10 წიგნი ლუკა ბაქანიძის რჩევით, რომელიც შესანიშნავი საჩუქარი იქნება კითხვის მოყვარულთათვის

10 წიგნი ლუკა ბაქანიძის რჩევით, რომელიც შესანიშნავი საჩუქარი იქნება კითხვის მოყვარულთათვის

„ბიბლუსის“ კამპანია „აჩუქე წიგნი“ უკვე აქტიურ ფაზაშია. დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, კამპანიას უკვე ბევრი ადამიანი შეუერთდა.

აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, რაც არაჩვეულებრივი მიზეზია, გაახაროთ საყვარელი ადამიანები ყველაზე ძვირფასი საჩუქრით - წიგნით. წიგნის შერჩევა კი თავის მხრივ, საკმაოდ საპასუხისმგებლო ამოცანაა.

ქართველი მწერალი და პოეტი, ლუკა ბაქანიძე გვირჩევს 10 წიგნს, რომელიც შესანიშნავი და განსაკუთრებული საჩუქარი იქნება მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს და ლიტერატურის ყოვლისმომცველი სამყარო იზიდავს.

1. „სხვა სახელი მოუხდებოდა“ - ნინი ელიაშვილი

გამორჩეული ხელწერის ძალიან საინტერესო პოეტი. ყველას ვურჩევ ამ წიგნით მის პოეზიას გაეცნოს.

2. „კანიბალიადა“ - მიშა ბახსოლიანი

ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის ძალიან კარგი წიგნია.

3. „ბავშვები კორტესარის მთიდან“ - ცოტნე ავსაჯანიშვილი

ეს ახალგაზრდა ავტორის, ცოტნე ავსაჯანიშვილის სადებიუტო წიგნია, სადაც უკვე მოჩანს მომავალი ძლიერი ავტორი. სხვათა შორის, ცოტნეს მოთხრობების კრებული „ერთი ტანკიც სავკასათვის“ ამჟამად ლიტ-კონკურს „საბაზეა წარდგენილი და ძალიან ვგულშემატკივრობ.

4. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ - დელია ოუენსი

თანამედროვე ავტორის, დელია ოუენსის რომანი, რომელიც ახლახან წავიკითხე და ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

5. „სული რომ ამომდიოდა“ - უილიამ ფოლკნერი

უილიამ ფოლკნერის შედევრი, და მედეა ზაალიშვილის ბრწყინვალე თარგმანი.

6. „ბაჭია, გაიქეცი“ - ჯონ აპდაიკი

ჩემი საყვარელი ავტორის, ჯონ აპდაიკის ე.წ. „კურდღლის“ ოთხ სერიანი რომანის პირველი წიგნი. ასევე დანარჩენი სამიც „ბაჭია დაბრუნდა“ „ბაჭია გამდიდრდა“, „ბაჭია ისვენებს.“

7. „შეთხზული „მე“ - მალხაზ ხარბედია

ლიტერატურული წერილების კრებული მალხაზ ხარბედიას ავტორობით, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, როგორც მკითხველისთვის, ასევე, მწერლის პროფესიისთვის.

8. „დუინური ელეგიები“ - რაინერ მარია რილკე

რაინერ მარია რილკეს, ჩემთვის უპირველესი პოეტის ლექსების კრებული, ზვიად რატიანის დიდებული თარგმანი.

9. „ბაბუაწვერას ღვინო“ - რეი ბრედბერი

რეი ბრედბერი, ავტორი, რომელმაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ლიტერატურაში ჩემი საყვარელი ჟანრის, ფანტასტიკის პოპულარიზაციას და ზოგიერთი მისი ნაწარმოებით დაამტკიცა, რომ ამ ჟანრშიც შეიძლება დაიწეროს შედევრი, თუმცა „ბაბუაწვერას ღვინოში“ ნაკლებად გვხვდება საი-ფაის ელემენტები.

10. მოთხრობები - რიუნოსკე აკუტაგავა

ჩემთვის უძვირფასესი მწერალი, რომლის მოთხრობებიც, და განსაკუთრებით ზოგიერთი მათგანი, ახდენდა და ახლაც ახდენს ჩემზე დიდ გავლენას.

#აჩუქეწიგნი