტის ზომა, ჯერ კიდევ უნდა იპოვოთ სრული თავის ქალა და ჩონჩხი. გაქვავებული ძვლების აქამდე ნაპოვნი ფრაგმენტები მასზე იძლევა გარკვეულ წარმოდგენას".

იქთიოზავრს იურული პერიოდის მრავალი სხვა სახეობის ცხოველის ბედი ეწია, რომლებიც გლობალური კატაკლიზმის შედეგად გადაშენდნენ. მას შემდეგ, ზღვის ცხოველებს აღარ მიუღწევიათ ამხელა ზომებისთვის.

მეცნიერებმა პირველად უზარმაზარ ქვეწარმავალს 2016 წელს მიაგნეს. ნამარხებზე მონადირე პოლ დე ლა სალი იმ დღეს თავის მეუღლე კეროლთან ერთად იკვლევდა სომერსეტის პლაჟებს.

მას წარმოუდგენლად გაუმართლა, რადგან იპოვა ის, რაც გახდა მისი ცხოვრების მთავარი აღმოჩენა - მეცნიერებისთვის ცნობილი პირველი ყბის ძვალი, რომელიც ეკუთვნოდა გიგანტურ იქთიოზავრს.

მან აღმოჩენა დინ ლომაქსს აჩვენა, რის შემდეგაც იფიქრეს, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება შეეძლოთ, მაგრამ იმისთვის, რომ გადაშენებული ხვლიკის ზომაზე დარწმუნებით ესაუბრათ, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საკმარისი მონაცემები.

საბედნიეროდ, იღბალი მათ მხარეზე იყო, რადგან 2020 წელს მეორე ყბის ძვალი მამა-შვილმა ჯასტინ და რუბი რეინოლდებმა იპოვეს, პირველი ყბის პოვნის ადგილიდან, სულ რაღაც 10 კილომეტრში.

„დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და უბრალოდ გონს ვერ მოვედით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა უზარმაზარი იქთიოზავრის მეორე გიგანტური ყბა, რომელიც ეკუთვნოდა იმავე ინდივიდებს, რომელიც იქამდე აღმოაჩინეს”, - ამბობენ ისინი.

როდესაც პოლმა ახალი აღმოჩენის შესახებ შეიტყო, ის სანაპიროზე გაეშურა რეინოლდსის დასახმარებლად. ”მე ამოვთხარე და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩემი ნიჩაბს რაღაც ძლიერად მოხვდა, რომელიც მშვენივრად შენახული ძვალი აღმოჩნდა”, - თქვა მან.

ძებნა გაგრძელდა, რის შედეგადაც ნაპოვნი იქნა მეორე ყბის კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი, უკანასკნელი 2022 წელს.

ამ აღმოჩენების შემდეგ შესაძლებელი გახდა გადაშენებული ზღვის გიგანტის ზომის უფრო ზუსტად შეფასება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათ იპოვეს იქთიოზავრის ახალი სახეობა, რომელსაც დაარქვეს Ichthyotitan severnensis, რაც დაახლოებით სამეცნიერო ენაზე ნიშნავს "გიგანტური თევზის მსგავს ხვლიკს სევერნიდან". (სევერნი არის ყველაზე გრძელი მდინარე ბრიტანეთის კუნძულებზე, მიედინება სომერსეტისა და დევონის საგრაფოებში და ჩადის ბრისტოლის ყურეში).

მალე ყველა აღმოჩენილი ნამარხი გამოფენილი იქნება ბრისტოლის მუზეუმში.

პოლმა, რომელიც ყბას ავტოფარეხში სამი წლის განმავლობაში ინახავდა, თქვა, რომ ახლა მოწყენილიც არის და დამშვიდებულიც, რომ მალე აღარ იქნება პასუხისმგებელი მეცნიერებისთვის ასეთ მნიშვნელოვან აღმოჩენაზე.

დოქტორ ლომაქსის თქმით, ეს აღმოჩენა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამარხების მოყვარული კოლექციონერების არსებობა მეცნიერებისთვის.

”თქვენ არ გჭირდებათ იყოთ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი, რომ გააკეთოთ საოცარი აღმოჩენა, თუ თქვენ დაჯილდოებული ხართ მოთმინებითა და მახვილი თვალით, მაშინ თქვენმა აღმოჩენამ შეიძლება ახალი სიტყვა თქვას მეცნიერებაში.”