ავტორი:

როგორ გავხდე მედიატორი?

როგორ გავხდე მედიატორი?

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და მისი წევრობა

დღეისათვის მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას მსოფლიოში, რომელიც მხარეებს, დაპირისპირების ნაცვლად, მოლაპარაკების, მაგიდასთან დაჯდომისა და ურთიერთშეთანხმების შესაძლებლობას აძლევს. მიუკერძოებელი, ნეიტრალური და პროფესიონალი მედიატორი მედიაციის პროცესის ცენტრალური ფიგურაა.

ვინ არის მედიატორი?

მედიატორი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი, რომელიც დავაში მონაწილე მხარეებს კეთილგონივრული მოლაპარაკების წარმოებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, მედიატორს ჰქონდეს გამორჩეული პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა სანდოობა, აქტიური მოსმენის უნარი, ეთიკურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ემპათიურობა, მიმღებლობა, და თავმდაბლობა, ამავდროულად, მოთმინება, ორგანიზებულობა და ლიდერული უნარ-ჩვევები.

მედიატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი - იურისტი, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი, პედაგოგი და სხვა, თუმცა მედიატორობისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის გავლაა საჭირო.

როგორ გავხდე მედიატორი? - მედიატორის სტატუსი

2020 წლის 27 ივნისს მედიატორთა ასოციაციამ დაამტკიცა მედიატორთა პროფესიული სტანდარტი და განსაზღვრა მედიაციის პროფესიაში შესვლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სერტიფიცირების პროგრამა, რომელთა მიხედვით, მედიაციის პროფესიაში შესვლა უკავშირდება სამი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლას:

  1. ასოციაციის მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროვაიდერის მიერ შეთავაზებული სულ მცირე 60-საათიან ტრენინგში წარმატებული მონაწილეობა;
  2. მედიატორის პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების სიმულაციურ სესიებში შემოწმება, ასოციაციის ორგანიზებითა და მისივე ექსპერტების ხელმძღვანელობით;
  3. მედიატორობის მსურველი პირის რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების განვითარება - რეალურ მედიაციებში მონაწილეობა ასოციაციის მიერ დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად, სანამ მედიატორობის მსურველი მოიპოვებს მედიაციის დამოუკიდებლად წარმართვის უფლებამოსილებას.

ზემოაღნიშნული სამი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულების შემდგომ მედიატორობის კანდიდატი ირიცხება ასოციაციის მედიატორთა ერთიან რეესტრში.

რატომ უნდა გავხდე მედიატორი?

მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად და მზარდ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას მსოფლიოში. მედიაცია შეიძლება მივიჩნიოთ დავების მოგვარების ყველაზე მარტივ და გონივრულ საშუალებადაც, ვინაიდან ის შესაძლებლობას უქმნის როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებსა და სხვადასხვა დაპირისპირებულ ჯგუფს, რომ მათ შორის აღმოცენებული კონფლიქტი დროულად და მშვიდობიანად მოაგვარონ, ასევე, შეინარჩუნონ ჯანსაღი სამომავლო ურთიერთობები.

მედიატორი ამ პროცესის ცენტრალური ფიგურაა. პროცესის წარმატება დიდწილად მასზე და მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული და მედიატორისგან პროფესიულ უნარ-ჩვევებთან და კვალიფიციურობასთან ერთად, მოითხოვს ძლიერ ინტერპერსონალურ უნარებსა და ლიდერულ თვისებებს. შეიძლება ითქვას, რომ მედიატორობა, ერთი მხრივ, პროფესიული გამოწვევაა, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობა წვლილი შეიტანო კონკრეტული ადამიანების დახმარებაში, მართლმსაჯულების სფეროს განვითარებასა და სოციალური მშვიდობის დამყარებაში.

“მედიატორობა პროფესიულად ძალიან საინტერესოა. შეუძლებელია, წინასწარ გათვალო როგორი იქნება ყოველი ახალი მედიაციის პროცესი, მუდმივად მზად უნდა იყო სიახლისთვის, იმპროვიზაციისთვის, განსხვავებული გამოცდილებისთვის. გარდა ამისა, მედიაციას როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე საზოგადოებისთვის მოაქვს სარგებელი. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს საოჯახო დავებისას, როცა არა მხოლოდ კონკრეტული პრობლემა გვარდება, არამედ ადამიანები თავიდან იცილებენ განხეთქილებას, და ინარჩუნებენ ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებს.” - ამბობს ნინო მაჩაიძე-დოლიძე, რომელიც 2019 წლიდან მედიატორია და ამჟამად მედიატორთა ასოციაციაში მედიატორთა სერტიფიცირების, განათლებისა და წევრობის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და მისი წევრობა

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2019 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციის ძირითადი მიზნებია:

დაარეგულიროს მედიატორთა საქმიანობა და გახადოს მედიაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი; განავითაროს მედიატორის პროფესია და განსაზღვროს მედიატორის კვალიფიკაციის საკითხები; განსაზღვროს მედიატორთა პროფესიული ეთიკის ერთიანი სტანდარტი და უზრუნველყოს მისი აღსრულება დისციპლინური სამართალწარმოების წესით; უზრუნველყოს კერძო და სასამართლო მედიაციის შეუფერხებელი ფუნქციონირება; მედიაცია გახადოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ხშირად გამოყენებადი მექანიზმი; გაზარდოს მედიაციის მიმართ ცნობადობა და აამაღლოს ნდობის ხარისხი; დაიცვას მედიატორთა უფლებები; დანერგოს და განავითაროს მედიაციის საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში.

მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნების მისაღწევად ასოციაციას მოკლევადიანთან ერთად აქვს გრძელვადიანი სტრატეგია და ეს სტრატეგია განათლებაზე გადის:

“ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ახალ თაობასთან, იურიდიულ ფაკულტეტებზე თითქმის ყველგან ისწავლება მედიაცია, მედიაციის სწავლებაზე ვესაუბრებით ბიზნეს და ეკონომიკის ფაკულტეტებსაც, ვცდილობთ, სწავლება დავნერგოთ სკოლებშიც. 10-12 წლის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ თაობას, მოქალაქეებს, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ არსებობს დავის გადაწყვეტის ასეთი მექანიზმი და ეს თაობა შექმნის უფრო მშვიდობიან და პასუხისმგებლიან საზოგადოებას.”

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთიან რეესტრში ამჟამად 220 წევრია. თუმცა ასოციაციას აქვს ამბიცია, სტრატეგია და გეგმა, გაიზარდოს, გაფართოვდეს და განავითაროს მედიაციის საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში.

თუ გაქვს დავა, იცოდე, რომ გაქვს დავის გადაწყვეტის მარტივი ალტერნატივაც. აირჩიე მედიაცია, დაასრულე დავა შეთანხმებით!

R