ავტორი:

გია ვოლსკის თქმით, გამორიცხულია სატელეფონო ლანძღვა-გინების უკან "ქართული ოცნება" იდგეს

გია ვოლსკის თქმით, გამორიცხულია სატელეფონო ლანძღვა-გინების უკან "ქართული ოცნება" იდგეს

ვინც აგრესიას მიმართავს, ის უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისათვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ადამიანები, ვინც საზოგადოების წინაშე მორალურ დანაშაულს ჩადიან, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი.

"როდესაც პროტესტს გამოხატავენ, ეს პროტესტი უკვე გადადის ისეთ დაპირისპირებაში, როდესაც შეგიძლია მანდილოსანს შეაგინო, ან ხელით შეეხო, ან უფრო მეტიც, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს რადიკალიზაციამდე და რომელიც ორიენტირებულია როგორმე მსხვერპლის დაშვებაზე შეჯახების დროს, რასაკვირველია, იმ ადამიანების სახელები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ თუკი სისხლის სამართლის დანაშაულში გადავა ეს, რასაკვირველია, შესაბამისი პასუხიც უნდა მოეთხოვოს.

Mona.ge-ს ქმნის ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის სულ სხვა რამ. ეს არის ბულინგისთვის გამოყენებული გარკვეული გვერდი, რომელმაც არ გაამართლა, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რეალური სურათი. ასე რომ, ადამიანები, ვინც ჩადიან მორალურ დანაშაულს საზოგადოების წინაშე, უნდა იყოს ყველასათვის ცნობილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე ე.წ. "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განხორციელებულ ზარებზე ისაუბრა, რა დროსაც მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და განაცხადა, რომ გამორიცხულია, ამის უკან "ქართული ოცნება" იდგეს.

“რასაკვირველია, არ შეიძლება "ქართული ოცნება" იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია. თვითონ თემა არის შემოტანილი იმისთვის რომ, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავე გახდეს. ეს არის პროვოკაცია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

იხილეთ ასევე: