ავტორი:

"მშობლები შვილებთან მარცხდებიან... მამების ბრძოლა, აბსოლუტურად, განწირულია..." - თაობათა ბრძოლა: გრიგოლ ორბელიანისა და ილიას დაპირისპირებიდან დღემდე

"მშობლები შვილებთან მარცხდებიან... მამების ბრძოლა, აბსოლუტურად, განწირულია..." - თაობათა ბრძოლა: გრიგოლ ორბელიანისა და ილიას დაპირისპირებიდან დღემდე

თაობათა ცვლა უწყვეტი პროცესია, თაობათა ბრძოლა კი ყველა დროისთვის აქტუალური თემა. მომდევნო თაობა წინა თაობისგან განსხვავდება, ძველი თაობის უმრავლესობა სიახლეებს ძნელად ან ვერ ეგუება, შესაბამისად, მას უჩნდება პროტესტი ახლის მიმართ და იწყება ბრძოლა... შვილების თაობა მომავალზე ფიქრობს, მამების თაობა - წარსულ დროებას მისტირის, ძველებს მუდმივად პრეტენზია აქვთ ახალგაზრდებთან, მათ ცხოვრების წესს უწუნებენ და მუდმივად ახსენებენ, რომ მათი თაობა სულ სხვანაირი იყო, ასე არ იქცეოდა, ის უკეთესი იყო... ფაქტია, ამ იდეურ ბრძოლაში "მამები და შვილები“ პრინციპებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე ვერ თანხმდებიან და დაპირისპირებაც სახეზეა.

არადა, ეპოქები იცვლება, ახალ დროს ახალი მოაქვს, დროისთვის ფეხის აწყობა კი, რა თქმა უნდა, ახალი თაობისთვის უფრო იოლია, მას უფრო ადვილად შეუძლია მიიღოს და გამოსცადოს ის სიახლეები, რომელსაც ახალი დრო სთავაზობს - სწორედ ამაშია ახლის უნიკალურობაც. ახალგაზრდობა ყველა ცვლილების ავანგარდში იყო და რჩება - დღესაც, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და როგორც თვითონვე ამბობს, ბრძოლას აჩაღებს საქართველოს მორიგი გასაბჭოების წინააღმდეგ - გამალებით აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს, რომლის მიღებაც საქართველოს აშორებს ისტორიულ მიზანს - ევროკავშირს. ძველი თაობის ნაწილი აქაც "მოწოდების სიმაღლეზეა“ და თაობათა ბრძოლის ტრადიციას არ ღალატობს - თუმცა მათი ბრძოლა ამაო და კანონზომიერად განწირულია. აშკარაა, რომ ეს ბრძოლა თაობრივიცაა და, ერთგვარად, ცივილიზაციურიც იმიტომ, რომ საბჭოთა წარსულს ებრძვის გახსნილობა, დასავლური კულტურა, რომელიც მომძლავრდა ამ ახალგაზრდებში. ყოველდღიურად იკვეთება, რომ წინა თაობების მიუღწეველ დიად მიზნამდე ამ ფერადი თაობის შემჩერებელი არავინ და არაფერია.

  • ცოტა რამ წარსულიდან - "მამათა და შვილთა“ ომის ქრონიკები

თაობათა ურთიერთობის პრობლემა ყველაზე ცხადად XIX საუკუნის 60-70-იან წლებში გამოჩნდა, როცა ძველებსა და ახლებს შორის დაპირისპირების პროცესი ისტორიაში "მამათა და შვილთა ბრძოლის“ სახელით შევიდა. იმჟამად ერთმანეთს პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები და კონსერვატიული ცნობიერების მქონე უფროსები დაუპირისპირდნენ. თავდაპირველად, ეს ბრძოლა - პოლემიკა იდეურ-მსოფლმხედველობრივ, ლიტერატურულ და ენობრივ საკითხებს ეხებოდა. პოლემიკის საბაბი გახდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი "ორიოდე სიტყვა რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის“ თარგმნაზედა“. ამ წერილით ჭავჭავაძემ განსაზღვრა ქართული ლიტერატურისა და სალიტერატურო ენის შემდგომი განვითარების გზა. "მამებისა“ და "შვილების“ პოლემიკაში შემდეგი ეტაპები იყო ორთოგრაფიის გამარტივება და ე. წ. "ზედმეტი ასოების“ ამოღება ხმარებიდან; ხალხურ მეტყველებაში გავრცელებული ლექსიკისა და გრამატიკის ფორმების დანერგვა სალიტერატურო ენაში; საერთაშორისო ტერმინების გავრცელება, ბარბარიზმების უკუგდება და ა. შ. ამ ბრძოლის დევიზად იქცა "მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს ბრძოლა "შვილების“ დიდი გამარჯვებით დასრულდა და "მამებს“ კამათი აღარ გაუგრძელებიათ...

ე. წ. მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეურ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გრიგოლ ორბელიანი. პირველად იგი ამ ბრძოლაში მაშინ ჩაერთო, როცა ილია ჭავჭავაძის ეპიგრამის, გამოცანების პასუხი დაწერა. ეს უკანასკნელი დღეს "პასუხი შვილთას" პირველი ვარიანტის სახელითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება.

ორბელიანის პასუხის ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის ("შვილების“) შესახებ. მათ პოეტი-გენერალი უწოდებს "ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს“, რომელნიც "გაბოროტებით სწყევლიან მამებს“. ამათი ("მამების“) დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო "დრო მამაცობისა“:

"კოღო-ბუზებო, ლიბერალებო,/ ჭკუით გლახებო, პატრიოტებო,/ გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო./ კატის კნუტებო, სიდგანა კნავით?“

"მოვიდენ… და რა?/სულ ჩაგვამწარა…/ვაი, ჩვენს იმედს…/ვაი თქვენს მოსვლას!..“

"ჰე, განუსჯელნო,/ უმადლო შვილნო,/ საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო“ და სხვ.

"ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი", - წერდა ორბელიანი ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც თავის მხრივ არ ინდობდა მამების თაობას შვილების თაობის სახელით:

"ჩვენ მოკუნტულნი,/ თქვენ გაბღენძილნი,/ ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია….“

"სამასხარო მოედანზე

გამოსულხარ, დგახარ განზე,

სქდები კანზე, მღერ საგანზე -

შენგან უცნობ ანა-ბანზე.

რომ არ არის ეგ შენი გზა?!

ვაი, ჩვენო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

გაგფრენია შენი მუზა!" - ამ სიტყვებით კი 70 წელს მიტანებულ, დარბაისელ, ყველასგან პატივცემულ პოეტსა და რუსეთის იმპერიის გენერალს, გრიგოლ ორბელიანს მიმართა ახალგაზრდა აკაკი წერეთელმა. ლექსს "ხარაბუზა ღენერალს“ ერქვა.

"მამებსა“ და "შვილებს“ შორის უთანხმოებამ ახალი ძალით იფეთქა 1871 წელს, როცა საქართველოში იმპერატორ ალექსანდრე II-ის ჩამოსვლის წინ თავადაზნაურობის ყრილობაზე საკამათოდ იქცა საკითხი, რა ეთხოვათ იმპერატორისათვის: სამხედრო სასწავლებლის (კადეტთა კორპუსის) გახსნა, თუ უნივერსიტეტის დაარსება თბილისში. "შვილების“ აქტიური მხარდაჭერით გაიმარჯვა უნივერსიტეტის დაარსების იდეამ, მაგრამ იმდროინდელი გავლენიანი პირებისაგან შემდგარმა კომისიამ შეცვალა იმპერატორისათვის მისართმევი პროექტი და, უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, კადეტთა კორპუსის გახსნა ითხოვა. ამან აღაშფოთა "თერგდალეულთა“ თაობა, განსაკუთრებით მათი ლიდერი – ილია ჭავჭავაძე. ამით იყო გამოწვეული მისი მწვავე პამფლეტები "გამოცანებისა“ და "კიდევ გამოცანების“ სახელწოდებით, რომლებშიც გაკრიტიკებული იყვნენ მაღალჩინოსანი ქართველი მოხელეები (მათ შორის - გრიგოლ ორბელიანიც). ილიას "გამოცანების“ საპასუხოდ გ. ორბელიანმა დაწერა ლექსი "პასუხი შვილთა“, რასაც მოჰყვა ილიას "პასუხის პასუხი“, აკაკის "კოღობუზების პასუხი“, "პატრიოტის აღსარება“ და სხვ.

  • მამების და შვილების იდეურ დაპირისპირებას ილიასთვის სულაც არ შეუშლია ხელი გრიგოლ ორბელიანის ღვაწლის დაფასებაში - 1883 წელს, როდესაც რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე გარდაიცვალა, ილია მის დაკრძალვაზე მივიდა, პატივი მიაგო სასიქადულო პოეტს და შესანიშნავი სიტყვით გააცილა.

გთავაზობთ ამონარიდს მისი გამოსვლიდან:

"აჰა, ჩვენ წინაშე მდებარეა საუკუნოდ განსვენებული კაცი, რომლის მიცვალებამ გლოვის ზარით გაიხმაურა მთელს საქართველოში და ყოველის ჭეშმარიტის ქართველის გული შესძრა მართლადა ჭეშმარიტის მწუხარებითა. მისმა წარჩინებულმა სახელმა შეჰკრიბა აქ ყოველი წარმომადგენელი ჩვენის ქვეყნისა.

იგი იყო თვითმპყრობელი ჩვენის ქართულის ენისა, იგი იყო "მეუფე“ ჩვენის სიტყვიერების ძალ-ღონისა და სიმდიდრისა. იგი იყო მწერალი და მთქმელი, მაღლის ნიჭით ცხებული, იგი იყო მოძღვარი ჩვენი და ჩვენ - სასოებით მისი მსმენელი.

იგი იყო კაცი, რომელმაც ქვეყანას უანდერძა:

მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას!

იგი იყო კაცი, რომელიც -

დაჰნატრდა დროთა, როს აქვნდათ ტრფობამამულისადმი გულს აღბეჭდილად.

იგი იყო კაცი, რომელმაც ღაღადებით წარმოსთქვა:

იცოდეთო, რომ არიან ღარიბნიც, არის სადმე სიმწარითა ცხოვრება.

იგი იყო კაცი, რომელსაც სწყუროდა:

რომ ჩვენ განვახლდეთ, სულით ავმაღლდეთ - და განქრეს ბნელი უმეცრებისა...

ჩვენს მშვენიერს ქვეყნით თავმოწონებულმა აღტაცებით წარმოსთქვა: "სხვა საქართველო სად არისო“! და, ეჰა, ეხლა თითონ საქართველო დაჰყურებს შენს საფლავს და სასოწარკვეთილებით, გლოვით იძახის: "ს ხ ვ ა გ რ ი გ ო ლ ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი ს ა დ ა რ ი ს ო“...

მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულისშვილო, ჩვენო სახელოვანო ქართველო, ჩვენო დიდებულო მწერალო!“

  • "დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, სწორედ ისინი ეფარებიან ილიას სახელს“

მამათა და შვილთა მუდმივ "ომებზე“ ambebi.ge -ს ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე ესაუბრება:

ბექა კობახიძე

- თაობათა ბრძოლა მუდმივი პროცესია იმიტომ, რომ ისტორია არის მოდერნიზაციის, გათანამედროვების პროცესი. როდესაც ადამიანი არის 20 წლის, ისწავლა რაღაც, თავისი ცხოვრების წესი დაიმკვიდრა, მერე წლებში იცვლება ყველაფერი და როდესაც 50 წლის და უფრო მეტის ხდება, ის სტანდარტები, რაც მის ახალგაზრდობაში იყო, არის შეცვლილი. ცხოვრება სიახლეებს ითხოვს და ადამიანს სიახლეებისადმი აქვს პროტესტის განცდა (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ შეეხება). პროტესტის გარდა, ადამიანს ამავდროულად აქვს შიშიც, რომ ის რაღაცას ჩამორჩა, მას არასაჭიროდ მიიჩნევენ და არის გაუგებრობა, ერთგვარი ხიდჩატეხილობა. ეს ყველას არ ეხება, ისტორიაში გვყოლია ისეთი ადამიანებიც, მაგ. ნიკო ნიკოლაძე, რომელიც, ასე ვთქვათ, არასდროს დაბერებულა. ასაკობრივად როგორ არ დაბერებულა, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ მისი გონება სულ ახალგაზრდა იყო, მას ყველა ასაკში შეეძლო ყველაზე თანამედროვე იდეებისთვის აეღო ალღო და ცხოვრებისთვის აეწყო ფეხი.

მამათა და შვილთა ბრძოლა არის ოდითგანვე, გუშინაც ხდებოდა, დღესაც ხდება, უბრალოდ, ხანდახან პოლიტიკური თარგმანი აქვს ხოლმე და ამის პირველი მანიფესტაცია იყო გრიგოლ ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის და არა მხოლოდ ამ ორი ინდივიდის, არამედ მათი დასების ბრძოლა - ორივეს მხარეს თავისი თაობის ხალხი იდგა და იყო ცხარე კამათი. ილიამ ისეთი რაღაცეები მოითხოვა და ისეთი ცვლილებები გაატარა ქართული საზოგადოების ისტორიაში, შედარებაც არ შეიძლება იმ მოთხოვნებთან, რასაც ახალგაზრდები დღეს აყენებენ. მაგ. ილია ითხოვდა, რომ 38 ასოიანი ანბანიდან 5 ასო ამოღებულიყო, ანუ ის 15 საუკუნოვან ანბანს შეეხო, რაშიც გაიმარჯვა. ვინმე ლანძღავს ილიას ამის გამო? ბოლო დღეებში საუბარი იყო იმაზე, ილიას სიტყვების შეცვლა არ შეიძლებაო... არ არსებობს დოგმა, რომლის შეცვლაც არ შეიძლება, ილიამ თვითონ შეცვალა 15 საუკუნოვანი ანბანი, თავისი ცხოვრებით და მემკვიდრეობით დაგვიტოვა ეს და რას ჰქვია, სიტყვების შეცვლა არ შეიძლება?! გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი მოთხოვნა საღვთისმეტყველო ენა იყო - ილია ითხოვდა, რომ ის დაახლოვებოდა თანამედროვე ქართულს და ადამიანისთვის გასაგები ყოფილიყო. ასევე, ის ითხოვდა გლეხების მიწებიანად გათავისუფლებას.

დღეს ჩვეულებრივი ამბავი გვგონია, რომ გლეხს მიწა უნდა ჰქონდეს, მაშინ ეს უტოპიურად ჟღერდა - მე-19 საუკუნეა, ფეოდალიზმის პერიოდი და ილია ელაპარაკებოდა თავადაზნაურობას და მათ ოჯახებს, რომლებიც ამ გლეხებს 1000 წელი და მეტი ფლობდნენ. მაშინ თუ რამე ტრადიცია იყო, ეს იყო ტრადიცია და ილია მის მორღვევას ითხოვდა.

მოკლედ, ცვლილებები მტკივნეული პროცესების გარეშე არ ხდება, მაგრამ მერე ამას ისტორიის ჰორიზონტიდან რომ გადახედავ, მადლობელი ხარ იმ ახალგაზრდების, ეს ცვლილებები რომ მოიტანეს. დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, სწორედ ისინი ეფარებიან ილიას სახელს. იყო ერთი მომენტი, როდესაც ილიამ მამებთან წააგო, რაც ალბათ საბედისწეროდ დააჩნდა საქართველოს ისტორიას, ვგულისხმობ გრიგოლ ორბელიანთან და მის დასთან ბრძოლაში მარცხს.

ეს იყო უნივერსიტეტის გახსნის საკითხი - საქართველოში იმპერატორი ალექსანდრე II ჩამოდიოდა, მან შემოთვალა, რომ ძღვენად მთხოვეთ რომელი გინდათ, თუ გინდათ კადეტთა სამხედრო სასწავლებელს გაგიხსნით, თუ გინდათ - უნივერსიტეტსო. ამაზე დაიწყო ბრძოლა, ძველი თავადაზნაურობა მხარს უჭერდა კადეტთა სამხედრო სასწავლებელს, ხოლო ახალი თაობა - უნივერსიტეტს. ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური და სამხედრო კარიერის გზა თავადაზნაურობისთვის - ისინი აქ ისწავლიდნენ, მერე წავიდოდნენ სამხედრო აკადემიაში, გახდებოდნენ მაღალიჩინის ოფიცრები, პოლკოვნიკები, გენერლები, მერე რუსეთში ვიღაც დიდ თავადაზნაურზე დაქორწინდებოდა, იცხოვრებდა მშვენივრად, ტკბილად... ილიას კი უნდოდა უნივერისტეტი, რომელიც ინკლუზიური და ყველაფრისმომცველი იქნებოდა, ანუ ყველა ისწავლიდა, არა მხოლოდ მაღალი ჩინის ხალხი. ჩვენ რომ 1870-იანი წლებიდან გვქონოდა უნივერსიტეტი, როგორც საზოგადოება, ბევრად წინ ვიქნებოდით, ჩვენი ელიტები გაძლიერდებოდნენ. ამას ხედავდა ილია, ამას ლამობდა, მაგრამ 1872 წელს ახალგაზრდებმა ეს ბრძოლა წააგეს, რაც დღესაც სანანებელი გვაქვს.

რა ეპითეტებით არ ამკობდა მაშინ ორბელიანი ილიას: "კოღო-ბუზებო, ლიბერალებო“..

ლიბერალიზმი ნიშნავს ცვლილებას, მოდერნიზაციას, კონსერვატიზმი კი ძველის შენარჩუნებას. ადამიანისთვის ცვლილება ძნელია, არა და, მის გარეშე გაუმჯობესება არ მოდის. გარდა ამ ეპიზოდისა, ვიცით, 1921 წელს ვინ დადგა ქვეყნის დასაცავად. მართალია, საქართველომ ის ომი წააგო, მაგრამ ისევ ახალგაზრდობა იყო ამის ავანგარდში. გავიხსენოთ თუნდაც 1956 წლის 9 მარტი, 1978 წლის 14 აპრილი ხომ საერთოდ - ახალგაზრდობა რომ არ ყოფილიყო, გავიდოდა კონსტიტუციის ის პროექტი, რომლითაც საქართველოში სახელმწიფო ენა რუსული ხდებოდა. გადავხედოთ 9 აპრილის კადრებს, რომ ვთქვათ, იქ არ დგანან 100 ათასები, ძნელი შესაფასებელია, რამდენი ადამიანი დგას, სადღაც 20 ათასი (მეტ-ნაკლებად), მაგრამ როგორც დღეს, აბსოლუტური, უმრავლესობა, 90% არის ახალგაზრდა, იქაც ასე იყო. ერთ შედარებას მოვიყვან: 1989 წელს ბალტიის რესპუბლიკებში გაიმართა დიდი საპროტესტო დემონსტრაცია ("ბალტიის გზა“), სადაც მოსახლეობა მოლოტოვ-რიბენტროპის 100 წლისთავს აპროტესტებდა. 23 აგვისტოს ვილნიუსიდან ტალინამდე მილიონნახევარი ადამიანი გამოვიდა და შეკრა ერთიანი ჯაჭვი (ამ ჯაჭვს დაერქვა "ბალტიის გზა"). არსებობს ვიდეოკადრები, რომელშიც ვხედავთ, რომ მომიტინგეების დიდი ნაწილი 70 წელს გადაცილებული ადამიანია, ანუ ისინი, ვინც დამოუკიდებელ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში დაიბადა და ახსოვს პირველი დამოუკიდებლობა. ისინი ახალგაზრდებთან ერთად გამოვიდნენ და ერთად იყო მთელი საზოგადოება. ჩვენთან, როცა იმავე წელს 9 აპრილი იყო, არ არსებობდა თაობა, რომელსაც 1918-1921 წლები ახსოვდა, იქ, ფაქტობრივად, სსრკ-ში გაზრდილი ადამიანები იყვნენ და ეს პროტესტი ერთგვარად ახალგაზრდების ექსკლუზივად დარჩა.

1921 წელი, ქართველი იუნკრები

წარმატება მოდის მაშინ, როცა ახალგაზრდები და უფროსები ერთიანდებიან და დღეს ამას ვხედავთ. 1991 წლიდან ბევრი პროტესტის მნახველი ვარ, ყველა მახსოვს, მაგრამ დღევანდელი არის ძალიან განსხვავებული - ეს არის ფერადი თაობა, სულ სხვა სახეებით, სულ სხვა მენტალიტეტით, სხვა ინტერესებით. აქ რუსული არავინ იცის, წარმოდგენა არ აქვთ რუსულ სამყაროზე. ისინი არც კონფორმისტები არიან, შიში და დაღლა არ ჩანს მათ თვალებში, არც გონებაში და აბსოლუტურად, არსად. თუ რამე გაძლევს იმედს, რომ ამ ქვეყანას აქვს ხვალინდელი დღე, სწორედ რომ მათი ყურებაა. მინდა თქვენს მკითხველს მივმართო, მინდა, ყველამ დავინახოთ ეს, გავაანალიზოთ რა ხდება და გვერდში დავუდგეთ პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი ხვალინდელი დღისთვის იბრძვიან.

1978 წლის აპრილი

ცხოვრება მიდის ასეთნაირად და ჩვენ სულაც რომ გავქრეთ ამ ქვეყანაზე, ცხოვრება აგრძელებს განვითარებას, შემოდის საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპები, სადაც ახალგაზრდა უფრო უნარიანია თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს ფეხი აუწყოს, ხანშიშესულებს კი უჭირთ ახალგაზრდებთან საერთო ენის გამონახვა, მათი გაგება და ჩნდება კონფლიქტები. კონფლიქტი, უშუალოდ, ოჯახებშიც ჩნდება - მშობლებს შვილების არ ესმით, ხშირად შეახსენებენ ხოლმე, რომ ჩვენ ასე არ ვცხოვრობდით, ჩვენ სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირები ვიყავით... ჩვენ თუ სხვანაირად ვცხოვრობდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენმა შვილებმაც იმავენაირად უნდა იცხოვრონ. ჩვენ სხვანაირად ვცხოვრობდით, ვიდრე ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ და ჩვენი შვილებიც ჩვენზე განსხვავებულად იცხოვრებენ.

1991 წლის აპრილი

მშობლები შვილებთან მარცხდებიან, ვინაიდან თანამედროვე ცხოვრებას შვილები უფრო მიესადაგებიან, როგორც წესი, ვიდრე - მშობლები. ეს ბრძოლა აბსოლუტურად განწირულია, თუ რაღაცა უბედური საბჭოთა ტიპის წმენდები არ ჩატარდა ამ ქვეყანაში და ახალგაზრდებს ქვეყნიდან გასვლა არ აიძულეს, როგორც ეს რუსეთში და ბელარუსში მოხდა, რისი საშიშროებაც არსებობს და ამას ვიცავთ ჩვენ. ეს ქვეყანა ფეხზე უნდა დააყენოს და ააშენოს სწორედ ამ თვალებანთებულმა ახალგაზრდობამ.

2024 წლის აპრილი

საერთოდ არ ვარ წინა ხელისუფლების მეხოტბე, 2003 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა და ბევრი დანაშაულიც იყო, მაგრამ "ვარდების რევოლუცია“ მაინც იყო საქართველოს მომავლის გამარჯვება საბჭოთა ნომენკლატურაზე. ახლა ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალს, ეს არის რევანში, ანუ წარსულის დაბრუნება - შეხედეთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიას, კადრობრივ დონეზეც რომ შევხედოთ, ვინ ბრუნდება, ვინ მართავს? ეს არის წარსულის რევანში და, ფაქტობრივად, მათ ამ რევანშის ბოლომდე მიყვანა უნდათ და ახალგაზრდობა იბრძვის ამის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა თაობრივიცაა და, ერთგვარად, ცივილიზაციურიც იმიტომ, რომ საბჭოთა წარსულს ებრძვის გახსნილობა, დასავლური კულტურა, რომელიც მომძლავრდა უკვე ამ ახალგაზრდებში.