ავტორი:

ვინ გახდება კადიროვის მემკვიდრე? - კრემლი ჩეჩნეთის ლიდერს უკვე მტრად აღიქვამს და მის შემცვლელზე ფიქრობს

ვინ გახდება კადიროვის მემკვიდრე? - კრემლი ჩეჩნეთის ლიდერს უკვე მტრად აღიქვამს და მის შემცვლელზე ფიქრობს

Novaya Gazeta Europe აწარმოებს ფართომასშტაბიან კვლევას ჩეჩნეთის პოლიტიკური ლიდერის, რამზან კადიროვის შემცვლელთან დაკავშირებით. ახალ სტატიაში საუბრობენ სავარაუდო მემკვიდრეებზე: კადიროვის ვაჟები, მისი ძმისშვილი და ჩეჩნეთის გავლენიანი კლანები. საუბარია ლიდერის დების და ქალიშვილების გავლენაზე რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. "როგორ უზრუნველვყოთ ძალაუფლების უსაფრთხო გადაბარება ჩეჩნეთში, მორიგი გამწვავებისა და პროვოცირების გარეშე?" - ეს ალბათ, ახლა რუსეთის მთავარი შიდაპოლიტიკური საკითხია.

"ჩვენი კვლევის ახალ სერიაში გეტყვით, თუ როგორ გახდა კადიროვი, კრემლის გაგებით, ჩეჩნეთის დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი. მოდით შევაფასოთ მემკვიდრეობის ყველაზე რეალური კანდიდატები. ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩეჩნეთის ლიდერის დების და ქალიშვილების გავლენას რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პოლიტიკაზე" - წერია მასალაში.

  • ვაჟები

გასული წლის მარტში კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმათი, კრემლში პირადად მიიღო ვლადიმერ პუტინმა. ეს მოულოდნელი და ძალიან ბუნდოვნად მოტივირებული შეხვედრა კადიროვის სავარაუდო ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე შედგა. სხვათა შორის, ახმატ კადიროვი პუტინთან არა თავად მამამ, არამედ ჩეჩნეთის მეთაურის კიდევ ერთმა მოკავშირემ, აბუბაკარ ედელგერიევმა წაიყვანა.

ახმატ კადიროვი პუტინს წარუდგინეს არა როგორც რესპუბლიკის, არამედ როგორც კადიროვის კლანის მომავალი მეთაური. ამ შეხვედრით ყველას დაანახეს, რომ კადიროვის ოჯახს აქვს ის, რაც არცერთ ჩეჩნურ კლანს არ გააჩნია: ძალიან ახლო ურთიერთობა პირადად პუტინთან.

თუმცა, კადიროვის უფროსი ვაჟის დაწინაურება ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. ამჟამად ყურადღება კადიროვის მესამე ვაჟმა, ადამმა დაიმსახურა. გასული წლის ბოლოსთვის 16 წლის ადამი იმდენად დაწინაურდა, რომ ზოგიერთმა იგი მამის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში ძალაუფლების სტრუქტურა მართლაც ჰგავს აღმოსავლურ დიქტატურას, ის მაინც არ არის დამოუკიდებელი. კადიროვს, რა თქმა უნდა, შეუძლია მემკვიდრის დასახელება, მაგრამ რესპუბლიკის მეთაურს რუსეთის პრეზიდენტი ნიშნავს.

  • ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი გასული წლის გაზაფხულიდან ადამ კადიროვს დაჟინებით ადანაშაულებს ნარკომანიასა და ჰომოსექსუალობაში. ეს სპეკულაცია ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ტუმსო აბდურახმანოვს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს ჩეჩნებს შორის. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივი აზრი უზარმაზარ როლს თამაშობს ყველა ჩეჩენის ცხოვრებაში და თუ მათ სჯერათ რაღაცის, მაგალითად, კადიროვის შვილის "სირცხვილის“, ამ რწმენის აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია.

ერთადერთი "ანტიდოტი“, რომელმაც შეიძლება ამ სიტუაციაში იმუშაოს, არის "რელიგიის დამცველის" როლის მორგება. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამისთვის გამოიყენეს ნიკიტა ჟურაველი, რომელმაც ყურანის დაწვა სცადა. ადამმა იგი გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა და სასტიკად სცემა. ეს ფაქტი ჩვეულებრივად გამოიყენებოდა ადამ კადიროვის, როგორც "ისლამის დამცველის“ რეპუტაციის შესაქმნელად.

  • სხვა პრეტენდენტები

ჩეჩნეთში ძალაუფლების მემკვიდრეობის განხილვისას უნდა აღინიშნოს რამზან კადიროვის ძმის, ზელიმხანის ვაჟი, 27 წლის ხამზათ კადიროვი. გასულ სექტემბერში, სანამ რამზან კადიროვი "მოსკოვში მივლინებაში იმყოფებოდა", მისი ძმისშვილი აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის პოლიტიკურ საქმეებში.

კადიროვის ინფანტილური ვაჟებისგან განსხვავებით, რომლებიც ბევრად უფრო დაინტერესებულნი არიან გართობით, ვიდრე ლიდერობით, კადიროვის ქალიშვილებს ლიდერის ხასიათი ნამდვილად აქვთ: ჩეჩნეთში არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ დაჭრა კადიროვის ქალიშვილმა ტაბარიკმა დეიდა ზულაი ფეხში მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ლიდერს უტაქტოდ დაელაპარაკა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტრადიციული პატრიარქალური სტრუქტურით, ქალი გუბერნატორის მიღება ნაკლებად სავარაუდოა.

მემკვიდრეების სიაში ყველაზე ხშირად ორ ადამიანს მოიხსენიებენ: ესენი არიან ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი და ჩეჩნეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი.

მაგომედ დაუდოვი მოქმედებს ექსკლუზიურად რესპუბლიკის ფარგლებში, მას რეჟიმის "ჯაჭვის ძაღლს“ უწოდებენ, მაგრამ ცნობილია არა მხოლოდ თავისი სისასტიკით, არამედ ეფექტურობით. სწორედ მას ნიშნავს კადიროვი ყველა საგანგებო სიტუაციის მოსაგვარებლად - კოვიდთან ბრძოლიდან დაწყებული, უკრაინის ომისთვის მოხალისეების უწყვეტი მიწოდების ორგანიზებამდე.

იმის გამო, რომ დაუდოვის მთელი საქმიანობა კონცენტრირებულია ჩეჩნეთში, მისი კავშირები "გარე სამყაროსთან" ძალიან შეზღუდულია. როგორც მოსკოვში მოქმედი პარტიის ჩეჩნეთის რეგიონული ფილიალის მდივანი, ის იცნობს და ურთიერთობს ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელობასთან, ხოლო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას კარგი კონტაქტები აქვს შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

ადამ დელიმხანოვი აკონტროლებს ჩეჩნურ დიასპორას რუსეთში, აქვს უზარმაზარი გავლენა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (ძირითადად, ყაზახეთში, ყირგიზეთში), მას კარგად იცნობენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, პირველ რიგში საამიროებში, თურქეთსა და იორდანიაში; მისი წარმომადგენლები ძალიან აქტიურები არიან ევროპასა და აშშ-ში. რესპუბლიკის შიგნით, დელიმხანოვის ოჯახი და მისი უახლოესი ნათესავები, გერემეევები, ალბათ მეორე ყველაზე ძლიერი ჩეჩნური კლანია.