"მაესტროს" ხელმძღვანელობა ანტენებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას უახლოეს დღეებში განიხილავს

"მაესტროს" ხელმძღვანელობა ანტენებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას უახლოეს დღეებში განიხილავს

"მაესტროს" ხელმძღვანელობა სატელიტური ანტენების "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით გავრცელების შეთავაზებას უახლოესი დღეების განმავლობაში განიხილავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.

მისი თქმით "მაესტროს" ხელმძღვანელობა განიხილავს, რამდენად გამართლებული და შედეგის მომტანი იქნება აღნიშნული შეთავაზება.

მისი განცხადებით, ფოსტის მეშვეობით ანტენების გავრცელება არ გულისხმობს სრულ სერვისს და მხოლოდ ადგილზე მიტანა საკმარისი არ იქნება.

"ანტენის მიტანა შედეგს არ მოიტანს. საინტერესოა, როგორ მოგვარდება მონტაჟის პრობლემა. ამ დეტალებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში გავივლით, განვიხილავთ კომერციულ მხარესაც და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ", - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წარმომადგენელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება "მაესტროს" სატელიტური ანტენების დარიგებას გარკვეული პირობებით დათანხმდა.

როგორც ლაშა ტუღუშმა განმარტა, ანტენების დარიგებას განახორციელებს "საქართველოს ფოსტა" და ეს მოხდება "მაესტროს" სახელით.

"მაესტრომ" უნდა დადოს შეთანხმება "საქართველოს ფოსტასთან". დარიგებასა და უშუალოდ დამონტაჟებასაც განახორციელებს "საქართველოს ფოსტა", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

საუბარია ტელეკომპანია "მაესტროს" 30 ათას ანტენასა და 15 ათას რესივერზე, რომლებიც პროკურტურამ დააყადაღა. ამასთან, ბაჩო კიკაბიძის ცნობით, ყადაღის მოხსნასთან დაკავშრებით ახალი ინფორმაცია არ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები