ავტორი:

რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს - სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს "სიკვდილი მიუსაჯა"

რუსეთში ე.წ. აგენტების კანონის საფუძველზე წიგნების განადგურება დაიწყეს - სასამართლომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში არსებულ 8 წიგნს "სიკვდილი მიუსაჯა"

რუსეთში წიგნების განადგურება დაიწყეს, მათ შორის მოხვდა ჩინელი ფილოსოფოსის ლაო ძის მონოგრაფია. გასულ კვირას, სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ მათი დაწვის გადაწყვეტილება გამოიტანა მას მერე, რაც არ დააკმაყოფილა სანქტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის (EUSP) სააპელაციო საჩივარი რვა წიგნის გადარჩენის მოთხოვნით. მათ შორის არის ლაო ძის მონოგრაფია და წიგნი სანქტ-პეტერბურგის მუზეუმებზე. წიგნები 1997-2004 წლებში იმ ორგანიზაციების მხარდაჭერით გამოიცა, რომლებიც წლების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ "არასასურველად“ აღიარა. სასამართლომ დაადგინა, რომ EUSP, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ამ ორგანიზაციების საქმიანობაში და ბრძანა წიგნების განადგურება.

EUSP-მა პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. უნივერსიტეტმა მოითხოვა ძერჟინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმება, რომელმაც 2023 წლის დეკემბერში დააჯარიმა უნივერსიტეტი სულ 70 ათასი რუბლით რუსეთში უცხოურ აგენტად გამოცხადებულ არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.

უნივერსიტეტმა გაასაჩივრა სასამართლოს ორი იდენტური გადაწყვეტილება ერთდროულად ორ იდენტურ საჩივარში, მაგრამ საქალაქო სასამართლომ ამ დრომდე არ დააკმაყოფილა ერთი მათგანი. მეორე მოსმენა 13 მაისს არის ჩანიშნული.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით EUSP ვალდებულია ბიბლიოთეკებში არსებული "არასასურველი ორგანიზაციების“ მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გაანადგუროს.

ლაპარაკია 1997-2004 წლებში რუსი გამომცემლების მიერ გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომებზე, რომლებიც უცხოელი სპონსორების - "ღია საზოგადოების ინსტიტუტისა" და კენანის ინსტიტუტის (ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრის განყოფილება) დახმარებით გამოიცა. პირველი ორგანიზაცია რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად ცნო 2015 წელს, მეორე კი - 2022 წელს.

პროკურატურის მხრიდან შემოწმებისა და უშიშროების ძალების მიერ წიგნების ამოღებისთანავე უნივერსიტეტმა მთლიანად ჩამოწერა ისინი ბიბლიოთეკის კოლექციიდან.

EUSP აღნიშნავს, რომ არც "ღია საზოგადოების ინსტიტუტი" და არც კენანის ინსტიტუტი არ არიან არც გამომცემლები და არც წიგნების ავტორები და მათი შინაარსი არანაირად არ არის დაკავშირებული "არასასურველად“ აღიარებული ორგანიზაციების საქმიანობასთან.

სასამართლომ დაადგინა, რომ წიგნების გამოცემას აფინანსებდნენ უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც ახლა რუსეთში არასასურველად არიან აღიარებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ორი წიგნის ფურცლებზე დატანილია სოროსის "ღია საზოგადოების" საავტორო ლოგო.

პუბლიკაციები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დიდი ხნით ადრე შეიტანეს, ვიდრე ინსტიტუტებს ქვეყანაში არასასურველად ცნობდნენ და ამის შემდეგ "ისინი ინახებოდა სპეციალურ დახურულ ფონდში“, - ამტკიცებს EUSP. გარდა ამისა, პროკურატურის შემოწმების შემდეგ, თავად უნივერსიტეტმა ჩამოწერა ეს წიგნები.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წიგნების სპეციალურ ფონდში შენახვა და მათზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ იყო დადასტურებული და ბიბლიოთეკის ოფიციალური წესების თანახმად, მკითხველს წვდომა აქვს ბიბლიოთეკის ყველა თაროზე.

დაცვის მხარის თქმით, პროკურატურის მიერ EUSP-დან ამოღებული წიგნები ასევე ინახება რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რუსეთის საჯარო ისტორიულ ბიბლიოთეკაში და ისინი შეტანილია სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გეგმებში.

მეტიც, სანამ ორგანიზაციებს არასასურველად ცნობდნენ, მათი მხარდაჭერით წიგნების გამოცემა ლეგიტიმური იყო.

რეალურად წიგნების შინაარსი არ უკავშირდება სოროსისა და კენანის ინსტიტუტების საქმიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალვა საერთოდ არ შეეხება მის შინაარსს.

უნივერსიტეტში ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი წიგნი, რომლის გამოც დაჯარიმდნენ, ან საერთოდ არ იყო გაცემული მკითხველზე (როგორც ჩანს, არ იყო მოთხოვნადი), ზოგი კი გამოიცა ბევრად ადრე, ვიდრე ე.წ. აგენტების კანონს მიიღებდნენ.

  • შენახვა და გავრცელება

მსგავსი შემთხვევა რუსეთში აქამდე არასოდეს მომხდარა. კანონი არასასურველი ორგანიზაციების მიერ გამოცემული წიგნების შენახვას უშვებდა, მაგრამ კრძალავდა გავრცელებას, - იხსენებს ადვოკატი.

"სხვა უნივერსიტეტები დიდი ხანია მალავენ მკითხველისთვის "ტოქსიკურ" პუბლიკაციებს. "ექსტრემისტების“ და "არასასურველი ორგანიზაციების“ წიგნების გატანება შინ დაუშვებელია - ისინი არქივშია გადატანილი, მაგრამ ადრე, მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი იყო მათთან მუშაობა სამკითხველო დარბაზში“, - განუცხადა BBC-ს მოსკოვის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა.

"ამჟამად სასამართლოსა და პროკურატურის პოზიციაა, რომ ბიბლიოთეკაში წიგნების შენახვა იგივეა, რაც მათი გავრცელება. შესაბამისად, ეს არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობაა“, - განმარტა ადვოკატმა.

ევროპული უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა სანქტ-პეტერბურგში 1994 წელს. ის თავდაპირველად ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებით ფინანსდებოდა. ამ ორგანიზაციების საქმიანობა ახლა რუსეთში არასასურველად არის აღიარებული.

ინსპექტორებმა 2023 წლის მაისში ასევე შეისწავლეს მასწავლებელთა პუბლიკაციები და სტუდენტების დისერტაციების თემები, მათ შორის პოლიტიკურ მეცნიერებებში, ისტორიასა და სოციოლოგიაში. ასევე დაესწრნენ ლექციებს. შემოწმება შეეხო რამდენიმე ათეულ მასწავლებელს და რამდენიმე ასეულ ბაკალავრიატსა და მაგისტრანტს. უნივერსიტეტი ვარაუდობს, რომ აუდიტს შეიძლება მოჰყვეს უნივერსიტეტის ან მისი ინდივიდუალური პროგრამების დახურვა. წყარო

  • უნდა აღინიშნოს, რომ წიგნების განადგურების გადაწყვეტილება რუსეთში სწორედ იმ კანონის საფუძველზე მიიღეს, რომელიც მსგავსის მიღებაც საქართველოში იგეგმება.

"ეს მასალა ან ინფორმაცია მომზადებულია/გავრცელებულია ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს“ - რუსეთში "უცხოური აგენტების“ რეესტრში შესული ნებისმიერი იურიდიული თუ კერძო პირი ვალდებულია, ნებისმიერ საჯარო აქტივობას (პუბლიკაცია, ვიდეომასალა თუ ლექცია) ასეთი მარკირება წაუმძღვაროს.

ყველაფერი დაიწყო 2012 წელს - რუსეთში მიიღეს კანონი "უცხოური აგენტების შესახებ“. ის ეხებოდა არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ.

2017 წელს კანონი "გაფართოვდა“ - "უცხოურ აგენტებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას.

2019 წელს კანონი კიდევ ერთხელ "გადაკეთდა“ - უცხოურ აგენტებად გამოაცხადეს ყველა ის ფიზიკური პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ "უცხოურ აგენტ - მედიასაშუალების“ საქმიანობაში ან ავრცელებდნენ მათ ინფორმაციას. ფაქტობრივად, ეს შეეხო ყველას, ვინც სოცქსელში პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მიმართულებით აქტიურობდა.

2020 წელს "უცხოურ აგენტებად“ გამოცხადდა ყველა ის მოქალაქე, რომელიც პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული და საზღვარგარეთიდან (არა მხოლოდ ფინანსურს) იღებს დახმარებას.

2022 წელი ყველაზე "ნაყოფიერი“ იყო -" უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადეს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არ იღებდნენ საზღვარგარეთიდან დახმარებას, მაგრამ "ამა თუ იმ ფორმით იყვნენ უცხოური გავლენის ქვეშ“. ასევე, შემოვიდა მცნება "უცხოურ აგენტთან“ აფილირებული პირი“ (მაგ. აგენტად გამოცხადებული კომპანიის თანამშრომელი).

გარდა ამისა, კანონს ახალი აკრძალვები დაემატა - "უცხოურ აგენტებს“ აეკრძალათ მუშაობა სახელმწიფო უწყებებში (ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩათვლით); ბავშვებისთვის საინფორმაციო პროდუქციის მომზადება; პოლიტიკურ პარტიებში გაწევრება; სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა; სახელმწიფო დაწესებულებებთან მიტინგებისა და შეკრებების გამართა და ა.შ.

2024 წელს რუსეთში აიკრძალა რეკლამის განთავსება "უცხოურ აგენტად“ გამოცხადებულ ყველა კომპანიისა თუ ფიზიკური პირის პლატფორმაზე (ძირითადად, შეეხოთ მედიებს და ბლოგერებს).

იხილეთ ასევე: