ხე-ტყის ჭრისა და უცხოეთში გატანის ტემპები სწრაფად იზრდება

ხე-ტყის ჭრისა და უცხოეთში გატანის ტემპები სწრაფად იზრდება

ხე-ტყის ექსპორტი თვალდათვალ იზრდება. საქართველოდან, ძირითადად, ნახევრად დამუშავებული ხე გადის, რომელიც საბოლოო პროდუქტის სახით ისევ საქართველოში ბრუნდება. სპეციალისტების განცხადებით, ვინაიდან ხე-ტყის ბიზნესში, ჩინოვნიკები ან მათი ნათესავები საქმიანობენ (მერაბიშვილი, გეგენავა, სვიმონიშვილი, ფიფია, უგულავა), ტყის ჭრა აბსოლუტურად უკონტროლოა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შარშან ექსპორტზე 9 მილიონი დოლარის დახერხილი ან დაპობილი ხე-ტყის მასალა გავიდა (შარშანწინდელზე 1,5 მილიონი დოლარით მეტი). ასევე გაიზარდა მერქან-ბურბუშელის ფილების ექსპორტი - 2,8 მილიონი დოლარით, თითქმის მილიონი დოლარით გაიზარდა მერქანბოჭკოვანი ფილების ექსპორტი. ხის სამშენებლო მასალის ექსპორტმა 1,7 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 1,3 მილიონი დოლარით მეტია შარშანწინდელთან შედარებით.

მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე ვარაუდობს, რომ არჩევნებამდე ხის მასალის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. "ამასწინათ პრემიერ ნიკა გილაურს წამოსცდა, რომ ტყის 80% გასხვისებულია. აქედან გამომდინარე, ექსპორტის გაზრდა მოულოდნელი არ არის. არჩევნებამდე, იმისთვის, რომ მოასწრონ, ტყეს თავქუდმოგლეჯილი გაიტანენ საზღვარგარეთ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში მათ საქართველოს ტყეების განადგურება არ შერჩებათ.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტყიბულში იმერული წაბლისა და მუხის ჭრასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართულია კუბლაშვილი. მასალა, ძირითადად, თურქეთში გააქვთ, შემდეგ პარკეტისა და სხვა პროდუქტის სახით ისევ საქართველოში შემოდის", - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

მისი ინფორმაციით, ტყეები უმეტესად შედარებით დაბალ ადგილებში იჭრება, ქალაქებისა და სოფლების პირას, ვინაიდან მაღალ ფერდობებზე ხის ჭრა უფრო მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული. "ამ პროცესს მოსდევს ღვარცოფები, წყალდიდობები. მოსახლეობა არის საფრთხის წინაშე, მაგრამ ამათ ეს ყველაფერი არ აინტერესებს. ფულის გულისთვის საკუთარი ოჯახის წევრსაც კი გაწირავენ", - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ხე ტყეზე კონტროლი არათუ გამკაცრდა, არამედ ეს პროცესი უფრო გამარტივდა. კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტრო ადგილებში, სადაც ჰესების აშენებას გეგმავს, ტყის სპეციალური ჭრის ნებართვებს გასცემს. ამ შემთხვევაში, კომპანიას არანაირი წესების დაცვა არ სჭირდება.

"2011 წელს ხე-ტყის ჭრაზე კონტროლი აღარ არსებობდა. გარემოს დაცვის სამინისტრო ორად გაიხლიჩა. გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტრო ტყის სპეცჭრაზე გასცემს ნებართვებს იმ ადგილებში, სადაც ელექტროსადგურები უნდა აშენდეს", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ტყის გრძელვადიანი ლიცენზიით გაცემაზე პირველი აუქციონი 2007 წლის პირველ მაისს გაიმართა. ლიცენზია ბელგიურმა, ჩინურმა და ქართულმა კომპანიებმა მოიპოვეს, თუმცა ბელგიურმა კომპანიამ ლიცენზიის ფასი ვერ გადაიხადა და ამიტომ მასთან ხელშეკრულება გაუქმდა. ჩინურ "ჯორჯია ვუდ ენდ ინდასტრიალ დეველოპმენტმა" სამეგრელო-ზემო სვანეთში დაახლოებით 38 000 ჰექტარზე, 20-წლიანი ლიცენზია შეიძინა. სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სალიცენზიო პირობები დაირღვა, მოგვიანებით, ჩინურმა კომპანიამ საქართველოს მასშტაბით 77 000 ჰექტარზე მეტი ხე-ტყის ჭრის უფლება მოიპოვა.

ხე-ტყით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად მასშტაბური აუქციონები იგეგმებოდა 2009 წელსაც, თუმცა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ აუქციონები დარღვევებით ტარდებოდა, შესაბამისად, ლიცენზიების გაცემის პროცესი დროებით შეჩერდა. 2010 წლიდან კი ტყეები აუქციონზე, ისე დარღვევით, ანუ ინვენტარიზაციის ჩატარების გარეშე გაიტანა.

ერთ-ერთი, პირველი გრძელვადიანი ლიცენზია დეპუტატ როლანდ ფიფიას ძმას, ბიზნესმენ რომან ფიფიას გადაეცა, რომლის კომპანია "ჯორჯიან ფორესტი" სამასალე ხე-ტყის ჭრის ლიცენზიას მარტვილის უბანზე ფლობს.

სტუდია "მონიტორის" ინფორმაციით, ადიგენის რაიონში ტყის ბიზნესს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძა - ლევან თუმანიშვილი აკონტროლებს, რომელიც კომპანია "ტაოს" დამფუძნებელია. კომპანიას სამცხე-ჯავახეთში 2 571 ჰექტარზე 5 067 კუბამეტრი ხის ჭრის უფლება აქვს.

იმერეთის რეგიონში წაბლის ხეებს კომპანია "ვუდიმპექსი" ჭრის. "ვუდიმპექსი" დეპუტატის არჩილ გეგენავას ძმის, ანდრო გეგენავას "მეგაფუდისა" და სასტუმრო "აჭარის" მფლობელის თეიმურაზ უგულავას საკუთრებაა. ამ ადამიანებმა, ტყიბულში წაბლის განადგურება წაბლის ტყეების გაჯანსაღების მოტივით დაიწყეს.

ტყის ბიზნესშია ჩართული სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი, რომლის კომპანიამაც "გურია ჯფ"-მ ჩოხატაურში ტყის ლიცენზია 2 144 200 ლარად შეიძინა და 20 წლის განმავლობაში 11 022 კუბური მეტრი ხე-ტყის ჭრის უფლება მოიპოვა.

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 2.81 მილიონი ჰექტარი ტყით არის დაფარული. დაახლოებით 35% (0.98 მილიონი ჰექტარი) ხელმისაწვდომია მერქნის დასამზადებლად. დანარჩენი მოქცეულია დაცულ ტერიტორიებში, ასრულებს დამცავ ფუნქციებს, ან ძალიან ციცაბო ფერდობებზე მდებარეობს და, შესაბამისად, მერქნის დამზადება შეუძლებელია. წელიწადში, დაახლოებით, 60-80 ათასი კბ/მ ხე იჭრება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება The Guardian ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს - გავლენიანი გამოცემა ქართველ ჩოგბურთელზე წერს

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება