დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად

დაამარცხე ოკუპანტები ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად

ჩვენი ინტერნეტმომხმარებელი არ არის განებივრებული ქართული ფლეშთამაშებითა და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამით. სწორედ ხსენებული დანაკლისის ამოვსებას ცდილობს პროგრამისტთა და დიზაინერთა პატარა ჯგუფი, რომელიც "მედიაპალიტრაში" ამ მიმართულებით მუშაობს.

ქართულ მოტივებზე გაკეთებული თამაშების ნახვა, ჩამოტვირთვა და ონლაინთამაში შეგიძლიათ საიტზე www.game.ambebi.ge.

როგორც ფლეშის სპეციალისტი ლევან ტაბატაძე ამბობს, ქართულ მოტივებზე ფლეშთამაშების გაკეთების იდეა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნების სერიის - "დიდი ქართველების" ნახვის შემდეგ გაუჩნდა.

ლევან ტაბატაძე:

- ყოველთვის მინდოდა, განსაკუთრებული თამაში გამეკეთებინა. ზოგადად, ფლეშში ძნელია რაიმე ახლის შექმნა. ორგანზომილებიანი თამაშები წლობით იქმნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დიდი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად გაგვიჭირდება. ამიტომ აქცენტი სხვა რამეზე უნდა გაგვეკეთებინა.

- რამ გადაგაწყვეტინათ ქართველი ისტორიული პიროვნებების ჩართვა თქვენს თამაშებში?

- როცა "პალიტრა L"-ის გამოცემული სერიის - "დიდი ქართველების" წიგნების გარეკანზე ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ვახტანგ გორგასლის 3D გამოსახულებები დავინახე, მივხვდი, რა მიმართულებითაც უნდა წავსულიყავით.

ჩვენი თამაშები არა მარტო გასართობია, არამედ შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. მაგალითად, თუ თამაშები "ვახტანგ გორგასალი" და ვაჟა-ფშაველას "არწივის" მოტივზე შექმნილი პროგრამა მოთამაშისგან სიზუსტესა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს, "ნიკო ფიროსმანი", ვიზუალური მეხსიერების გავარჯიშების გარდა, ქართველი მხატვრის ტილოების იდენტიფიცირებაშიც გვიწყობს ხელს.

- რამდენად რთულია თქვენი თამაშები?

- ზემოხსენებული თამაშები ორგანზომილებიანი და ერთმოქმედებიანია. მოთამაშეს შეუძლია, ნებისმიერი მათგანი ონლაინრეჟიმშიც ითამაშოს; სურვილის შემთხვევაში კი თავის კომპიუტერში ჩამოტვირთოს და ინტერნეტის გარეშეც გაერთოს.

- ახალ თამაშზე რას იტყვი? გარდა იმისა, რომ თებერვლის მოვლენებს მიუძღვენით, რით არის განსაკუთრებული?

- ახალი თამაში - "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", რომლის პრეზენტაციაც გასაგები მიზეზების გამო სპეციალურად თებერვლისთვის დავგეგმეთ, წინამორბედებისგან საკმაოდ განსხვავდება. თამაში დაფუძნებულია 1921 წლის ისტორიულ მოვლენებზე. სიუჟეტად აღებულია ბრძოლები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, ხოლო თამაშის მთავარი გმირია ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწე ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს დრამატული პერიოდია ჩვენს ისტორიაში, დრომ მაინც გმირულ-რომანტიკულ ეპოპეად შემოგვინახა.

თამაში რამდენიმეეტაპიანია და ყოველი ეტაპი განსხვავებულია. თამაშის მთავარი გმირიც და მოქმედი პერსონაჟებიც XX საუკუნის დასაწყისისთვის შესაფერის გარემოში მოქმედებს. თამაშის სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებული მელოდია და მუსიკალური ფონი ადევს, რაც ერთიორად ახალისებს და უფრო საინტერესოს ხდის.

- ალბათ ამ თამაშზე არ გაჩერდებით...

- როგორც მოგახსენეთ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მომხმარებლის გართობა არ არის. შეიძლება, ვინმეს ეს თამაშები ზედმეტად მარტივად მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ... და რაც უფრო მეტ ბავშვსა და მოზარდს დავაინტერესებთ საქართველოს ისტორიით, მით უკეთესი იქნება. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ტიპის პროგრამების შექმნას. კიდევ არაერთ, ძალიან საინტერესო იდეაზე ვმუშაობთ და ჩვენს მომხმარებელს უახლოეს მომავალში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს