რა ჰქვია სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?

რა ჰქვია სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?

"კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, ამის გამო თვალებს ზიანიც კი მივაყენე და დედა კლასგარეშე ლიტერატურას მიმალავდა", - ამბობს ელისო ჩაფიძე. ის პროფესიით ჟურნალისტია. დამთავრებული აქვს დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის, ასევე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს. სტუდენტობისას გერმანული პოეზიით იყო გატაცებული. ნათარგმნი აქვს რილკეს რამდენიმე ლექსი. ლექსებს თავადაც წერს, მაგრამ მათ წიგნად გამოცემაზე ჯერ არ უფიქრია, რადგან შინაგანი განწყობილების მიხედვით წერს და მათ მხოლოდ ახლობლებს უკითხავს. რუბრიკა "ერუდიტში" ჩაწერაზე უპრობლემოდ დაგვთანხმდა - როგორც ჩანს, საკუთარი თავის იმედი ჰქონდა...

- ელისო, ძირითადად რა სახის ლიტერატურას კითხულობთ?

- ბოლო დროს სპეციალურ ლიტერატურას ვკითხულობ, ეს არის გამოჩენილი პოლიტიკოსების ცხოვრება, ნაშრომები, რომლებიც პოლიტოლოგიას, სახელმწიფო მოწყობის მოდელებს ეხება. დასვენების დროს მხატვრულ ლიტერატურას, დეტექტივებს (ძალიან მიყვარს ჩახლართული სიუჟეტები), ლექსებს ვკითხულობ.

- თუ გახსოვთ, პირველად რა წიგნი წაიკითხეთ?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ეს "დედაენა" იქნებოდა. მართალია, რამდენიმე უცხო ენა ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი პირველ რიგში, მშობლიურ ენას უნდა ფლობდეს და აფასებდეს. მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ქართული მოთხრობების უზარმაზარ წიგნს "დავათრევდი". ბებიაჩემი ხუმრობდა, - გამოართვით ბავშვს ეს წიგნი, თორემ ხომ ხედავთ, წიგნზე პატარა არისო. ქართული მოთხრობების შემდეგ მარკ ტვენისა და მაინ რიდის კითხვა დავიწყე. როდესაც წამოვიზარდე, უფრო სერიოზულ ლიტერატურასაც მოვკიდე ხელი.

- როგორც აღნიშნეთ, პოლიტიკოსების ავტობიოგრაფიებით ხართ დაინტერესებული, თქვენი ფავორიტი თუ გყავთ?

- კი, ეს არის ვაცლავ ჰაველი. ახლახან მისი ავტობიოგრაფიული წიგნი შევიძინე. სხვათა შორის, მქონდა ბედნიერება, მას ლეხ ვალენსასთან ერთად შევხვედროდი, 2005 წლის აგვისტოში, "სოლიდარობის" 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

- გახსოვთ, სად დაიბადა ვაცლავ ჰაველი?

- კი, პრაღაში.

- ვის ეკუთვნის ეს სიტყვები: "ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აირჩია პროფესია".

- მარკ ტვენს ხომ არ ეკუთვნის?

- არა, ის ჯერ პრუსიის პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ გერმანიის კანცლერი.

- კი, ვიცი, ვიცი, ოტო ბისმარკი.

- მართალი ხართ. მისი მეტსახელიც ხომ არ გახსოვთ?

- რკინის კანცლერი?

- დიახ. რა ჰქვია პროცესს, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ და სრულყოფენ ერთად ცხოვრების წესებს?

- პოლიტიკა.

- სად არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

- სტრასბურგში.

- ამ ადამიანმა ევროპასა და მსოფლიოს ამცნო, რომ ინგლისში ადამიანებს რწმენის გამო საშინლად აწამებდნენ და ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ჟურნალისტი.

- (ფიქრობს) რა სირცხვილია, ეს რომ არ ვიცოდე.

- ის გახლდათ ავტორი წიგნისა "დაუნდობლობის თეატრი". მოღვაწეობდა 1547-1636 წლებში. მისი ფსევდონიმი იყო რიჩარდ ვერსტეგანი.

- რიჩარდ როულენდსი.

- დიახ. რამდენი სახისაა ქართულ ენაში წინადადება აგებულების მიხედვით?

- მარტივი, რთული და შერწმული, ე.ი. სამი სახის.

- თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ "აგვისტოს ომის" გმირი, რომელმაც ოსური ბანდფორმირებებისა და რუსი ოკუპანტების სასტიკი წამების მიუხედავად, ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა და არც დაიჩოქა, რასაც ასე დაჟინებით ითხოვდნენ მისგან.

- შეგიძლიათ, სავარაუდო გვარები მითხრათ?

- სხვა მინიშნებას მოგცემთ, ამ გმირს სიკვდილის შემდეგ "გაუტეხელი თუში" უწოდეს.

- გიორგი ანწუხელიძე.

- მართალია. "კაცი სალაღობოდ კი არა, ტანჯვისთვის არის გაჩენილი, ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჯერ არავის მოუხდია ვალი" - რომელი ლიტერატურული პერსონაჟი მოძღვრავდა ამ სიტყვებით შვილს?

- ხევისბერი გოჩა.

- რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ანრი IV, ვიდრე ის საფრანგეთის მეფე გახდებოდა?

- ბავარიის? არა, ბავარია გერმანიის შემადგენლობაში იყო. ალბათ ნავარის.

- დიახ. რა ჰქვია ეკლესიაზე მიშენებულ ან მახლობლად, ცალკე აგებულ მცირე ნაგებობას - სამლოცველო, ფილიოკვე, კელია თუ ეკვდერი?

- ეკვდერი.

- რა გვარი იყო ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, რომელსაც მხედველობის თანდაყოლილი ნაკლი ჰქონდა?

- მინიშნებას ვერ მეტყვით?

- გეტყვით: ჯონსონი, ლინზა, დალტონი, კატარი.

- კატარი?

- არა, ის დალტონი იყო. რისი ღმერთია ლოკი სკანდინავიურ მითოლოგიაში?

- არ ვიცი.

- ცეცხლის. სამხრეთ ამერიკის რომელ ქვეყანაში იმართება დიდი კარნავალი ყოველი წლის თებერვალში?

- ეს აუცილებლად უნდა ვიცოდე, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ.

- ბრაზილიაში. ვინ იყო პირველი არასამეფო წარმომავლობის ადამიანი, რომლის პორტრეტიც ბრიტანელებმა საფოსტო მარკაზე დაბეჭდეს.

- პრინცესა დაიანა.

- არა, ის უილიამ შექსპირი გახლდათ. სპარსეთის შაჰმა ივანე მრისხანეს საჩუქრად სპილო გაუგზავნა. როგორ გგონიათ, რა უქნეს სპილოს რუსებმა?

- ალბათ დაამტვრევდნენ.

- თითქმის გამოიცანით, ვერ მოიფიქრეს, როგორ მოევლოთ და მოკლეს. რომელი ქვეყნიდან გავრცელდა მსოფლიოში სერენადას სიმღერის ტრადიცია?

- იტალიიდან.

- შილერი, მოლიერი, დანტე, გოეთე - ამათგან რომელი გარდაიცვალა სცენაზე?

- გოეთე თავის საწოლში გარდაიცვალა. მე მგონი, სცენაზე მოლიერი გარდაიცვალა.

- სპარსული ანდაზა გვიმტკიცებს: "როცა ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ჭკვიანია". ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- როცა სიბრძნეს არ ეძებს.

- არა, როცა ჰგონია, რომ სიბრძნე იპოვა. რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როდესაც რაიმე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება.

- მსოფლიოში 42 ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. მათ შორის ყველაზე პატარა - ვატიკანია. დაასახელეთ ყველაზე დიდი ქვეყანა.

- მინიშნებას მეტყვით?

- ცენტრალურ აზიაშია.

- ყაზახეთი.

- მართალი ხართ. თქვენ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხართ. რამდენად კარგად იცნობთ ამ რეგიონს?

- ვფიქრობ, რომ კარგად ვიცნობ.

- ალბათ მისი ისტორიაც იცით?

- რა თქმა უნდა.

- რომელ წლებში გამოჩნდა ისტორიულ წყაროებში ტყიბული?

- XIX საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ ქვანახშირის მოპოვება დაიწყო, ის სამრეწველო დაბა გახდა. ტყიბულის განვითარებაში ნიკო ნიკოლაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. აქ ამჟამად 260 მილიონი ტონა ქვანახშირია.

- მართალი ხართ, მაგრამ ეს დასახლება ისტორიულ წყაროებში 1259 წლიდან გამოჩნდა. რა ჰქვია ბალნეოლოგიურ კურორტს სენაკის რაიონში?

- მენჯი ხომ არა?

- დიახ, მართალი ხართ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ახალ თანამშრომლებს იღებენ. წინასწარი გასაუბრების შემდეგ ყველას მისცეს კონვერტი გრიფით - "სრულიად საიდუმლოდ" და სთხოვეს, რომელიღაც კაბინეტში წაეღოთ. ერთმა კანდიდატმა, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, საპირფარეშოში შეიარა და კონვერტი გახსნა. როგორ გგონიათ, რა ეწერა წერილში?

- ალბათ ეწერა, რომ ეს მათ გამოსაცდელად გაკეთდა.

- წერილში ეწერა: "თქვენ ჩვენთვის შესაფერისი მუშაკი ხართ, დაბრუნდით უკან". თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ ქართველი მთამსვლელი, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ "კლდის ვეფხვი" უწოდა.

- მიხეილ ხერგიანი.

- ისიც ხომ არ გახსოვთ, რომელი მწვერვალის დალაშქვრისას დაიღუპა?

- იტალიაში დაიღუპა, თუმცა მწვერვალის სახელი არ მახსოვს.

- დიახ. ის იტალიაში, სუ-ალტოს მწვერვალზე დაიღუპა. დაასრულეთ ნაპოლეონ ბონაპარტის სიტყვები: "რუსეთის გენერლებს შორის მხოლოდ ერთი მაფიქრებს, ესაა"...

- ბაგრატიონი.

- რა უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ სხვის ომში მამაცურად მებრძოლ ადამიანს?

- სულელი...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება