მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება

მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება

20 სექტემბერს "პროფილი" ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. გადაცემა ხუთი წლის გახდა და ამიტომ ცვლილებასაც ბევრს გვპირდებიან. რადიკალურად შეიცვალა სტილი წამყვანმა, ის გლამურული იმიჯი, რომელიც თავის დროზე მაია ასათიანს ავთანდილმა შეუქმნა, ჯინსის დახეულ მოკლე კომბინეზონსა და კედებზე გაცვალა. სოციალურ ქსელში სურათებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებლის დიდ ნაწილს წამყვანის ახალი იმიჯი მოეწონა, მაგრამ იყო განსხვავებული აზრიც. კონკურეტი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი ასე გამოეხმაურა: "ეს ან ღადავია, ან შემომაპარეთ, ლაბრადორიც თუ არის და როსტო გადაცემაში". ასეთ კრიტიკას მაია აღარ პასუხობს, მიაჩნია, რომ დუმილი ოქროა და "პროფილის" ლანძღვა - ჩავლილი მდინარე.

- წელს "პროფილი" ხუთი წლის ხდება და უკვე მეათე სატელევიზიო სეზონს ვიწყებთ. ყოველ წელს პრეტენზია გვაქვს, რომ ამ ჟანრში მოდის კანონმდებლები ვიყოთ. მაყურებელი დამეთანხმება, რომ ყოველი სეზონის გახსნა ახალი სიტყვა იყო გასართობ მედიაში. დრო იცვლება, სატელევიზიო ტექნოლოგიები იხვეწება და ჩვენც მასთან ფეხის აწყობა გვიწევს. "პროფილის" წარმატების საიდუმლო არის არა მხოლოდ მაღალი რეიტინგი, არამედ ამ რეიტინგის სტაბილურობა. ახალი სეზონის დადგომისას ყოველთვის ვცდილობ, მეც განსხვავებული ვიყო. შინაგანად ადამიანი ვერ შეიცვლება, მით უმეტეს ჩემს ასაკში, მაგრამ მინდა, რაიმე განსხვავებული შევთავაზო მაყურებელს. წელს გადავწყვიტე, უფრო შინაურული ვყოფილიყავი, მაგრამ არა ფამილარული. შინაგანად არ შევიცვლები, არ შეიცვლება ჩემი საქციელი, არ გავხდები უტაქტო და ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ. რეალურად ცხოვრებაში ისე მაცვია, როგორც ახლა ეკრანზე გამოვჩნდები. ჩემი ოცწლიანი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, 15 წელი რეპორტიორი ვიყავი და ჯინსი და კედი ჩემთვის უცხო ხილი არ არის. ჩემი და ავთანდილის ტანდემი ოც წელს ითვლის. კარიერაში მასაც სიახლე აქვს, მოდის ახალი სახლი გახსნა და ბევრი ერთობლივი გეგმა გვაკავშირებს. ვფიქრობ, მაყურებლისთვის ცვლილებების ხილვა უფრო საინტერესოა, ხანდახან სარკეში ყურებისას შეიძლება, საკუთარი თავიც კი მოგბეზრდეს.

- ახალი სეზონის დაწყების წინ იმიჯის შეცვლით ალბათ ძალიან გარისკეთ.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ დროს, პირველ რიგში, მაყურებლის აზრი გვაინტერესებს. ვინც არ რისკავს, იმას არც უმართლებს. ბევრი სიახლე გვექნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნეები შემდეგ ამბობენ, თითქოს "პროფილში" არანაირი სიახლე არ ყოფილა. ძველი თემებიდან რამდენიმე დარჩება, ახალი სახეების აღმოჩენა, ქველმოქმედება, დაკარგულები, ნებისმიერი ლანძღვის ატანა ღირს იმად, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება დადებითად შეიცვალოს. ამას ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე გეუბნებით. ხუთშაბათი საღამო, ათი საათი - ეს ჩვენი დროა. 20 სექტემბერს გავალთ ეთერში და მაყურებელს დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ, რადგან "პროფილის" ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი დაიწყება. სეზონის პირველ ნაწილს შოუს პრინციპზე ავაგებთ. ისევ ვითანამშრომლებთ მაყურებელთან, მათ წერილებს, სურვილებს გავითვალისწინებთ.

- ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ ისინი რესპონდენტების ერთ წრეზე ტრიალებენ, ამ მხრივ თუ გექნებათ სიახლეები?

- დიახ, ყველანაირად ვეცდებით, მაგრამ საქართველოში მარკეტინგულად პატარა ბაზარია. თუმცა ვამაყობთ, რომ "პროფილი" ის გადაცემაა, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან. ჩვენ ვემზადებით ხმაურისთვის, კრიტიკისთვის, შექებისთვის და ლანძღვისთვის. პირველი გადაცემა ერთდროულად ხმაურიანი, გლამურული, საჭორაო, სახალხო, მხიარული და მრავალფეროვანი იქნება. ყველა სეზონს ასე ვიწყებთ. ვცდილობთ, ჩვენივე დაწესებული თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ.

- თქვენს ახალ ფოტოებს, რომელიც სეზონის დაწყებამდე გამოქვეყნდა, უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში...

- თუ შეიძლება, აქ მხოლოდ გავიცინებ და მეტს არაფერს ვიტყვი.

- თქვენმა კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანმა, თქვენი ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ "ფეისბუქზე" დაწერა, "ეს ან ღადავია, ან შემომაპარეთ, ლაბრადორიც თუ არის და როსტო გადაცემაში".

- თუ შეიძლება, გავიცინებ. პრესას გაქვთ ერთი კარგი მეთოდი, როდესაც წერთ, "იცინის" და შემდეგ ამას ფრჩხილებში სვამთ...

- ახალ სეზონზე კონკურენცია ალბათ უფრო გაიზრდება?

- ხუთი წლის განმავლობაში "პროფილი" არასოდეს გასულა ეთერში ცარიელ ზოლზე. ხუთშაბათ საღამოს, ათ საათზე, სხვადასხვა არხზე ჩნდებოდა გადაცემები და მერე ქრებოდა, ან საეთერო დღეს იცვლიდა. ამის გამო, თვითტკბობა არასოდეს გვქონია. აქტიურად ვემზადებით კონკურენციისთვის. ნებისმიერ გადაცემას, რომელიც გაბედავს და ეთერში "პროფილის" დროს გავა, წარმატებას ვუსურვებ და ასეთ გამბედაობას ვუწონებ (იღიმება).

- რამდენად ჯანსაღია ქართულ ტელესივრცეში კონკურენცია?

- ჩვენთან კონკურენცია ხანდახან მტრობას ემსგავსება, თუმცა მე ჩემი ღირსება მაქვს და ამ თემაზე საუბარი არ მინდა.

- ადრე ყოველთვის პასუხობდით კოლეგების კრიტიკას...

- დუმილი ოქროა... მთავარია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს. რთული თვე მოდის, საარჩევნო თემატიკით დატვირთული, ამიტომ ვფიქრობ, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაღლილ ტელემაყურებელს ცოტა განტვირთვის საშუალება მივცეთ. არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ სხვა რაღაცებით დავკავდე. სოციალურ ქსელს თვალს ვადევნებ, მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის, ვიღებ კრიტიკას, მაგრამ ვისაც დღეს იმისთვის სცალია, რომ "პროფილი" ლანძღოს, მაშინ გამოდის, რომ მართლაც წარმატებული გადაცემა ვყოფილვართ.

- ლანძღავენ გადაცემას და თან უყურებენ?

- ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ "პროფილის" ლანძღვა უკვე ჩავლილი მდინარეა.

- ფოტოსესიის დროს მითხარით, მაყურებელს არ ეგონოს, რადგან ამ ფორმაში გადავიღე ფოტოები, სტუდიაშიც ასეთი ჩაცმული გამოვჩნდებიო.

- დაველოდოთ ხუთშაბათ საღამოს და ვნახოთ, საკმაოდ საინტერესო იმიჯით წარვდგები. 35 წლის ვარ და თინეიჯერს ვერ დავემსგავსები, უბრალოდ, ის გლამურული სტილი, რომელიც ავთანდილმა მოიფიქრა, უფრო ყოველდღიური გახდება.

- ხშირად ამბობთ, რომ "პროფილი" სახალხო გადაცემაა.

- სწორედ ამიტომ, თუ გადაცემა სახალხოა, წამყვანსაც ისე უნდა ეცვას, როგორც მის მაყურებელს აცვია.

- თქვენს ახალ იმიჯზე აზრი ორად გაიყო, გარდა კრიტიკოსებისა, არსებობს მეორე ნაწილი, ვინც აღნიშნა, სად იყო მაია ასათიანი აქამდეო.

- აქ ვიყავი, ამ დღეს ველოდებოდი. ფიზიკურად მზად უნდა იყო, რომ ეს გარისკო. სამი თვე, სანამ ეთერში არ ვიყავით, აქტიურად ვცურავდი, ვვ­არჯიშობდი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი. ჩემთვის მთავარია, ესთეტიკურად გამოვიყურებოდე.

- თუმცა წონის პრობლემა არასოდეს გქონიათ.

- დიახ, მაგრამ როდესაც წლები გემატება, ჯობს, სპორტული ფორმა შეინარჩუნო, რადგან ვერასოდეს გახდები ისეთი, როგორიც 18 წლის ასაკში იყავი.

- გადაცემაში თანაწამყვანი ხომ არ გეყოლებათ?

- (იცინის) მე იგივე ვარ მარად და მარად.

- არც ცხოველებს ველოდეთ?

- ცხოველების მეშინია (იღიმება).

- ალბათ სკანდალური სტუმრები ისევ გეყოლებათ, გასულ სეზონზე, სტუდიაში ჩატარებული მცირე პლასტიკური ოპერაციებიც ვნახეთ.

- ვამაყობ, რომ ბევრ დახურულ თემაზე პირველად ჩვენთან დაიწყეს საუბარი. სკანდალი სკანდალისთვის არასოდეს გამიკეთებია, მაინც ვფიქრობ, რომ მორალურ ზღვარს არ უნდა გადააბიჯო. ყოფილა შემთხვევა, რომ მაყურებელი ზოგიერთ სტუმარს კრიტიკულად შეხვედრია, დასმულა შეკითხვაც, რატომ მოვიწვიეთ გადაცემაში ესა თუ ის ადამიანი და რატომ დავუთმეთ დრო. ჩვენ ჟურნალისტები ვართ და სწორად არ მიმაჩნია, რომ საეთერო დრო მხოლოდ დადებით ადამიანებს დავუთმოთ, ან ვინ განსაზღვრავს ამას? ამ ლოგიკით ეთერში მხოლოდ სანტა-კლაუსი უნდა გყავდეს. როდესაც ადამიანს საინტერესო ცხოვრება აქვს, ჩვენ ვყვებით მის ისტორიას და ის ცუდია თუ კარგი, მაყურებელი თავად განსაზღვრავს.

- "პროფილი" განახლებული სტუდიით გავა ეთერში...

- დიახ, ძალიან დიდი სტუდია გვაქვს, რამდენიმე ზონად დავყავით. სივრცე იმდენად დიდია, რომ ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება გვექნება. სტუდიაში ერთი ცენტრალურის ნა­ცვლად, ახლა სამი სხვადასხვა გამოსასვლელი გვექნება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენთან ხშირად ხვდებიან დაკარგულები ერთმანეთს.

- "პროფილის" სხვადასხვა გადაცემაში მაყურებელს საკუთარ ცხოვრებაზეც დოზირებულად აწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ ბოლო სეზონზე საკუთარ თავზე აღარ საუბრობდით.

- დიდი ხანია, რაც გადაცემაში ჩემს შესახებ არაფერი მითქვამს. ვიცი, რატომ, მაგრამ... რა გითხრათ, რით გაგახაროთ (იღიმება).

- არ მახსოვს ასეთი სიტყვაძუნწი მაია ასათიანი.

- სიტყვებს ვზომავ (იღიმება)... როდესაც მაყურებელს ჩემ შესახებ კითხვები უჩნდება, თქვენი საშუალებით შესანიშნავი შანსი მეძლევა, ვუპასუხო.

- გუნდი თუ შეიცვალა, რომელიც გადაცემაზე მუშაობს...

- გუნდი კი არა, უკვე ოჯახის წევრები ვართ, იმდენად ხმაშეწყობილად ვმუშაობთ. გადაცემის ხარისხი ყველა ჩვენგანის ღირსების საქმეა. ჩვენს გუნდში მთავარი ის არის, რომ თანასწორები ვართ. ეკრანზე მხოლოდ მე ვჩანვარ, რადგან წამყვანი ვარ, მაგრამ რეალურად მზადების პროცესი უფრო მიყვარს. "პროფილის" ავტორობა ბევრად უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე მისი წაყვანა. გადაცემის ავტორი მაია ძალიან განსხვავდება მისი წამყვანისგან. წამყვანი ავტორის მოგონილია.

- ამბობენ, რომ ცხოვრებაში განსხვავებული ხართ, ვიდრე ეკრანზე. ისიც უთქვამთ, რომ ეთერში სხვანაირად ლაპარაკობთ.

- ცხოვრებაში როგორი ვარ, მხოლოდ მე ვიცი. როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში სხვანაირად ვლაპარაკობ? ეკრანს თავისი ესთეტიკა აქვს. ისე არ უნდა ლაპარაკობდე, როგორც სახლში ან სამზარეულოში. ცხოვრებაში უწმაწური სიტყვაც მითქვამს და ხმამაღლაც მისაუბრია მეგობართან, მაგრამ ეკრანზე სხვანაირად ვიქცევი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე თავის მართლებით და იმის მტკიცებით, რომ როდესაც საჯარო პერსონა ხარ, გაკრიტიკებენ. თუ ხუთი წლის განმავლობაში შევძელით, რომ მუდმივად განხილვის საგანი ვყოფილიყავით, გამოდის, რომ წარმატებისთვის მიგვიღწევია, მაგრამ როგორც კი ჩათვლი, რომ ყველაზე მაგარი ხარ, იმ დღეს დამთავრდება ყველაფერი. ეს წლების წინ საკუთარ თავზე გამოვცადე და დღემდე ახალი სეზონის დაწყებისას, ისეთი განცდა მაქვს, რომ დამწყები ჟურნალისტი ვარ.

- მაია, დასვენების დროსაც გადაცემის ახალ სეზონზე ფიქრობდით?

- გაგიკვირდებათ და გადაცემა, რომლითაც სეზონი დაიწყება, შარშან იანვარში დავგეგმეთ. უბრალოდ, რთულად განსახორციელებელი იდეა იყო და დროს მოითხოვდა. კარგ სატელევიზიო პროდუქტს ერთ და ორ დღეში ვერ გააკეთებ. არ მიყვარს, როდესაც ჟურნალისტები საუბრობენ, რამდენი ღამე გაათენეს და როგორ იშრომეს, ამაზე მეც მისაუბრია. ეს მაყურებლის საქმე არ არის. საკმაოდ ხანგრძლივი დასვენება გამომივიდა, ძალიან გადაღლილი ვიყავი. ათი დღე თურქეთში დავისვენე ჩემს შვილთან ერთად. ყველაზე ბედნიერი ჩემი შვილის გვერდით ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიმყოფებით, მთავარია, ერთად ვიყოთ.

- ხშირად გამიგია, რომ მაია განსაკუთრებულად პოპულარული რეგიონებშია. როგორ გხვდებათ მაყურებელი?

- პოპულარობა ჩემი შრომის თანმდევია. ეს იმდენად საოცარი განცდაა, რომ როდესაც მაყურებელს ვხვდები, მგონია, რომ ყველა პრობლემის დამარცხებას შევძლებ, ნებისმიერ გასაჭირს გავუმკლავდები. ეს არის ის, რაც პიროვნულად მასაზრდოებს. ადრე თქვენც მეკითხებოდით, როგორ გავუძელი იმ უარყოფით ტალღას, რომელიც ერთი პერიოდი წამოვიდა. პასუხი ერთია, იმ ადამიანების სითბომ და ყურადღებამ გადამატანინა, რომლებიც მაშინ ქუჩაში მხვდებოდნენ, მანუგეშებდნენ და სიყვარულს გამოხატავდნენ.

- როდესაც წარმატებული ჟურნალისტი ხართ, რეიტინგული გადაცემა გაქვთ, რატომ განიცდიდით ასე უარყოფით კომენტარებს?

- იმიტომ, რომ მეც ადამიანი ვარ და რკინისგან არ ვარ შექმნილი. რაც უფრო დიდია წარმატება, უარყოფითი მხარეც იზრდება. არავის სიამოვნებს, როცა ცუდად მოიხსენიებენ. კარგია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და იმედია, თავიდან არ დაიწყება. რეალურად წარმატებამ ბევრი უარყოფითი რამ მომიტანა, არ იყო მარტივი.

- ეს ტალღა თქვენი ოჯახის წევრებს თუ შეეხო?

- ჯერჯერობით არა და კიდევ კარგი, რომ არ შეეხოთ. ალბათ მორალურად არც ისე ცუდად მიცხოვრია. უამრავ რაღაცას ამბობდნენ... ამ ასაკში უკვე ვისწავლე იმის დანახვა, საიდან უბერავს ქარი. მთავარია, პიროვნულად საკუთარი, ადამიანური სახე შეინარჩუნო. გზის ბოლოს გამოჩნდება ყველაფერი. დრო ისეთი უცნაური რამ არის, ყველაფერი დაიწრიტება და თავის ადგილზე დადგება. ამიტომ ჯობია, მდინარის პირას ჩამოჯდე და დაელოდო.

- თქვენ ახლა ამ მდინარის პირას ზიხართ და ელოდებით?

- დიახ... ვიცი, ინტერვიუს ბოლოს ალბათ პირად ცხოვრებაზე მკითხავთ. ამ კითხვას ხშირად მისვამენ. სიყვარულსაც ველოდები, რატომაც არა. სულელი ვიქნები, რომ ეს არ გითხრათ. რა თქმა უნდა, მინდა, ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს ადამიანი, რომელიც მორალურად დამიცავს ამ ყველაფრისგან და პრობლემებთან მარტო არ დამტოვებს. იმედია, ასეთი ადამიანი გამოჩნდება. შინაგანად არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც გარეგნულად ვჩანვარ.

- არ მჯერა, რომ თაყვანისმცემლები არ გყავთ.

- როგორ არა, მაგრამ ასე მგონია, რომ წარმატებამ პირად ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. ამ ბოლო დროს, როდესაც საკუთარ თავს ვუღრმავდები, აღმოვაჩინე, რომ მიჭირს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც წარმატების შემდეგ გამიცნო. თითქოს ჩემი სახით ცნობილ ადამიანთან ურთიერთობენ. არ ვიცი, შეიძლება, ბედიც არ იყო. ალბათ არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვისაც ისე შევიყვარებდი, რომ თავს დავკარგავდი. თუ გამოჩნდება, რატომაც არა.

- საჩუქრებს თუ გიგზავნიან თაყვანისმცემლები?

- შეიძლება არაადეკვატურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ როდესაც სრულიად უცნობი ან შედარებით ნაკლებად ნაცნობი ადამიანი საჩუქარს მიგზავნის, ფამილარობად მიმაჩნია და არ მიყვარს. შეიძლება, ძველი ყაიდის ქალის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ.

- მაია, ამ ხუთმა წელმა რეალურად შეგცვალათ?

- ჩემი ცხოვრება ამოატრიალა. რეალურად ამდენი წელი აქამდე მოვდიოდი და აქ რომ მოვედი, მივხვდი, რომ არც ისე იოლი ყოფილა. ჩემს თავს სულ ვეკითხები, ღირდა ამად? როგორ არ ღირდა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ყოველი სექტემბერი უდიდესი აზარტია და ჩვენი გადაცემა ახლაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ უნდა მოვხსნათ ჩვენივე შექმნილი რეკორდი. ეს ყველაფერი კი იმ ფილმს მახსენებს, ჯოტია ცაავა ქვას რომ ისვრის... (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები