ირაკლი ჭირაქაძის ცოლი ფიფქიებზე არ ეჭვიანობს

ირაკლი ჭირაქაძის ცოლი ფიფქიებზე არ ეჭვიანობს

ირაკლი ჭირაქაძეს ქუჩაში ბევრი ვერ ცნობს. ზუსტად რომ არ მცოდნოდა, რომ ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში მონაწილე სანტას უნდა შევხვედროდი ინტერვიუსთვის, ალბათ მეც ვერ ვიცნობდი. მაგრამ საკმარისია, ირაკლიმ სანტას ფორმა მოირგოს, ყველა მიხვდება, რომ სწორედ ის მაჩო სანტა-კლაუსია, რომელსაც ფიფქიები გარს ეხვევიან.

- თუ ადრე მაქსიმუმ სამი ფიფქია ჰყავდა, ახლა უფრო ფართო არჩევანი აქვს სანტას.

- ფიფქიების სიმრავლე იმან გამოიწვია, რომ პორტირება გახდა შესაძლებელი ბანკიდან ბანკში და სხვა ბანკის ფიფქიებიც მოხვდნენ მისი ყურადღების ცენტრში.

- ალბათ ყველას შურს თქვენი, ასეთი ლამაზი გოგონების გარემოცვაში რომ ხართ...

- რა თქმა უნდა. თვითონ გადაღების მომენტი ძალიან დამღლელია, მაგრამ ამავე დროს სახალისო.

- ადრე ამბობდით, რომ ცეკვა თქვენი და რუსკა მაყაშვილის იმპროვიზაცია იყო. ამ შემთხვევაზე ცეკვაზე დიდხანს იმუშავეთ?

- დიდხანს არ გვიმუშავია. რუსკა ძალიან ნიჭიერი გოგოა და ყველაფერი კარგად გამოსდის. როდესაც ასეთი ნიჭიერი პარტნიორი გყავს, შენც თავისთავად მასთან ერთად ბევრი რამ კარგად გამოგდის. პირველი ორი კლიპი თავიდან ბოლომდე ჩვენი იმპროვიზაცია იყო. ახლა უკვე ქორეოგრაფები გვეხმარებიან, მაგრამ ისინი ძირითად მოძრაობებს გვასწავლიან, რომლითაც ცეკვა იგება.

- გადაღების დროს ალბათ ხშირად აღმოჩენილხართ გაუთვალისწინებელ და კურიოზულ სიტუაციაში...

- ბოლო სარეკლამო რგოლზე მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. ზამთარში კი გადაღებები გვიან გვქონდა ხოლმე და იყო შემთხვევები, სადაც დავსხებოდით, იქ გვეძინებოდა მეც და რუსკასაც. წლის ბოლოს სამსახურში ბევრი საქმე მქონდა და გვიანობამდე ვმუშაობდი, რუსკაც ძალიან დატვირთული იყო.

- ზამთარში წვერი ალბათ გათბობდათ კიდეც, ზაფხულში დისკომ­ფორტი ხომ არ შეგიქმნათ?

- გადაღებების დროს ყველაზე დიდ დისკომფორტს წვერი მიქმნის, რომელსაც წებოთი მაწებებენ. ზამთარში, როცა გარეთ გვქონდა გადაღებები, სერიოზულად ციოდა, მაგრამ მე კარგად ჩაცმული ვიყავი და არ მციოდა. გადაღებებზე ყველაზე დაჩაგრული ვიყავი. შესვენებებზე წვერი ჭამაში ხელს მიშლიდა. პატარ-პატარა ლუკმებით ვიკვებებოდი, ძალიან ვწვალობდი. თუ მომძვრებოდა, მერე წებოს თავიდან წასმა სჭირდებოდა.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდათ?

- რაღაც მომენტამდე, რა თქმა უნდა, მჯეროდა. სიმართლე გთხრათ, რა ასაკში მივხვდი, რომ არ არსებობდა, არ მახსოვს.

- გია ჭირაქაძის შვილი ხართ, როგორც ვიცი, მამამ ვერ აგამღერათ. ალბათ ოჯახში იყო მცდელობა, თქვენც მომღერალი ყოფილიყავით...

- ვერ ამამღერა არაა ამ შემთხვევაში ზუსტი ფორმულირება. სმენა არ მაქვს და ვერ ავმღერდი. დედასაც კარგი სმენა აქვს და გადასარევად მღერის. მე არ გამიმართლა. ხდება ხოლმე ასეც. რიტმის გრძნობა ყოველთვის მქონდა და მეგობრების წრეში სულ ვცეკვავდი. ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ამ რეკლამაში მონაწილეობა შემომთავაზა, კარგად იცოდა ჩემი ცეკვის შესაძლებლობები, რომელსაც ქეიფის დროს ვამჟღავნებდი და იმიტომაც მიმიწვია. არადა, ცეკვაზე არასდროს მივლია.

- რეკლამაში "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილე გოგონების გარემოცვაში ხართ. ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

- პროექტში რომ მიიღო მონაწილეობა, მართლა კარგად უნდა ცეკვავდე. ვინც ამ რეკლამაში მონაწილეობენ, სალომე ჭაჭუა, ჯულიანა ბარ-გნარი და ლიკა ლაბაძე, მართლა მაგარი მოცეკვავეები არიან. პროექტში მონაწილეობა სერიოზული გამოწვევაა და მართლა კარგად უნდა ცეკვავდე. მე არ მგონია, ისე კარგად ვცეკვავდე, რომ ასეთ პროექტებში ჩავერთო. თან, როგორც მონაწილეებმა მითხრეს, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" დიდი ფიზიკური რესურსი მიაქვს. პროექტის ყურება კარგია, მაგრამ მონაწილეობა რთული.

- რა პროფესია გაქვთ?

- სკოლა რომ დავამთავრე, "გეპეიში" ჩავაბარე. ახალი ფაკულტეტი იყო სამედიცინო აპარატურის ინჟინერი, სადაც ორი წელი ვისწავლე და მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. სწავლას თავი დავანებე და მთაში წავედი. ჩემი პროფესია მაშველობა. ოთხი წელი "ეუთოში" ვიმუშავე და საზღვრის დამკვირვებლების ინსტრუქტორი ვიყავი. მათ მაშველობას ვასწავლიდი.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ყაზბეგში ცოტა ხნის წინ ძველი ტურბაზა გარემონტდა და ძალიან კარგი სასტუმრო გაკეთდა, იმ სასტუმროში ვმუშაობ. სათხილამურო და საბაგირო ტრასის გაკთებას ვგეგმავთ. ყველანაირად ვცდილობთ, ყაზბეგი ზამთრის კურორტიც გავხადოთ. გვინდა, ზამთარში სათხილამურო ტურიზმი განვავითაროთ, რომ ჩრდილოეთიდანაც მოვიზიდოთ ტურისტები. რაც გზა ჩაიკეტა, ძალიან გაჭირდა ყაზბეგში ცხოვრება.

- უკვე ყველასთვის ნაცნობი სანტას პირადი ცხოვრება როგორია?

- მყავს მეუღლე და ორი გოგონა. თერთმეტი და შვიდი წლის.

- ალბათ ხშირად უკითხავთ, ამდენი ლამაზი ფიფქიას გვერდით რომ ხართ, მეუღლე არ ეჭვიანობს?

- მე და ჩემი მეუღლე ვენდობით ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ეჭვიანობის მომენტი არ ყოფილა. პირველ სარეკლამო რგოლს რომ ვიღებდით, ბავშვებს უნდოდათ, მამიკო სანტა ენახათ. წავიყვანე გადაღებებზე. სახლში რომ მივედით, უფროსმა გოგომ დედას ჰკითხა, არ ეჭვიანობო? მეუღლეს ჩემთვის არ უთქვამს, რომ ეჭვიანობდა, არც მის საქციელში შემიმჩნევია მსგავსი რამ. არ ვაძლევთ ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს.

- ალბათ მას შემდეგ, რაც თანამედროვე სანტა გახდით, თქვენგან განსაკუთრებულ საჩუქრებს ელოდებიან...

- მომთხოვნი ბავშვები არ არიან. ალბათ აღარც სჯერათ, რომ სანტასგან საჩუქარი უნდა მიიღონ. ამ ყველაფერს თან ისიც ერთვის, რომ ჩემი უფროსი გოგოს დაბადების დღე დეკემბრის ბოლოსაა, მეუღლესაც დეკემბერში აქვს დაბადების დღე. ჩემი სიდედრის დაბადების დღე 2 იანვარსაა. აქედან გამომდინარე, საჩუქრებს ახალ წელს ყოველთვის ხშირად ვარიგებ.

- მეუღლე სარეკლამო რგოლებში თქვენს მონაწილეობას როგორ აფასებს?

- რა თქმა უნდა, აქვს შენიშვნები. ბოლო ნამუშევარი ძალიან მოეწონა. წინა შემთხვევებზე უთქვამს, ორიგინალს ძალიან ჰბაძავო. ახლა ბევრად უფრო ორიგინალური გადაწყვეტა იყო და ჩემმა მეუღლემაც მომიწონა.

- მამა კრიტიკულია?

- მამა საერთოდ არაა კრიტიკული ჩემ მიმართ. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მოსწონს. ამ შემთხვევაში არაფერი უთქვამს, მაგრამ პირველი რეკლამა ძალიან მოეწონა. მთელი ცხოვრება სულ მამის ჩრდილის ქვეშ ვიყავი. ამიტომ სულ ვცდილობდი, ისეთ სფეროში დამემკვიდრებინა თავი, რომ მისი სახელის დახმარება არ დამჭირვებოდა და ჩემით მეპოვა ადგილი. მამას თვითონაც არ უყვარს, როცა შვილი მშობლის დახმარებით იწევს წინ, მგონი შევძელი, ცხოვრებაში რაღაცისთვის ჩემით მიმეღწია.

- წვერის გარეშე თუ გცნობენ?

- ახლა უფრო მცნობენ. მაგრამ პირველი რეკლმა რომ გამოვიდა, მაშინ ძალიან ვინერვიულე. ვფიქრობდი, უხარისხო არ გამოვიდეს-მეთქი. ვიცოდი, რომ წვერი მექნებოდა და ვამბობდი, თუ არ გამომივა არაფერი, მერე მაინც ვერავინ მიცნობს-მეთქი. მაგიტომაც დავთანხმდი მონაწილეობაზე. მერე, როცა გამოვიდა სარეკლამო რგოლი და ბევრს მოეწონა, ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა ვერ მიცნო. სამაგიეროდ, მიცნო ძმაკაცის 3 წლის შვილმა, რომელმაც რეკლამის პირველივე ნახვის მერე თქვა, ეს სანტა კლაუსი ზაფხულში ჩვენთან იყო კოჯორშიო. ჩემს ძმაკაცს გაეცინა. იფიქრა, რომ ბავშვს სანტა ვინმეში აერია. მან იცოდა, რომ რეკლამაში ვიღებდი მონაწილეობას და ვერ მიცნო.

- თქვენ როგორ დაახასიათებდით სანტას, რომელსაც თამაშობთ?

- რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდი, მაჩო სანტა რომ უნდა მეთამაშა. რეკლამის იდეა იყო, რომ პოპულარული და წარმატებული უნდა ვყოფილიყავი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. მოკლედ, კარგი ტიპი უნდა ყოფილიყო. ვცდილობ, ეს ვითამაშო და ალბათ გამომდის, რადგან ხალხს მოსწონს და ყოველ ახალ წელს უნდათ ჩვენი ისტორიის ნახვა. ბოლოს გადაღებებზე ვხუმრობდით, შემოდგომასა და გაზაფხულზე როგორ ერთობა სანტა, გადასაღები დაგვრჩაო.

- ჩემი აზრით, ნამდვილი სანტა ასე არ უნდა იქცეოდეს. ასაკი მაინც არ უნდა უწყობდეს ხელს.

- ნამდვილად. იმ სანტას, რომელსაც ვთამაშობ, ახალგაზრდული სული აქვს.

- და ქალების რაოდენობაც მატულობს და მატულობს.

- მეც ვიკითხე, შემდეგში კიდევ რამდენი ფიფქია უნდა მყავდეს-მეთქი. არ ვიცი, მათი ფანტაზია სადამდე წავა.

- ხომ შეიძლება, ფიფქია და თოვლის ბაბუა დაქორწინდნენ.

- კი, მაგრამ სანტას და ფიფქიას შვილები არავის უნახავს.

- თუმცა არც მექალთანე სანტა გვინახავს აქამდე.

- (იცინის) ვნახოთ. ყველაფერია შესაძლებელი. რეკლამის კრეატიულ იდეებში მე არ ვერევი ხოლმე.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"