ავტორი:

"ბერას ბრაზილიაში გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?

"ბერას ბრაზილიაში  გადასვლის მიზანი "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბიძინა ივანიშვილის შვილებზე?

ბოლო ერთი თვეა, რაც საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დუღს. პარლამენტში მეორედ დაბრუნებულმა კანონმა, ამჯერად შეცვლილი სახელით "კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც შარშან, წელსაც ქუჩაში გამოიყვანა.

კანონის მოწინააღმდეგეების აქციების პარალელურად 29 აპრილს აქცია გამართა მმართველმა პარტიამაც და საზოგადოების ნაწილი, რომელიც საკუთარ მხარდამჭერად მიაჩნია, ქუჩაში გაიყვანა. ორშაბათს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში პროსამთავრობო დემონსტრაციას ათიათასობით ადამიანი დაესწრო, მმართველმა პარტიამ მიტინგის მონაწილეები საქართველოს რეგიონებიდან ასობით ავტობუსით ჩამოიყვანა.

მილიარდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი კანონპროექტის მხარდასაჭერად სამთავრობო აქციაში მონაწილეობდა. ეს პირველი საჯარო გამოსვლა იყო, როდესაც ივანიშვილის უმცროსი შვილი საზოგადოებაში გამოჩნდა.

მასზე, როგორც ივანიშვილის სხვა შვილებზე, ბერასგან განსხვავებით, ბევრი არაფერია ცნობილი. "ინსტაგრამის" პროფილიდან ირკვევა, რომ დაინტერესებულია ხატვით, მოგზაურობს ხშირად და გატაცებულია თავისუფალი საბრძოლო ხელოვნებით.

ივანიშვილის შვილებიდან მედია ყველაზე ხშირად ბერაზე წერს. ერთი თვის წინ, ბრიტანულმა ტაბლოიდმა dailymail-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია რეპერ ივანიშვილზე, რომელმაც პანდემიის დაწყებიდან მალევე საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში საცხოვრებლად იმ მიზნით გადავიდა, რომ თუ მამის ქონებას დასავლური სანქციები დაემუქრება, ქონების ბრაზილიაში გადატანისთვის შესაბამისი პირობები შექმნას".

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილი ბრაზილიაში გამორჩეული ცხოვრების წესით ცხოვრობს, ურთიერთობაშია ადგილობრივ ცნობილ ადამიანებთან, ესწრება საფეხბურთო მატჩებს მოდელ ცოლთან ერთად, მილიონ დოლარს რიცხავს ტროპიკული ტყის გადასარჩენად, თუმცა, უსაფრთხოების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ბრაზილიაში ყოფნის რეალური მიზანი, "მამისთვის გაქცევის გზის მომზადებაა", იმ შემთხვევისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება საქართველოდან გაიქცეს.

სტატიაში ვკითხულობთ:

"რეპერი იმდენად ცნობილია თავის ქვეყანაში, რომ მას უბრალოდ, ბერას სახელით იცნობენ. მამამისი ყოფილი პრემიერია, რომელმაც დააარსა და დღემდე აკონტროლებს პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნებას“, რომლის სახელიც, თავის დროზე, ბერამ შეარჩია.

მილიარდერი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევს თავისი აქტივებისთვის. და მან დიდი შემოწირულება გაიღო ბრაზილიის ტყის აღდგენის ფონდში ცნობილი ხანძრის შემდეგ. ბერა ასევე ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, სადაც მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის ზენდაიასთან. ბერას ჰყავს უმცროსი ძმა ცოტნე. ორივე ბოდიბილდერია და ხშირად ერთად პოზირებენ სოციალურ ქსელებში.

ძმები სახლში სწავლობდნენ და ბავშვობას საქართველოში ატარებდნენ. მოგზაურობდნენ ვერტმფრენით, მამის დაცვის გარემოცვაში და იშვიათად ხვდებოდნენ სხვა ბავშვებს.

ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი ცხოვრების წესი შორს არის მისი წარსულისგან. ის კვებავს ზებრებს პირად ზოოპარკში, სადაც ასევე ცხოვრობენ: რვა ჯიშის ფარშევანგი, ვარდისფერი ფლამინგოები და სხვა ეგზოტიკური ფრინველები".

მისი სახლის ცენტრალური ნაწილი ზვიგენის აკვარიუმს უკავია და როგორც ამბობენ, სტუმრებს ასე ესალმება:

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში“.

მისი კაბინეტის კედლებზე კიდია მონეს, პიკასოს, ლუსიან ფროიდის და სხვათა ნამუშევრები. ძარცვის შიშით მან ბევრ სტუმარს უთხრა, რომ ყველა ნამუშევარი ყალბია, ორიგინალები კი ლონდონში ინახება. თუმცა მისი ყველაზე დიდი ექსტრავაგანტურობა გამოიხატება ეგზოტიკური ხეების შორეული ადგილებიდან ჩატანასა და ბაღის გაშენებაში. "მე ნამდვილად მიყვარს დიდი ხეები", - თქვა ერთხელ მან, - "გიგანტური ხეები ჩემი გასართობია", - წერს გამოცემა.

  • უტა და გვანცა

ივანიშვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს უტა და გვანცა ივანიშვილები. ისინი უფროსები არიან და "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში აქციებზე პერიოდულად ჩნდებოდნენ.

AMBEBI.GE ორი წლის წინ, წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უტა ცოტა ხანს ჩინეთში, კერძოდ კი ჰონგ-კონგში ცხოვრობდა და სწავლობდა. ის სწავლობდა ასევე ლიონის უნივერსიტეტში. ძირითადად საფრანგეთში ცხოვრობს, მაგრამ ცნობილია, რომ ბევრს მოგზაურობს.

უტაზე პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ თითქოს მამა მას პრემიერობისთვის ამზადებს. ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ წერდნენ, როდესაც პრემიერობიდან გიორგი გახარია თავისი სურვილით წავიდა, თუმცა მაშინ ივანიშვილმა პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა.

რაც შეეხება გვანცას, ის ივანიშვილის ერთადერთი ქალიშვილია. წყარო გვიყვება, რომ წლების წინ, რაც გვანცამ საქართველო დატოვა და შტატებში გადავიდა, მას შემდეგ აღარ ჩამოსულა. გოგონას ახალი ფოტო, თუნდაც ბოლო წლებში გადაღებული, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. როგორც ჩანს, გვანცა თავს არიდებს საჯარო ცხოვრებას.