ავტორი:

"გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა" - ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ქართველი მხატვრის შემოქმედების მეტამორფოზა მოჰყვა: რას ჰყვება გიორგი დუნდუა

"გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა" - ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ქართველი მხატვრის შემოქმედების მეტამორფოზა მოჰყვა: რას ჰყვება გიორგი დუნდუა

"მხატვრობა ჩემთან ადრეულ ასაკში მოვიდა. რაც ჩემი ცნობიერი ცხოვრება მახსოვს, ის ჩემთან ყოველთვის იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში დაიხვეწა, განვითარდა. თავისი ევოლუციური პროცესი გაიარა და ჩემთან ერთად გაიზარდა,“ - გვეუბნება მხატვარი და პოეტი გიორგი დუნდუა, რომელიც გამოფენისთვის ემზადება. თუ რა გზა განვლო აქამდე, რა გავლენა იქონია მასზე მოულოდნელად თავს დატეხილმა ტკივილმა და რა არის მისი მთავარი სურვილი, ამას Ambebi.ge-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი დუნდუა:

- ჩემი მხატვრობის ფორმირება სხვადასხვა ეტაპზე ხდებოდა. ამჟამად უფრო აბსტრაქტული ნამუშევრები მაქვს. მანამდე იყო გრაფიკა, აკვარელი, ანიმაცია, ფერწერა.

ფოტოს ავტორი: ზურაბ ცერცვაძე

ეს ჟანრები ყოველთვის ერთმანეთს ცვლიდა. საბოლოოდ კი აბსტრაქციამდე მივიდა, რისი საშუალებითაც ყველაზე კარგად შემიძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია. აბსტრაქტული ნამუშევარი არის ამოუწურავი, დიდი ფანტაზიის და ინტერპრეტაციის უნარს გაძლევს.

მხატვრობა ჩემი ყოველდღიური ყოფაა. ყოველ დღე ვმუშაობ, სახელოსნოში დავდივარ. ასევე წერაც ჩემი ყოველდღიური ყოფაა და ორივე ერთმანეთს ავსებს. მეხმარება პროცესში, რომ შეიქმნას ის, რაც ჩემი სიტყვის თუ ფიქრის გამოძახილი იქნება.

- 20 წელი გერმანიაში ცხოვრობდით. რა იყო თქვენი იქ გამგზავრების მიზეზი?

- რატომღაც ასე იყო, ბავშვობიდან გერმანია და გერმანული ენა იყო ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. რამდენჯერმე ვიყავი იქ, სადაც შემდეგ სწავლის გაგრძელება ხელოვნების მიმართულებით გადავწყვიტე. თან ისე მოხდა, რომ ჩემი გერმანელი მეუღლე ანთიე აქ, საქართველოში გავიცანი, ერთად ვმუშაობდით, რაღაც პერიოდი თბილისშიც ვიცხოვრეთ, შემდეგ კი გერმანიაში გადავედით სასწავლებლად.

10 წელი ჰამბურგში და ათი წელი ბერლინში ვცხოვრობდით.

- და 20 წლის შემდეგ საქართველოში უკან დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- ხელოვანის ცხოვრება ყველგან თავისუფალია. თავისუფლად ვგრძნობდი თავს, სულ განვითარების პროცესში ვიყავი. გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც მომცა დიდი ძალა - ვიყო ის, ვინც ვარ. რაც შეეხება დაბრუნებას, დგება რაღაც მომენტი, როცა წლების შემდეგ გინდა, შენ ქვეყანაშიც ხატო და შექმნა, გააკეთო, ბავშვებმა ქართულად ისაუბრონ, აქაც გარკვეული პერიოდი იცხოვრონ. ეს ერთგვარი გადატვირთვაცაა. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში საბოლოოდ დავბრუნდი. ორივე ქვეყანა ჩემი ცხოვრების ნაწილია, იქაც ჩავდივარ და პროექტებში ვმონაწილეობ. ბოლოს საქართველოს სახელით, ბერლინის სიმბოლო - დათვი მოვხატე. იქაურობასთან სულ მაქვს კონტაქტი - ბოლომდე დაბრუნებულად არ ვგრძნობ თავს. მოკლედ, ახლა მეუღლე და შვილები ყველანი აქ ვართ. სანდრო 18 წლის ხდება, ანნა - 10 წლის.

- შარშან ძალიან სამწუხარო რამ მოხდა - თქვენს სახელოსნოში ხანძარი გაჩნდა, რასაც თქვენი ნამუშევრების დიდი ნაწილი შეეწირა...

- ზუსტად ერთი წლის წინ, 15 მაისს, ხანძარი ერთი ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა. გამოფენამდე 5 დღით ადრე თითქმის ყველა ნამუშევარი, რომელსაც გამოფენისთვის ვამზადებდი და რაც სახელოსნოში მქონდა, განადგურდა. ეს იყო დიდი ტრაგედია, ძალიან რთულად გადასატანი ამბავი. მაგრამ რაღაცნაირად შევძელი და იმის შემდეგ ვაგრძელებ საინტერესო პროექტის განხორციელებას. შევუდექი ახალი ნამუშევრების შექმნას. თავად ის სივრცე პრობლემურია და არ ვიცი, როგორ და რანაირად განახლდება.

- ფოტოები არ გქონდათ ნამუშევრებისთვის გადაღებული?

- მქონდა, მაგრამ ყველასთვის არა. შემდეგ იმ ფოტოებით კატალოგი დავბეჭდე. ნამუშევრები, რომლებიც აღარ არსებობს, იმ კატალოგში შევიდა და პრინტის სახით მატერიალურ სამყაროს დაუბრუნდა. ეს ჩემთვის ემოციური კომპენსაციაა.

უმძიმესი დღეები გამოვიარე. თავიდან არც მეგონა, ხატვას თუ შევძლებდი. ისევ მუშაობამ, ნამუშევრებმა, რომელიც მერე შევქმენი და ასევე პოეზიამ გადამარჩინა.

- პოეზია სულ იქნებოდა თქვენში, მაგრამ ამ ტკივილიანი ემოციის შემდეგ ალბათ უფრო იმძლავრა, ხომ?

- კი, ჩემს ნამუშევრებს პოეტური სათაურები აქვთ და მერე უბრალოდ განვავრცე. ასე მოხდა, რომ ვიზუალური პოეზია ვერბალურ პოეზიაში გარდაისახა. ასე წამოვიდა სტრიქონები და ახლახან ჩემი პირველი პოეტური კრებულის პრეზენტაციაც შედგა. კრებულს "სამუდამო მგზავრის ნაბიჯების ხმა“ ჰქვია.

- ასე რატომ დაარქვით?

- ვფიქრობ, რომ ადამიანები ამ სამყაროში სამუდამოდ მოვლენილი მგზავრები ვართ. ამიტომ ჩვენი ფეხის ხმა და მისი ექო სამუდამოდ დარჩება სამყაროში - რაღაც ასეთი მეტაფორაა. სამუდამო მგზავრის ნაბიჯების ხმა მუდამ უნდა ისმოდეს. ჩემი ლექსები მოკლედ მოყოლილი გრძელი ამბებია - წარსულისა და აწმყოს ნაზავია, რაც აქ თუ სხვა ცხოვრებაში თავს გადამხდენია.

- შემოქმედებით უნარებს პოეზიასა და მხატვრობაში მე სამყაროსგან ბოძებულ სხივს ვუწოდებ, მაგრამ ყველას არ უმართლებს. რა ხდება მაშინ, როცა ამ უნარებით დაჯილდოებულია ადამიანი?

- ეს რთული გზაა, რადგან აქ არ არსებობს კომპრომისები, უკან დახევა. სულ წინსვლის გზაა... ერთდროულად ეს არის საჩუქარიც და სასჯელიც, რომ შეძლო თავის გამოხატვა ისე, როგორც შენ გინდა. მაქსიმალურად შეძლო ამ საზოგადოებისთვის და პირველ რიგში, შენი თავისთვის. რასაც ვქმნი, ჩემი თავისთვის ვქმნი.

- თქვენი მთავარი სურვილი რა არის?

- 10 მაისს ჩემი პერსონალური გამოფენა შედგება, რომელსაც ერქმევა - "ქაოსის სიმღერა“. ჩემი მთავარი სურვილია, საქართველო იყოს თავისუფალი და ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა და ამ მენტალურ ბრძოლაში და თავს დატეხილ სირთულეებში, მათთან გამკლავება და შემდეგ მათი გარდაქმნა ჰარმონიული ცხოვრების ყოფის აღმოჩენისკენ იყოს მიმართული.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ბავშვების სკოლაში მიყვანა, მერე ვარჯიში, შემდეგ სახელოსნო, ამავდროულად - წერაც და საღამოსაც იგივე, ასევე პროექტები და სხვადასხვა რამ. ეს ყველაფერი არ მთავრდება რომელიღაც საათზე. ჩემი ოჯახის წევრები ასე აღმიქვამენ, რომ ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, სიახლეზე ვმუშაობ - ეს მუდმივი პროცესია. ხდება მეგობრებთან შეხვედრაც, დროის მათთან გატარება, მაგრამ ყოველი დღის დამაგვირგვინებელი, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და საიდანაც არ უნდა მოვდიოდე, შინ მოსული, ვჯდები და ვწერ...