რატომ დაემუქრა ბიძინა ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძეს?!

რატომ დაემუქრა ბიძინა ივანიშვილი ლევან გაჩეჩილაძეს?!

სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვა, ლევან გაჩეჩილაძეს წერილს უგზავნის: "მე ვაფასებ, რაც თქვენ ძმებმა გააკეთეთ და არც ის მჯერა, რასაც ლაპარაკობენ, მალე ყველაფერი სხვანაირად იქნება, ბევრი რამ შეიცვლება, დაველოდოთ."

ლევან გაჩეჩილაძე ხვდება, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და ამ წერილს აღიქვამს როგორც გაფრთხილებას - "შეჩერდით, დამელოდეთ."

ძმები "გრეჩიხები" მართლაც ჩერდებიან, საერთოდ გაურბიან ქართულ მედიას.

2012 წლის 30 აპრილი. ბიძინა ივანიშვილს პრესკონფერენციიდან გავყავარ, მის კაბინეტში ვიკეტებით და ზუსტად 2 საათი ვსაუბრობთ. ბატონი ბიძინა "დიქტოფონს" მოსაცდელში, დაცვასთან მატოვებინებს, თუმცა ვთანხმდებით, რომ საუბრის ნაწილი მაინც გამოქვეყნდება. ის ჩემთან ასეთ რაღაცას ამბობს:

"ძმებ გაჩეჩილაძეებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. "უცნობი" რომ გამოჩნდა პირველად და კონცერტებს ატარებდა, მე ვაფინანსებდი. მისი შვილი არის ჩემი გოგოს ნათლია. მერე რაღაც მოხდა გენერალ დუმბაძესთან დაკავშირებით, ამ თემაზე აღარ მინდა ლაპარაკი. გაჩეჩილაძეებს პატივს ვცემ. მათ შეუძლიათ ხალხის გამოყვანა, ამას ვერ დაუკარგავ".

ჩვენი შეხვედრიდან გადის 5 თვე. ამ დროის განმავლობაში ხშირად მიფიქრია, კონკრეტულად რა მოხდა განერალ დუმბაძესთან დაკავშირებით, რა საერთო უნდა ჰქონოდათ ივანიშვილსა და "გრეჩიხებს" აწ გარდაცვლილ ადამიანთან, რომ მათი ურთიერთობა ამის გამო გაფუჭებულიყო? აი, ახლა კი გამოჩნდა სანდო წყარო, რომელიც ფარდას ხდის ამ საიდუმლოს:

- გელა, ივანიშვილისა და "გრეჩიხების" ნათელმირონობა მალე გადაიზარდა ოჯახურ კონფლიქტსა და მტრობაში... "უცნობის" ცოლისძმას, გიას დაპირისპირება ჰქონდა გენერალ დუმბაძესთან, რომელსაც ბიძინა "პადერჟკობდა".

- დაპირისპირება რის გამო?

- რაღაც ბიზნესის გამო... მოდი, ამას ნუ დამაკონკრეტებინებ... მოკლედ, ბიძინამ გააფრთხილა "უცნობი", რომ მისი ცილისძმა გაჩერებულიყო, მაგრამ "უცნობმა" ცოლისძმის მხარე დაიჭირა, თუმცა ცოტა "ლაითად". ლევანი კი ბოლომდე აუხტა ივანიშვილს, შენ თვითონ შეეშვი მაგ საეჭვო პიროვნებასო. ამიტომაა, ლევანს ვერ იტანს, "უცნობზე" უფრო არ ღიზიანდება. ეს ბოღმა ვერ მოიცილა ბიძინამ... უთქვამს, ლევანთან რაღაცეები უნდა გავარკვიოო. ისეთი რამე აქვს ჩადენილი დუმბაძეს, სირცხვილია და სჯობს, ბიძინამ გადაყლაპოს ყველაფერი, თორემ, თუ გაჩეჩილაძე ალაპარაკდა, მთელი "ოცნება" ჩაიშლება.

- გამიმეორე, ვის აქვს ჩადენილი?

- დუმბაძეს, რომელსაც ბიძინა "პადერჟკობდა", რაა... ისე, ლევანს მაგარი მოთმინება ჰქონია.

- რა ჯანდაბად უნდოდა ბიძოს დუმბაძე?

- აქ დიდი ძაღლის თავია დამარხული... არ ახსენებს ლევანს არც ცუდად, არც კარგად, მაგრამ საკუთარ ბოღმას ვერ გადაახტა.

- უკვე ხელები მექავება ისეთ რაღაცეებს მეუბნები.

- მაგარი კაცია ლევანი, რა ტალახები ესროლეს და ვატყობ ერთი პროცენტიც არაა მართალი. შენც გითხრა ივანიშვილმა ინტერვიუში, ლევანზე დუმბაძის გამო ვარ ნაწყენიო.

- კი მითხრა და ვერ მივხვდი, რა შუაში იყო გენერალი დუმბაძე.

- ამის მერე მიხეილ სააკაშვილს ხელს უწყობდა ბიძინა "გრეჩიხას" განადგურებაში. აი, კიდევ სად არის ძაღლის თავი დამარხული... აი, რატომ გაგვიყალბა არჩევნები 2008 წელს. მაშინ ივანიშვილმა შეუთვალა ლევანს, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პრეზიდენტი არ გახდეო. თან ემუქრებოდა, თან ბაქიბუქობდა.

- კაი, კაცო, ბიძინა ემუქრებოდა "გრეჩიხას"?

- კი, ასე უთვლიდა. თუ შეხვდები ბიძოს, ჰკითხე.

- "გრეჩიხა" შერიგებას ელოდება?

- ის ელოდება ქუჩურ გარჩევას და სიმართლის დადგენას.

- რა ქუჩურ გარჩევას კაცო?

- ქუჩურს მე ვიძახი... თუ ვერ მოიყვანა აზრზე ივანიშვილი... არ ვიცი, რა... ლევანს ძალიან აწუხებს ეს ამბავი. "გრეჩიხა" არ დაუთმობს, ეს იცის ბიძინამ. მაგას ჰგონია, რაკი ფული აქვს, ყველაფერი შეუძლია. რა ჰქონდათ გასაყოფი "უცნობის" ცოლისძმას და დუმბაძეს, არც ეგ დაიმალება დიდხანს.

- აი ეგაა სწორედ საინტერესო.

- ისე, იმდენი ქნა ჩვენმა ბიძომ, გაანადგურა "გრეჩიხები", მაგარი ბოღმაა, თან სიმართლის მხარეს რომ იდგეს, კი. თვითონ ხედავს ასე და "ვსიოო". ხანდახან რომ დავფიქრდები, მეშინია, ეს კაცი მიშაზე უარესია.

- ნუ გეშინია, რატომ შეგცვლია აზრი?

- აზრი არ შემცვლია, მაგრამ ეს კაცი მაინც უშიშროების აგენტივით არის... სანამ უნდოდა მიშა "აბლატავა", ეხლა აღარ უნდა, გააგდებს.

- მიშას გააგდებს?

-კი გააგდებს, "დაჟე" გაასწორებს მიწასთან.

- ამიხსენი როგორ?

- ბიძოს სქემა მე არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ გააგდებს. მიშას ამ არჩევნებს არავინ  "გაუპრავებს", თუ არ დაგვხოცა არჩევნებამდე. მიშას გადასაგდებად ივანიშვილი რამდენიმე წელია, რაც ემზადება. მაგას გასაღებიც აქვს, როგორ უნდა მოიცილოს, სხვათა შორის, პრაქტიკა უკვე გაიარა, "გრეჩიხას ", ფაქტობრივად, პრეზიდენტობა ბიძინამ წაართვა.

- "გრეჩიხა" გაადაგდო მიშას ხელით, მაგრამ მიშას იგივეს რანაირად გაუკეთებს?

- მიშას ქვეყნის გარედან გაუკეთებს.

- რუსეთიდან?

- რუსეთიდანაც და დასავლეთიდანაც, მიშას დროს ამერიკულ-რუსული პროექტი იყო, ახლა შეიცვალა, რუსულ-დასავლურია. მიშამ იცის ყველაფერი... საცოდავი ნიჭიერი კია, მაგრამ ამავე დროს გიჟი და ბოროტია. რას აკეთებს, აღარ იცის. ამ ძალებით ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს, არჩევნები უკვე გაყალბებულია. ამას წინათ "მაესტროს" ეთერში ცესკოს თავჯდომარე იყო, ხარატიშვილი და მარტო ის იძახდა, მე პასუხისმგებლობას ვიხსნიო, სიებიც კაციტაძის პასუხისმგებლობააო.

- კაციტაძე გაეხვია შარში.

- ამით მიშამ დაიწერა ქულები და ესენი კიდევ 5 მილიონს წამოეგნენ. ახლა კოკა გუნცაძეს სთხოვენ "ოცნებიდან", დამკვირვებლად შენი ხალხი მოგვეციო.

- მერე?

- კოკამ უთხრა, რომ დავახარისხებ, თუ დამრჩა ვინმე, მოგცემთო. თვითონ 1500 უბანზე უშვებს დამკვირვებლებს, სადაც უფრო ცხელი წერტილებია.

- ეგ გასაგებია... ისევ "გრეჩიხებს" დავუბრუნდეთ, ამ წუთას რა მდგომარეობაში არიან?

- ძალიან ცუდ მდგომარეობაში... ლევან გაჩეჩილაძემ ლამის დაღუპა მთელი ოჯახი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი სიდედრის ბინიდან დაწყებული, ძმაკაცების ბინებით დამთავრებული, ყველა ჩადო ბანკში. ეხლა ბიძინა გეგიძის ბინაც დაყადაღებულია, "კორკოტასიც" და სიდედრისაც. ამ ადამიანს ტყუილად გაუვრცელეს, მიშასგან ფული აიღოო, ეგ სრული აბსურდია.

P.S. ამ თემაზე ლაპარაკს ორივე მხარე ერიდება. თუმცა, ვფიქრობ, ამის შემდეგ მაინც უნდა გახსნან კარტები და საზოგადოებას აუხსნან: არის თუ არა პირადი დაპირისპირების ნიადაგზე საერთო საქმის გაფუჭების დრო? რა თქმა უნდა, არ არის და დარწმუნებული ვარ, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილ-გაჩეჩილაძეებს შორის ურთიერთობა მოგვარდება. რაც შეეხება ე.წ. საქმის გარჩევას, ეს მხოლოდ რესპოდენტის მოსაზრებაა, ამ ყველაფერს ალბათ, მიეცემა ასეთი სახე... ყოველ შემთხვევაში, არც ამის დრო და სურვილი უნდა იყოს დღეს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა