ავტორი:

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში საქართველოზე?

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში საქართველოზე?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანის უფლებების თაობაზე ვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფასებს. ანგარიშში ლაპარაკია საქართველოზეც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში "ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას”.

"წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საფრთხეს შეუქმნიდა, საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები გაიმართა. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა და ცხრა სფეროში, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მოიცავს, შემდგომი პროგრესის რეკომენდაცია გასცა.

ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, ასევე, გამოძიებებთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, რომელიც ფართოდ აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის შესახებ, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შესახებ, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევის შესახებ; სერიოზული სამთავრობო კორუფციის შესახებ; და დანაშაულების შესახებ, რომლებიც ძალადობას ან ძალადობის მუქარას მოიცავს, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ ან ინტერსექს პირებისა და აქტივისტების მიმართ”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიების კუთხით ნაბიჯები გადადგა, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

  • ოკუპაციაზე

ამასთანავე, ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ.

"ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: უკანონო მკვლელობების შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის; ეთნიკური ქართველების მიერ საკუთრების, ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ; რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დანაშაულები ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

  • ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე

"იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა", - ვკითხულობთ ანგარიშში, რომლის თანახმად, 2023 წელს საქართველოში პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ იყო ცნობები.

"22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის "მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რომლის პატიმრობაც სახალხო დამცველის და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა. მაგალითად, ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელეარხის "მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, 2022 წლის მაისიდან პრეზიდენტის შეწყალებამდე 22 ივნისამდე ციხეში იმყოფებოდა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს.

Amnesty International-მა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მისი გასამართლება მედიის თავისუფლების მიმართ შეშფოთებას იწვევდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს არღვევდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ გვარამიას განაჩენი 2022 წლის ნოემბერში და 19 ივნისს ძალაში დატოვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

  • სასამართლო სისტემაზე

ანგარიშის თანახმად, "მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა.

"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, დაბალია ნდობა, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია.

სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვას განაგრძობდნენ. მათ პრობლემებზე მიუთითეს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შედგება, რომელთაც სავარაუდოდ, სასამართლო სისტემაში კრიტიკული ხმა დაახშეს და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების წინადადებებს ხელი შეუშალეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, კარგად დაკავშირებულ და არარეფორმატორ მოსამართლეთა ჯგუფს "კლანი“ უწოდეს. სხვა პრობლემებთან ერთად მათ ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენას ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმის განაწილების სისტემის მანიპულირებაზე, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობასა და იუსტიციის უზენაესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში ხარვეზებს.

ზოგიერთმა ყოფილმა და მოქმედმა მოსამართლემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ მაღალი რანგის მოსამართლეების მხრიდან ზეწოლა განიცადეს, რათა კონკრეტულ საქმეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მიეღოთ. 2013 წლიდან სასამართლო რეფორმისა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ოთხი ტალღის გაანალიზებისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო რეფორმები არაეფექტური იყო, ვინაიდან კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებების დიდი უმრავლესობა განუხორციელებელი დარჩა ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭებინა, რომ საქართველო განახორციელებს ცხრა რეფორმას, მათ შორის სასამართლოს ეფექტურ რეფორმას, განსაკუთრებული აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე კეთდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

  • მიხეილ სააკაშვილზე

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური პარტიის წევრები პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ.

"სახალხო დამცველმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწია. 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი გასინჯა და აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც მათ ბოლოს 2022 წლის აპრილში გამოიკვლიეს და მისი მდგომარეობა "მძიმედ“ შეაფასეს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ქვეყანაში არსებული მკურნალობის ყველა მეთოდის გავლის მიუხედავად, მისი მდგომარეობა "სწრაფად უარესდებოდა“. სახალხო დამცველის აპარატმა შეაფასა, რომ სააკაშვილის საქმემ შესაძლოა არაადამიანური მოპყრობისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დაარღვიოს.

2021 წლის ოქტომბერში, ქვეყანაში დაბრუნებამდე, სააკაშვილი დაუსწრებლად სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლეს, მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, 2018 წელს პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის ბრძანების გაცემის გამო. სააკაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოება დამატებითი ბრალდებების გამო გრძელდებოდა, რომლებიც იმ დანაშაულებს უკავშირდება, რომელიც მან სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა და 2021 წელს მის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. მან ყველა ბრალდება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, უარყო“, - ნათქვამია ანგარიშში.