ავტორი:

ქალების მარში თბილისსა და ბათუმში - "ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა..."

ქალების მარში თბილისსა და ბათუმში - "ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა..."

„ქალებთან ფრთხილად!“, „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ“ კანონს!“ „კვოტები დააბრუნეთ, ფარჩაკებო“ - ამ მოწოდებებით, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მარშის ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხი ითხოვს "არა რუსულ კანონს", არამედ, ევროპას, ხელისუფლება კი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდება, დასრულდება.

"კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად, ერთად გამოდიან ქუჩაში და ეძახიან ხელისუფლებას, რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს, მაგრამ ვერავინ ბედავს რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს. აქ არის ხალხი შეუიარაღებელი, მშვიდობიანი, ქალები და ბავშვები. ხალხი ამბობს "არა რუსულ კანონს!", ხელისუფლება კი არის შემალული და დადის დაცვით. ეს არის რეალობა აქ არის საქართველო და ითხოვს "არა რუსულ კანონს!", არამედ ევროპას. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება საკუთარი ხალხის ნებას, დასრულდება და ეს მოხდება არჩევნებზე აუცილებლად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ქალების მარში იმართება ბათუმშიც. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" კანონპროექტი, საქართველოს აშორებს ევროპას და აახლოებს რუსეთს.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად, ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

"ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობა გამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია! დღეს თუ ვხედავთ ძლიერ და რეალიზებულ ქალებს, ეს სწორედ იმ სერვისების და იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებიც ფინანსდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მიერ, უფრო და უფრო ძლიერდებოდა ქალი როგორც უფლებრივად, ასევე სოციალურად. ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. "კი ევროპას! არა რუსულ კანონს“,- განაცხადა აქციის მონაწილე თეონა დიასამიძემ.