ავტორი:

5 წლის შემდეგ ისევ აქციაზე: გაიცანით დროშიანი ბავშვები, რომელთა ფოტოები წლებია ინტერნეტს იპყრობს - "მეამბოხე ბუნება ცნობილი პაპისგან დაჰყვათ"

5 წლის შემდეგ ისევ აქციაზე: გაიცანით დროშიანი ბავშვები, რომელთა ფოტოები წლებია ინტერნეტს იპყრობს - "მეამბოხე ბუნება ცნობილი პაპისგან დაჰყვათ"

"არ მეშინია! დიდი, დიდი 70 წლისას სამსახური დამატოვებინონ. მშრალ ხიდზე ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკას გავყიდი. პურის ფული მექნება. ჩემზე ნაკლებ ხალხს არ გაუყიდია. სამშობლო არ გაუყიდიათ... ამ ტექსტს ვაკაკუნებ იმ მაგიდასთან რომელთანაც ზვიადი და მერაბი ისხდნენ “ - ამის შესახებ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე იმ ორი მცირეწლოვანის ბებომ დაწერა, რომლებიც საქართველოს და ევროკავშირის დროშებით შემოხვეულები, საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელების პირისპირ იდგნენ. როგორც გაირკვა, ტყუპებს - ელენე და დემეტრე ჯაჯანიძეებს მეამბოხე ბუნება პაპისგან, მალხაზ კვანჭილაშვილისგან დაჰყვათ.

ვინც არ იცის შევახსენებთ, რომ მალხაზ კვანჭილაშვილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი გახლდათ და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის ადამიანი, რომელმაც რუსეთთან სოჭის ხელშეკრულების გადმოფორმება დეპუტატის მანდატის დატოვებით გააპროტესტა. ბავშვებისა და მათი სახელოვანი პაპის შესახებ ქალბატონი მარინა კვანჭილაშვილი გვიამბობს.

- ელენე და დემეტრე პირველად აქციაზე რომ მოხვდნენ, მხოლოდ 3 წლისები იყვნენ. ეს იყო 2019 წელს, გავრილოვი რომ ჩამოვიდა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. მთელი ოჯახი, სპონტანურად გავედით ქუჩაში და ბავშვების დამტოვებელი არავინ დაგვრჩა. სხვათა შორის, ძალიან აქტიური, ცნობისმოყვარე ბავშვები არიან, ხან აქციის მონაწილეებს მიადგებოდნენ და ეკითხებოდნენ რაღაცებს, ხან პოლიციას... ყველა ეფერებოდა, მათ შორის, პოლიციაც. შემთხვევით მოხვდნენ ფოტო ობიექტივში და შემდეგ ამ ფოტოებმა არაერთხელ მოიარეს სოციალური ქსელები. ახლაც იყვნენ აქციაზე, ჯერ ჩემთან მოვიდნენ და მერე ისევ მთელი ოჯახი ერთად გავედით. კარი რომ გავაღე დემეტრემ მაშინვე ლოზუნგით მომმართა - არა რუსულ კანონსო. სხვათა შორის, კიდევ ერთი შვილიშვილი მყავს, 15 წლის ანასტასია. ისიც აქტიურად აპროტესტებს რუსულ კანონს.

2019 წელი

- როგორია პედაგოგის თვალით დანახული დღევანდელ ახალგაზრდობა?

- საოცარი ახალგაზრდები არიან, ძალიან მომწონს. საჯარო სკოლაში ვასწავლი და კარგად ვიცნობ ახალ თაობას. ალბათ, ბევრს ნიშნავს დამოუკიდებელ ქვეყანაში რომ დაიბადნენ, სულ სხვანაირი ლაღები, კლიშეებისგან თავისუფლები, მებრძოლები არიან...

- საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანის კვალობაზე ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებთ, არ ფიქრობთ, რომ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგექმნათ?

- იმდენი დამსახურება კი მაქვს, რომ ასე ხელაღებით ვერ გამომიშვან სამსახურიდან. ჩემს უკან მოსწავლეები დგანან. არ ვათქმევინებ, მშიშარა და უდარდელი ქალიაო. ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ, მათ ჰკითხეთ. ყველაზე მთავარი კი არის, რომ მალხაზ კვანჭილაშვილის მეუღლე ვარ! კაცის, რომელმაც სიცოცხლე შესწირა საქართველოს. მე მინდა ჩემმა შთამომავლობამ, ჩემმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა ნათელ, ძლიერ, მდიდარ ქვეყნებში ისწავლონ და ასეთივე გახადონ საქართველო. უარი ამ საჭოჭმანო კანონს, ძირს რუსეთი თავის უვარგის, დაუნდობელ რუსებთან ერთად... დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ. ისიც ვიცი, რომ ყველა ჩემი მოსწავლე (ყოფილი მოსწავლე არ არსებობს), წაიკითხავს და იტყვის, მართალი ხარ. მასწავლებელი მარტო საგანს არ უნდა ასწავლიდეს...

2024 წელი, აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ

- თქვენი მეუღლის შესახებ რას გაიხსენებთ, რა პერიპეტიები უძღოდა წინ მის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას?

- მე და ჩემი მეუღლე მათემატიკის ინსტიტუტში ვმუშაობდით, სოციალურად აქტიური ადამიანი იყო, სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, სამცხე-ჯავახეთის სკოლების გაძლიერების საქმეში მონაწილეობდა, შესანიშნავ ლექსებს წერდა... მერე ეროვნულ მოძრაობაში ჩაება, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, პარტიული სიით იყარა კენჭი. სხვათა შორის, 9 აპრილის მონაწილე იყო, მოიწამლა და გული დაუავადდა. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, ვიფიქრეთ ამასაც დავძლევდით, სულ ექიმებში ვიყავით...

საბოლოოდ 64 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ჩემთვის მოუნელებელი დანაკარგია, უნიკალური ადამიანი იყო, უნიკალური ცოდნით და ხედვით. ახლა რომ ვკითხულობ მის ნაწერებს, მიჩნდება განცდა, რომ ის რაც ახლა ხდება, მან მაშინ უკვე იცოდა. რაც შეეხება სოჭის ხელშეკრულებას, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე გამანდო, რომ დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებდა. მე ვეწინააღმდეგებოდი, ვერ წარმოვიდგენდი, ამ ამბის უკან ასეთი ვერაგული ჩანაფიქრი იქნებოდა. ის ყველაფერს ხედავდა, გრძნობდა, კატეგორიულად მითხრა, მე არ მინდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ჩემს გამო შერცხვეთ, მე საქართველოს რუსეთში დაბრუნებას მხარს არ დავუჭერო. მაშინ კი გამიკვირდა, მაგრამ მერე ძალიან მალე შევედით „ესენგეში“.

2019 წელი

- ასეთი პროტესტის გამო პრობლემები თუ შეექმნა?

- როგორ უნდა შეექმნათ მისთვის პრობლემები, იცით, როგორი ადამიანი იყო? საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორობაზე ოცნებობდა, წიგნების კითხვა მისთვის ყველაზე დიდი კომფორტი იყო. მერე კი მაინც მოუწია რიგ თანამდებობებზე მუშაობამ - ხან ომბუდსმენის აპარატში იყო, ხან ანტიკორუფციულ საბჭოში... თუ სადმე რამ არასწორს დაინახავდა, თავადვე ტოვებდა თანამდებობას...

- წარმოიდგენდით თუ არა, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ქუჩაში გამოხვიდოდით?

- არა, ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. იცით რაშია საქმე? ახლა წარმოუდგენელი რამ ხდება, უკვე 12 წელია ერთი ძალა არის ხელისუფლებაში, საკმარისია უკვე. ამას გარდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ეს რუსული კანონი. ცნობისათვის, კანონი წავიკითხე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალაში არ შევიდეს. რუსული არაფერი არ მინდა, ხომ ვიცი, ხომ ვხედავ რა ხდება რუსეთში? ჩემთვის სრულიად მიუღებელია რუსული ცხოვრების წესი და რუსული პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს არ არის ორგანული ქართველებისთვის. პოლიტიკაში დილეტანტი ვარ, მაგრამ უცნაურად მეჩვენება, როდესაც ამბობენ, ევროპა გვინდა, მაგრამ ევროკავშირი არ გვინდაო. ევროპაში რაც მოწინავე და ცივილური ქვეყნებია, თითქმის ყველა ევროკავშირშია და ამათ რომელი ევროპა უნდათ?! ყველაფერი გითხარით, ახლა მკითხველმა განსაჯოს, ქუჩაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გავდივარ თუ ჩემი მოწაფეების მხარდასაჭერად.