რატომ ჩაანაცვლა ნათია ბუნტურმა "ვერის უბნის მელოდიებში" თიკა ფაცაცია

რატომ ჩაანაცვლა ნათია ბუნტურმა "ვერის უბნის მელოდიებში" თიკა ფაცაცია

"ვერის უბნის მელოდიებს" თუ ნახავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ბალერინას გრძელი ქერა თმით, რომელიც ვანიკო თარხნიშვილს უწევს პარტნიორობას, მისი "ტურფაა". ვანიკომ ახალ მიუზიკლში რამაზ ჩხიკვაძის მიერ შესრულებული როლი მოირგო, მისი პარტნიორი თიკა ფაცაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომღერალმა და ტელეწამყვანმა ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. თიკას შევეხმიანეთ ამ ამბის გასაგებად, თუმცა გვითხრა, ამის შესახებ არაფერი სმენია. ასეა თუ ისე, ეს როლი ნათია ბუნტურმა მიიღო და დღეს მას ახლოს გაგაცნობთ. მოცეკვავე წლების განმავლობაში ამერიკაში სწავლობდა და მუშაობდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, აქაურ საბალეტო დასში ხუთი წელი ცეკვავდა, წინა წელს კი წამოვიდა. ამის შესახებ და მიუზიკლში მონაწილეობაზე საკმაოდ ვრცლად გვიამბობს.

- შენი გვარით დავინტერესდი...

- მთიულები ვართ, ბუნტური ძალიან იშვიათი გვარია. ვხუმრობ ხოლმე, მგონი, მარტო მე და მამაჩემი ვართ ამ გვარის-მეთქი. როცა ვამბობ ჩემს გვარს, ყველას უკვირს და ხუთჯერ უნდა გავუმეორო ხოლმე.

- ბალერინობა ბავშვობიდანვე გინდოდა?

- პატარობიდან, 5-დან 10 წლამდე დავდიოდი ქართულ ცეკვაზე პიონერთა სასახლეში. რთული პერიოდი იყო, დედა მუშაობდა და თან სკოლიდან გამოსული პიონერთა სასახლეში მივყავდი. შემდეგ ურჩიეს, რადგან ცეკვა უყვარს, ბალეტზე შეიყვანეო. სულ სხვა სამყაროსა და დისციპლინაში მოვხვდი. ძალიან განვიცდიდი, არ მინდოდა სკოლის გამოცვლა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაბარება, თანაც, პატარებისთვის საკმაოდ რთული საქმეა, ზოგჯერ მტკივნეულიც, სანამ მიეჩვევი. მე ერთი წლით დავაგვიანე და ბალეტის ანა-ბანა არ გამივლია, პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს. გონზე არ ვიყავი, როცა მიმიყვანეს. სადღაც უკან ვიდექი და ვიმეორებდი მოძრაობებს. ბუნებრივი მონაცემები ყოველთვის კარგი მქონდა, თუმცა ესეც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ხასიათზე, არ ყალიბდები "მიმწოლ" ადამიანად. წლიდან წლამდე ყველაფერი ამეწყო, დამილაგდა ტექნიკა, ჩამოვყალიბდი ბალერინად.

2002 წელს მიწისძვრა მოხდა, ავარიულ უბანში მდებარე შენობა ნაწილობრივ დაინგრა. დედამ იცოდა, როგორ მიყვარდა ბალეტი, ჩათვალა, რომ ჩემთვის გზა უნდა გაეხსნა და სხვადასხვა წერილი, ასევე ჩანაწერები და ფოტოები უცხოურ სასწავლებლებში გაგზავნა. ბოსტონის საბალეტო სკოლის სიაშიც მოვხვდი. მათგან სტიპენდიის იმედი მქონდა. დადებითი პასუხი მომივიდა, შვიდი საფეხური ჰქონდათ და მეშვიდეზე ჩავირიცხე. ეს სკოლა ბოსტონის დასთან არსებობდა. პირველ-ორ სართულზე სკოლა იყო განლაგებული, უფრო ზევით დასი რეპეტიციობდა.

გავემგზავრე ამერიკაში, ჩვენი ახლობლის, ირაკლი ჭყონიას ოჯახში, რომელმაც მეურვეობა გამიწია. იქ სასწავლებლად გახლდათ. მოგვიანებით ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ძალიან თბილად მიმიღო. 16 წლის გახლდით. დავდიოდი სკოლაშიც და სასწავლებელშიც. ირაკლის მეორე მამას ვეძახდი.

ორი წელი ბოსტონის სასწავლებელში გავატარე, სკოლაც დავამთავრე, ვმუშაობდი კიდეც. მყავდა სპონსორები, ფონდები, რომლებიც მიფინანსებდნენ იქ ცხოვრებას, ზაფხულის ექვსკვირიანი კლასიც სტიპენდიით გავიარე, რადგან საკმაო თანხა სჭირდებოდა. ორი წლის შემდეგ სასწავლებელში აღარ მინდოდა, დასში მოვისურვე გადასვლა, თუმცა ბოსტონში უარი მითხრეს და ნიუ-იორკში გადავედი, ჩავირიცხე იქაურ სასწავლებელში. მთელი წელი ვისწავლე, შაბათ-კვირას კასტინგებზე გავდიოდი, ძირითადად, დადებითი პასუხები არ მოდიოდა, რადგან სტუდენტური ვიზა მქონდა, ამერიკის მოქალაქე არ ვიყავი და სამსახურში რომ ავეყვანე, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაეფორმებინათ, ამაზე თავის ატკიება კი არავის უნდოდა.

- იშოვე სამსახური?

- პენსილვანიის საბალეტო კომპანიაში გავაგზავნე ფოტოები, ვიდეოც კი არ მქონდა. კასტინგზე დამიბარეს, ორ კვირაში ჩემოდანი ჩავალაგე, თბილისში ვაპირებდი წამოსვლას და დედაჩემისთვის უკვე დარეკილი მქონდა, მაგრამ სწორედ ამ დროს დამირეკეს და ამიყვანეს. თბილისში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი. მერე თბილისში ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ჩამოვიდა. ერთ წელიწადში უამრავი პრემიერა კეთდებოდა, ჩემი მეგობრები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. გადავწყვიტე, რომ ჩამოსვლის დრო დადგა. მინდოდა, იგივე საქმე ჩემს ქვეყანაში გამეკეთებინა.

- არ ნანობ?

- პროფესიულად ალბათ კი, მაგრამ ზოგადად არა. აქ მაინც სხვა აურაა.

- გქონდა ამერიკაში წარმატების შანსი?

- მთავარია, ბოლომდე დაიხარჯო, ბევრი იმუშაო და წარმატება გარანტირებულია. პენსილვანიის კორდებალეტში ვიყავი, ბალანჩინის რეპერტუარიდან ის ბალეტები მაქვს ნაცეკვი, რაც ჯერ საქართველოში არ დაუდგამთ. ოდეტას "ადაჯიო" შევასრულე. ამ დროს 20 წლის ვიყავი. თუკი შეგამჩნევენ, რომ მონდომებული ხარ, შემდეგ წელს იმას არ იცეკვებ, რასაც შარშან ცეკვავდი, შესაძლოა, სოლისტის ან წამყვანი პარტია იცეკვო. თუ კარგი ხარ, ხუთი წელი არ გალოდინებენ და აუცილებლად დაგიფასებენ.

- საქართველოში არ აეწყო შენი კარიერა?

- დასიდან წინა წლის ოქტომბერში წამოვედი, ანუ უკვე ცხრა თვეა. არ ვიცი, ალბათ ჩემი ბრალიცაა. აქ კარგი დასია, მაგრამ იქ სულ სხვანაირად მუშაობს ეს სფერო და შოუბიზნესს უტოლდება. რომ ჩამოვედი, უფრო მეტ მოწონებას ველოდებოდი, ვიდრე მივიღე. არ ვამბობ, რომ გადასარევი მოცეკვავე ვარ, მაგრამ მგონია, უფრო მეტს ვიმსახურებდი, ვიდრე მივიღე. ვერ ვიტყვი, ვისგან.

- ნინო ანანიაშვილს ვერ შეეწყვე?

- ქალბატონ ნინოსთან ხუთი წელი კარგად ვიმუშავე, მაგრამ ის ტრამპლინი არ მქონია, საიდანაც ჩემთვის სასურველ საფეხურზე აღმოვჩნდებოდი. აქ დასში ყოფნისას საერთოდ არ ვიღლებოდი. თავი რომც მომეკლა, თუკი დასს არ უნდოდა ჩემი გამოჩენა, არც გამოვჩნდებოდი. უამრავი ენერგია მრჩებოდა. ზოგადად, ეჩვევი იმ ტემპს, რაც გაქვს. ისედაც იოლად ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ მახსოვს, ფილადელფიაში ერთხელ ისეთი დაღლილი მივედი სახლში, რომ კიბეებზე იდაყვებით ავხოხდი. პატარა ძმა და შვილი მყავს და მათ თავს გეფიცები, ასე იყო. აქ კი სამსახურის მერე შემეძლო, სადღაც წავსულიყავი. მე კი უნდა ვიცოდე, თუკი გამოვიჩენ თავს და ვიშრომებ, ორ თვეში იმას მაცეკვებენ, რაც მე მინდა. აქ სხვა იჩენდა თავს და სხვას აცეკვებდნენ. ალბათ ეს გამართლებაზეც არის. ამერიკაში გამიმართლა, აქ - არა.

- მას შემდეგ, რაც საბალეტო დასი დატოვე, როგორ განვითარდა შენი კარიერა?

- მინდოდა, ყოველდღე გამხარებოდა იქ მისვლა, მაგრამ ერთფეროვანი გახდა, ვიფიქრე, რომ სხვაგან მეტის გაკეთება შემეძლო. ეს ჩემთვის დღემდე მტკივნეულია, მაგრამ რეალისტი ვარ და ამ მხარემ გადაძლია. საბალეტო დასიდან წამოსვლის შემდეგ ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, გოგი ალექსიძის შვილთან ვიცეკვე სოლოპარტია. ეს სხვანაირად გამიხარდა, არასდროს ისე გამოკვეთილად არ ვჩანდი, როგორც მარიამთან. ოქტომბერშიც იგეგმება მისი სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში. მას შემდეგ მეუღლეს, რომელსაც სამსახურებრივი საქმეების გამო მოუწია ბათუმში გადასვლამ, რასაკვირველია, მეც წავყევი და იქ ვიცხოვრე ცხრა თვის განმავლობაში. ინგლისური ვიცი და ყველას ვუთარგმნი რაღაცებს, ენის ცოდნა მადგება. ერთ-ერთ სასტუმროში ვიმუშავე საოფისე სამსახურში, შემდეგ რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეაში ვიყავი პიარმენეჯერად და დავდგი გახსნის საბალეტო ნომერი. შემდეგ კი, კარგი გაგებით, "ვერის უბნის მელოდიები" დამატყდა თავს.

- ვინ შემოგთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა?

- ბათუმში ცხოვრებისას გავიცანი სოფო ნიჟარაძე, ლელა კილაძე და სხვები. მათ გაუჩნდათ ამ სპექტაკლში ჩემი დაკავების იდეა, რადგან ბათუმში ვიყავი და თან საბალეტო დასში აღარ ვცეკვავდი, დროც მქონდა და ალბათ სიმპათიითაც განიმსჭვალნენ. ჩემთვის ეს საინტერესო იყო, რადგან ახალ ამპლუაში გამოვცდიდი თავს, მანამდე მიუზიკლში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. ეს ჩემთვის ექსპერიმენტიც იყო და სიამოვნებაც. ზუსტად გაამართლა ჩემი მოლოდინი, თავი დავაკალით ორი თვე.

სოფო ნიჟარაძემ ამიხსნა, რა და როგორ მოხდებოდა. ორი კვირის განმავლობაში თბილისში გავიარეთ რეპეტიცია, დილას მთელი საათი ვარჯიშები გვქონდა, შემდეგ დადგმაზე ვიწყებდით მუშაობას. რომ მახსენდება, ცუდად ვხდები, ისეთ შრომასთან იყო დაკავშირებული. დღეს რომ მივედი რეპეტიციაზე, გამიხარდა, რომ ის დაწყებითი სამუშაოები უკვე გავლილი მაქვს (იღიმება). 15 ივლისს ბათუმში ჩავედით, მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში დაიწყო, რაც დაიწყო. შეკრეს დეკორაცია, ჩამოვიდა ნიკა რაჭველი, სექსტეტი და ორკესტრი. რეპეტიციიდან ღამის პირველ საათზე გამოვდიოდით. საჭმელად მივდიოდით და თან ისევ ამ მიუზიკლზე ვლაპარაკობდით. ბევრმა თქვა, რომ ის შრომა, რაც ჩვენ ჩავდეთ, ამ მიუზიკლს ეტყობოდა. ყველამ ერთნაირად იმუშავა და ერთნაირად დავიღალეთ.

- ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. არ იყვნენ პრეტენზიულები?

- არ ვიცი, თავად რედა რამდენი წლისაა, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭივით იქცეოდა. ძალიან გვესიამოვნა მასთან მუშაობა, მკაცრია, მაგრამ ძალიან პოზიტიური ადამიანია. არ მგონია, რომ ასეთი გუნდი კიდევ ოდესმე შეიკრიბება. თუკი შოუბიზნესში ვინმე კარგი ადამიანია, ამ მიუზიკლშია თავმოყრილი. ყველას უხაროდა ერთმანეთის ნახვა, ერთ კვირაში უახლოესი მეგობრები გავხდით, მომღერლებით დაწყებული, სცენის მუშით დამთავრებული.

- შენი როლის შესახებ გვიამბე...

- მე თავიდან მხოლოდ მოცეკვავის ამპლუაში უნდა ვყოფილიყავი, ტურფას როლი კი თიკა ფაცაციას უნდა ეთამაშა. ის უნდა ყოფილიყო ვანიკოს პარტნიორი, რადგანაც მათი წყვილი ისედაც ცნობილია. მერე არ ვიცი, რა მოხდა, რატომ თქვა თიკამ უარი, ამ როლზე მე დამაკავეს. ძალიან გამიხარდა. მოცეკვავის როლი ბევრად ახლოს არის ჩემთან, პირველად ვიყავი პერსონაჟი.

- ვანიკოსთან მუშაობა როგორი იყო?

- ბევრჯერ ვნახე ეს ფილმი. მინდოდა, კარგად გამეხსენებინა. ვანიკოზე ვიტყვი, რომ ის ზედმეტად პასუხისმგებლიანი ადამიანია. შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ იმდენად დაძაბულია ამ პასუხისმგებლობით, რომ სახე ეცვლებოდა. სცენაზე რომ გადიოდა, იმას აკეთებდა, რაც საჭირო იყო. ვანიკომ იმდენად მოირგო ეს პერსონაჟი, რომ მისი ტურფაც სხვანაირი უნდა ყოფილიყო და მეც შევიტანე ცვლილებები ამ პერსონაჟში. მე და ვანიკო ერთმანეთს მოვერგეთ (იღიმის).

- პრემიერა როგორი იყო? ვიცი, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა.

- ის დღე მართლა არ მახსოვს. ვხუმრობდი, საკეისროზე ასე არ მინერვიულია-მეთქი. პრემიერის მერე ბანკეტი გვქონდა, მაგრამ ისიც აღარ გვაინტერესებდა, ქუჩაში რომ დავმდგარიყავით და გვეჭამა, ვერ განვასხვავებდით, ისეთი გადაღლილები ვიყავით, თუმცა ბანკეტმა ძალიან კარგად ჩაიარა. გვეწვია პრეზიდენტი, ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა. წავიმღერეთ ნომრები, წავიცეკვეთ კიდეც, მიუზიკლის ფართი-ვერსია გავაკეთეთ იქვე.

- პრეზიდენტს მოეწონა მიუზიკლი?

- ხშირად ვგრძნობდით მის გვერდზე დგომასა და მხარდაჭერას. უნდოდა და იცოდა კიდეც, რომ კარგი გამოვიდოდა.

- რეპეტიციებს ესწრებოდა?

- მგონი, ერთხელ იყო, მაგრამ მე არ მინახავს. ინტერესი, რასაკვირველია, ჰქონდა და გვგულშემატკივრობდა.

- სპექტაკლების ჩვენებისას რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ დაგმართვიათ?

- პრემიერაზე დაგვემართა - პირველი აქტის დასრულებისას ფარდა არ დაიხურა ბოლომდე, შუაში გაიჭედა. მერე ხელით შეაერთეს. ზედა ლოჟებიდან ხედავდნენ, როგორ ვეხმარებოდით სცენის მუშებს სცენის დახვეტაში, კოსტიუმებით დავრბოდით. თავიდან შემრცხვა, მაგრამ სპექტაკლი ასეთი მცირე უზუსტობების გარეშე არ არსებობს და ახლა სახალისო გასახსენებელია.

- შენს იმიჯზე ვინ იზრუნა?

- ჯიჯი რეჯინიმ და დათუნა სულიკაშვილმა. მათ ყველას იმიჯზე იზრუნეს. მეც ვიფიქრე, როგორი ვარცხნილობა უნდა მქონოდა და რა ჩამეცვა, რედასა და დათუნასთან ერთად მოვირგე სამოსი. როცა კომფორტულად ხარ ჩაცმული, მერე უკვე თავისუფლად ფიქრობ იმაზე, რაზეც უნდა იფიქრო.

- პირადულზეც გკითხავ. შენი შვილი რამხელაა?

- წლისა და 4 თვის ლუკა მყავს, მეუღლე ზაზა ქურციკაშვილი გახლავთ. 35 წლისაა. ბანკში მუშაობდა, ახლა სოსო ორჯონიკიძესთან მუშაობს. ზაზა ჩემი დიდი გულშემატკივარია და მხარში მიდგას. შემოქმედებით საქმიანობას ვგულისხმობ. სულ დადის, სადმე თუ გამოვდივარ. დასიდან რომ წამოვედი, მეუბნებოდა, უნდა დაბრუნდე და კიდევ უნდა გნახო სცენაზეო. ძალიან ამაყობდა, რომ მიუზიკლში მივიღე მონაწილეობა და შემაქო. ერთმანეთი თბილისში გავიცანით. ბათუმიდან უკვე თბილისში ჩამოვბარგდით. იქ ზაზა სასტუმროს მენეჯმენტში მუშაობდა.

- ვიცი, რომ "ვერის უბნის მელოდიებს" ოზურგეთში წარადგენთ.

- ახლა რეპეტიციებს გავდივართ, 3-4 სექტემბერს წარვადგენთ ოზურგეთში მინი-ვერსიას, რადგან სცენა არ გვიწყობს ხელს. თბილისური პრემიერა კი 14 სექტემბერს დაინიშნა. 5 სექტემბრიდან ფილარმონიის მასშტაბებზე გადავაწყობთ მიუზიკლს, იცვლება დეკორაციები, იზრდება, უფრო მეტი აკრობატული ილეთი იქნება. ფილარმონიაში მინიმუმ 10 სპექტაკლი იქნება.

- ნათია, ანაზღაურებით კმაყოფილი ხარ?

- ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე მეგობრებთან, სულ რომ არაფერი გადაეხადათ, ამ მიუზიკლში მაინც მივიღებდი მონაწილეობას, ისე მიყვარს ფილმი, თუმცა რა ანაზღაურებაც მივიღეთ, კმაყოფილი დავრჩი. არადა, ამ მხრივ სულ დაჩაგრული ვარ, ხმას ვერ ვიღებ ხოლმე. ყველა მოცეკვავეს კომფორტი ჰქონდა შექმნილი.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება