ავტორი:

"კრიტიკოსების აზრით, კანონპროექტი რუსეთის კანონმდებლობას ჰგავს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება" - რას წერენ უცხოური გამოცემები თბილისში გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციაზე?

"კრიტიკოსების აზრით, კანონპროექტი რუსეთის კანონმდებლობას ჰგავს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება" - რას წერენ უცხოური გამოცემები თბილისში გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციაზე?

"ათასობით ქართველმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციისა და დასავლეთის ქვეყნების განცხადებით, რუსეთის მიერაა შთაგონებული", - ასე ეხმაურება Reuters-ი პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციას.

"ევროკავშირმა და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტმა შეიძლება შეაჩეროს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, რომელმაც საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, - წერს სააგენტო.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ France 24-ი და "ფრანს-პრესიც“ და წერენ, რომ საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

გამოცემები წერენ, რომ მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი განსახილველად თავიდან შემოიტანა, რომელიც, "კრიტიკოსების აზრით, რუსეთის კანონმდებლობას ჰგავს და რომელიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება".

"დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მაგრამ, ბრიუსელმა განაცხადა, რომ სანამ წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება, თბილისს მოუწევს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პრესის თავისუფლების გაუმჯობესება და ოლიგარქების ძალაუფლების შეზღუდვა. საქართველოს, რომელიც ოდესღაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის წამყვანი ლიდერი იყო, ბოლო წლებში დემოკრატიული უკანდახევის გამო აკრიტიკებენ“, - წერენ "ფრანს-პრესი“ და France 24-ი.

"თბილისში კვლავ გააპროტესტეს ე,წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი. მრავალათასიან დემონსტრაციაზე, რომელიც პარლამენტის შენობასთან გაიმართა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა", - წერს BBC.