პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა პარლამენტის 23 წევრი.
კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით 2 დღის განმავლობაში, მუხლობრივად განიხილავდა. პროცესი როგორც გუშინ, ისე დღეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ცხარე კამათის და მასშტაბური აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთანავე, თამარ კორძაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობა დააანონსა, ამიტომ თუ რომელიმე მათგანს თუ რამე დაემართება მისი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება.
„ერთი საათით ადრე ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენ მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანის სადარაჯოზე. რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს დღეს პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ“, - განახადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიციირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
იხილეთ ასევე: