Apple თანდათან მოსაწყენი ხდება - როგორ შეაფასებდა ჯობსი ახალ iPhone-ს

Apple თანდათან მოსაწყენი ხდება - როგორ შეაფასებდა ჯობსი ახალ iPhone-ს

Apple-მა თავისი iPhone-ის უახლესი ვერსია წარმოადგინა. ეს სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ ახალი პროდუქტის პირველი პრეზენტაციაა.

ამ მოვლენის აღსანიშნავად, BBC-მ ჟურნალ Newsweek-ის რედაქტორს დენ ლაიონსს, სატირული ბლოგის - "სტივ ჯობსის საიდუმლო დღიურის" ავტორს, Apple-ს მიერ გასულ წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ სტატიის დაწერა თხოვა. და აი, მისი საკმაოდ უკმეხი თვალსაზრისი:

მესმის, სადღაც, ზევით, როგორ ყვირის სტივი

ჯერ კიდევ 2006 დავიწყე ბლოგის წერა სათაურით "ყალბი სტივი." მოწონებაც დავიმსახურე, მაგრამ 2011 წელს შევწყვიტე ამის კეთება, რადგან გავიგე, რომ ჯობსს უკურნებელი სენი სჭირდა. მიუხედავად ამისა, დღესაც ვცდილობ წარმოვიდგინო: როგორ შეაფასებდა სტივი დღევანდელი Apple-ის მუშაობას.

უკანასკნელ კვირას სულ iPhone5-ზე ვფიქრობ. ის თავის ორ წინამორბედს ძლიერ წააგავს, მხოლოდ ცოტა თხელია და გრძელი, მოდერნიზებული შინაარსით და განახლებული ოპერატიული სისტემით.

მაინც, ვფიქრობ, რომ ის სტივს არ მოეწონებოდა.

ნუთუ ეს არის ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც კომპანიას ჩვენთვის შეუძლია. კომპანიას, რომელიც ამაყობს იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ორგანიზაციაა. ეს ხომ iPhone-ის მეექვსე ვერსიაა, სამომხმარებლო ინტერფეისი კი ისევ ისეთი აქვს, როგორც პირველს, 2007 წელს რომ გამოვიდა.

iPhone-ზე ელექტრონიკა უკვე ორი წელია, რაც არ შეცვლილა. გაიხსენეთ, iPhone 4 და 4S პრაქტიკულად იდენტურებია. ეს კი ნიშნავს, რომ ორი წლის მანძილზე, რომელიც Apple-ს ახალი მოდელის შემუშავებისთვის ჰქონდა, ცნობილმა დიზაინერმა ჯონათან აივმა პატარა ეკრანი(8,9სმ) ოდნავ უფრო დიდით (10,2სმ) შეცვალა. ვაუ! გასაგიჟებელი სიახლეა! დანარჩენ დროს რითი იყავი დაკავებული, ჯონ?

აი, როგორი ამბები ხდება ხოლმე, როდესაც კომპანია კვლევების ინვესტირებასა და ახალ შემუშავებებზე ეკონომიას აკეთებს. იცით თუ არა, რომ Apple ამაზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი მისი კონკურენტი - მოგების 2 პროცენტს, განსხვავებით Google-სა და Microsoft-ისგან, სადაც ეს ციფრი 14 პროცენტს აღწევს. ამის შემდეგ, გასაკვირიც არ არის, რომ Android-ის პლატფორმის ახალი მოდელები ყოველ კვირას რომ ჩნდებიან, სმარტფონების ბაზრის 68%-ს იკავებენ, 47%-ის ნაცვლად, გასულ წელს რომ ეჭირათ. Apple-მა კი წელს ბაზრის 17% დაკარგა.

ვისაც მათემატიკა უჭირს, მათთვის განვმარტავ: ბაზარზე Android-ის წილი Apple-ის წილს ოთხჯერ აჭარბებს, ოთხჯერ!

კიდევ უარესი, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ინოვაციებზე, Apple მიმბაძველად გადაიქცა, თანაც, არც თუ საუკეთესო მიმბაძველად. რისთვის ზრდის iPhone-ის ზომებს? იმისთვის, რომ Android-ის ტელეფონებს არ ჩამორჩეს. არადა, iPhone მაინც არ მოგცემთ მნიშვნელოვან ეკრანულ სივრცეს. სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი.

Apple-მა პლანშეტების წარმოებაშიც გამოავლინა მიმბაძველობა. ჯობსმა ერთხელ თქვა, რომ iPad-ის 246,4მმ-იანი ეკრანი დიაგონალზე იდეალურია და უფრო მცირე ზომის ეკრანიანი პლანშეტების კეთებას აზრი არა აქვს. შემდეგ გამოჩნდა Android-ის 180 მმ-იანი წარმატებული მოდელები და აი, Apple აცხადებს, რომ ოქტომბერში საკუთარ iPad-ს გამოუშვებს, რომელსაც უფრო მცირე ზომის ეკრანი ექნება. ამის შემდეგ, მოდი და ილაპარაკე "განსხვავებულ აზროვნებაზე".

კიდევ რაზე შეიძლება დავიჩივლოთ?

უკანასკნელ ხანებში გაკეთებული Apple-ის სარეკლამო რგოლები ისეთი ნაგავი იყო, რომ თავად კორპორაციამ მოხსნა ისინი YouTube-დან.

ახალმა ბიჭმა, საცალო ვაჭრობაზე რომ იყო პასუხისმგებელი, მოგების გაზრდის მიზნით, მუშების გაშვება დაიწყო, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაებრუნებინა ისინი, რადგან დაუმტკიცეს, რომ ის სისულელეს სჩადიოდა.

Samsung-თან წარმოებულ "საპატენტო ომში", რომელშიც გაიმარჯვა (1 მილიარდი დოლარი), Apple ”ხულიგანივით” გამოიყურებოდა. და კიდევ, მთელ ქვეყანას დაუმტკიცა, რა კარგია Samsung-ის უახლესი პროდუქცია.

გასულ თვეს  Samsung Galaxy S3-მა უზარმაზარი ეკრანით (120მმ), პირველად აშშ-ის ისტორიაში, გაყიდვებით iPhone 4S-ს გაასწრო.

Apple-ს წარმატების საწინდარი გაბედულება და რისკი იყო. ეხლა კი კომპანია სხვებისგან ასლების გადაღებითაა დაკავებული და ცდილობს, არ გარისკოს.

კომპანია, რომელსაც ერთ დროს მეოცნებე და წინასწარმეტყველი ხელმძღვანელობდა, ახლა ციფრებს ჩამოკიდებული აღმასრულებელი დირექტორის გამგებლობაშია, რომლის წარმოდგენები დიდებაზე, პროდუქციის მიწოდების ეფექტურად გამართულ ხაზების დონემდეა დასული.

ვტომობილებთან გავავლოთ ანალოგი

ექვსი წლის წინ iPhone იგივე იყო, რაც BMV-ს ანდა Porsche-ს ფლაგმანი მოდელები. დღეს კი არის Toyota Camry. უსაფრთხო, საიმედო, მაგრამ მოსაწყენი. მანქანა, რომელსაც დედათქვენი მართავს. მანქანა, რომელიც ისეთი პოპულარულია, რომ შემქმნელი ვეღარ რისკავს საწარმოო პროცესში ჩარევას.

ხანდახან ვფიქრობ, რომ Apple აღარ არის დაინტერესებული იმით, რომ მოულოდნელი სიახლით გაგვაოცოს, უკვე არსებული მოდელებისგან ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოგების გამოწურვას და ამას ძლიერ კარგად აკეთებს.

გაყიდვები იზრდება და წელს 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ბრენდის საბაზრო ღირებულება 632 მილიარდი დოლარია, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს. ეს ძლიერ კარგია კომპანიის აქციონერებისთვის. მაგრამ, კლიენტებისთვის? Apple თანდათან ხდება ისეთი, როგორიც არასდროს უნდა გამხდარიყო - მოსაწყენი.

მესმის, სადღაც ზევით, როგორ ყვირის სტივი.

მოამზადა დავით შალიკაშვილმა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს