ავტორი:

"ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს... გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები" - თემურ კუპატაძე

"ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს... გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები" - თემურ კუპატაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.

აღნიშნულის შესახებ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად- თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული", - განაცხადა კუპატაძემ.

იხილეთ ასევე: