ნინო არაზაშვილი: "თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს"

ნინო არაზაშვილი: "თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს"

3 სექტემბერს "დილა მშვიდობისა, საქართველო" 2523-ედ მიესალმა "რუსთავი 2"-ის მაყურებელს. ათი წლის იუბილეზე ნინო არაზაშვილმა ამ გადაცემის ყველა ვეტერანი შეკრიბა და საკმაოდ ხმაურიანი, სახალისო და საინტერესო ორი დილა აჩუქა მაყურებელს. ჩვენ ნინოს განვლილ ათ წელზე ვესაუბრეთ.

- ათი წელი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ შემაჯამებელი გადაცემა გაგვეკეთებინა. ამ გადაცემაში მოვიწვიეთ ადამიანები, რომლებმაც პირველებმა გადაწყვიტეს, ღამეები ეთენებინათ, დილით ადრე გაეღვიძათ და პირველად მისალმებოდნენ 2002 წლის 2 სექტემბერს ღია ეთერში "რუსთავი 2"-ის მაყურებელს. ესენი იყვნენ ნატა ამაღლობელი, ნინო ჯაფიაშვილი, დიმიტრი ობოლაძე, ნატა ნიჟარაძე, დავით კიკალიშვილი, ნიკა ტაბატაძის დამსახურება იყო ამ წამყვანების დამტკიცება დილის ეთერში.

- დილის გადაცემის იდეაც ნიკას ეკუთვნის?

- ეროსი კიწმარიშვილსა და ნიკას ერთად.

- შენ როდის ჩაერთე ამ ორომტრიალში?

- პირველივე დღიდან, ოღონდ მე ვიყავი კორესპონდენტი. დახურული კასტინგი ჩატარდა კორესპონდენტების შესარჩევად. 14 კორესპონდენტის განაცხადი შემოვიდა და მათ შორის ვიყავით მე და გიორგი გვიშიანი. მაშინ "მაესტროში" ვმუშაობდი, 9 წლის განმავლობაში. ძალიან მაინტერესებდა ნიუსი. მაშინ "მაესტროს" ნიუსი არ ჰქონდა. ჩვენ მხოლოდ მუსიკალურ-გასართობ და შემეცნებით გადაცემებს ვამზადებდით. მე რამდენიმე გადაცემის ავტორი ვიყავი, რედაქტორიც გახლდით, მაგრამ ახალი ამბების ინტერესმა მძლია და ეს ნაბიჯი გადავდგი. აგვიყვანეს მე და გიორგი გვიშიანი. "დილის კურიერის" პირველი კორესპონდენტები იყვნენ ქეთი ქარდავა, რომელიც დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენელია ბრიუსელში, მანანა მანჯგალაძე, დღეს პრეზიდენტის სპიკერი, სხვებიც, მაგრამ ძირითადი კორესპონდენტები, რომლებსაც გვევალებოდა ყოველდღიური რეპორტაჟების და რამდენიმე მასალის მომზადება, ვიყავით მე და გიორგი. ღამეებს ვათენებდით.

5-6 საათზე ვამთავრებდით მუშაობას. მაშინ გაცილებით ცოტა სამონტაჟო იყო და დამოკიდებული ვიყავით, როდის დამთავრდებოდა 9-საათიანი "კურიერი" და მერე ვიწყებდით მუშაობას.

- გახსოვს პირველი სიუჟეტი დილის ეთერში?

- საეთერო არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს კასტინგისთვის რეპორტაჟები, ახალ წიგნზე, ახალ სპექტაკლზე და ახალ მოდის კოლექციაზე... დღეს გადაცემა 11 წლის უნდა იყოს. ჩვენ 4 თვე ვიმუშავეთ. მერე გიორგი სანაია გარდაიცვალა და გვითხრეს, ახლა ცოტა ხანი არ გვცალია თქვენთვისო. მერე უშიშროება შემოვიდა "რუსთავი 2"-ში და კვლავ გადაიდო გადაცემის მეორედ დაწყება. ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო 3 სექტემბრის გადაცემა. ეს ადამიანები ერთად რომ შევკრიბე. მაგალითად, არავინ იცოდა, სად იყო ნატა ამაღლობელი, რომელსაც დღეს "რუსთავი 2"-ის საიტი აბარია. ნინო ჯაფიაშვილი, რომელიც დღეს "ცხელი შოკოლადის" ერთ-ერთი რედაქტორია. მაგდა ანიკაშვილი იყო კიდევ ჩვენთან. ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს გადაცემა ბევრისთვის მართლაც სერიოზული ტრამპლინი გახდა, რომ უკეთ ეგრძნოთ თავი საკუთარ კარიერაში. საიუბილეო გადაცემაში ვიხსენებდით კურიოზებს, პირველ ეთერს, იმ დროს, როცა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში. მე ყველაზე ცოტა ვილაპარაკე ჩემზე, რადგან მასპინძელი წამყვანი გახლდით.

2002 წელს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამ ხდებოდა. გვიწევდა გვიან ღამე ამბის მოფიქრება და მერე ამ ამბავზე სიუჟეტის აწყობა. შუაღამისას ვაღვიძებდით რესპონდენტებს და ვიღებდით. ნამდვილად რთული სამუშაო იყო. მძიმე დღეებიც გვახსოვს. აქ ვიყავი დილის 6 საათზე, როცა "რუსთავი 2"-ს ნაღმი ესროლეს. ერთადერთი ადამიანი გახლდით, ვინც იმ დროს "ნიუსრუმში" იჯდა. ეს იყო შოკი ჩემთვის, იმდენად სტრესული სიტუაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ძლივს ვუყრიდი თავს სიტყვებს, რომ რაღაც მეთქვა...

საიუბილეო გადაცემაში ყველა ერთად ვიხსენებდით, რა დაიწყო ამ გადაცემამ. "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემას პირველს ჰქონდა სამზარეულო "ლაივში", მანამდე ქართულ ტელესივრცეში მსგავსი რამ არ ყოფილა, პირველმა გადაწყვიტა, რომ მაყურებლებს შორის იქნებოდა ბევრი ადამიანი, რომლებსაც მოუნდებოდათ მცენარეებზე ზრუნვა. მეორე წლიდან დავიწყეთ ფლორისტების რჩევები, ახლა ზურა შევარდნაძე გვყავს. ყველაზე ბევრი ადამიანი მაშინ რეკავდა, როცა ფლორისტები გვყავდნენ ეთერში. თან ყველაზე მეტი ზარი მამაკაცებისგან შემოდიოდა. ვხუმრობდი კიდეც, ნეტავ, თავის ცოლებზეც ასე ზრუნავდნენ, როგორც მცენარეებზე-მეთქი. რეკავდნენ და თავიანთი კაქტუსების ავადობას შემოგვჩივლებდნენ ხოლმე.

პირველად ჩვენს გადაცემაში მივეცით შანსი ცნობილ ადამიანებს, რომ თავი ჟურნალისტის ამპლუაში მოესინჯათ. ეს დავით კიკალიშვილის იდეა იყო და დღეს ეს რუბრიკა "პოსტსკრიპტუმში" გრძელდება. ჩვენ პირველები ვითანხმებდით ცნობილ ადამიანებს, დილის 8 საათზე ოჯახის კარი გაეღოთ და მოეცათ ნება, მათი დილა გადაგვეღო. თითქოს რაღაცები ჰქონდათ ნაფიქრი, დაგეგმილი, მაგრამ იყო მოულოდნელობებიც. მაგალითად, შეიძლებოდა, უცებ მოსულიყო ფოსტალიონი ან მემაწვნე, ლიფტში გაჭედილიყო ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო ამ უხერხულობიდან გამოსავლის ძიება იყო.

ჩვენ გვქონდა ძველი პრესის მიმოხილვა. იმ დროს, როცა სულ რაღაც 200 კაცს ჰქონდა თბილისში კომპიუტერი, გავაკეთეთ ინტერნეტმიმოხილვა ღია ეთერში. ეს იყო ძალიან სერიოზული ბიძგი საზოგადოებისთვის, რომ დაეზოგათ თანხა და ეყიდათ კომპიუტერი. 9 წლის წინ თითზე ჩამოსათვლელი იყო ქართული საიტები. არ არსებობდა სოციალური ქსელი. საჩათაოდ იყო მხოლოდ "მირკი" და "აი სი ქიუ". ჩვენი პირველი ინტერნეტმიმომხილველი დავით ხაბურზანია, იგივე გურიჩა, ღია ეთერში ჩავრთეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან საიუბილეო გადაცემისთვის. ეს დიმასთვის და ნატა ამაღლობელისთვის მართლაც რომ სიურპრიზი იყო... ჩვენი მონაპოვარია რუბრიკა "უსმინე ცოცხალს", ხმამაღალი პროტესტი პლუს ფონოგრამაზე. ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ შესაძლებელია დაკვრა და სიმღერა ერთად "ლაივში".

- თქვენს კოლეგებს რომ ვუსმენდი, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თითქმის ყველა წამყვანი ტრავმირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს...

- რისკიანი გოგონები გვყავს, ასეთებს ვარჩევთ, შეიძლება, ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, მაგრამ თუ არ ხარ ენერგიული, თავზეხელაღებული, თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს.

- ყველაზე მეტად როდის შეგეშინდა?

- როცა გიუნტერი გადმოვარდა ცხენიდან. ამ დროს ეთერში არ ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ტელეეკრანიდან ვნახე. შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ის სამი წამი, სანამ გიუნტერი თავს წამოსწევდა, სუნთქვა შემეკრა... მეორედ 8 აგვისტოს შემეშინდა. დაგეგმილი მქონდა ყველაფერი, შვებულებაში გავდიოდი, ჩემოდანი ჩალაგებული მქონდა, რომ მივხვდი, ქვეყანაში ომი დაიწყო და ამ დროს არ ვიყავი ჩემი შვილების გვერდით. ეს ეთერი ყველაზე გრძელ ეთერად მომეჩვენა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება, არ გამიშუქებია ომი, არ შევხებივარ პოლიტიკას, მაგრამ ის დღეები ჩემს გუნდთან ერთად "რუსთავი 2"-ში ვცხოვრობდი. ფურცლის დატარებასაც ავიღებდი ჩემს თავზე, ოღონდაც გუნდს ეგრძნო, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. ღმერთმა არტისტიზმის უნარი მომცა. გარკვეულ მძიმე დღეებში შემიძლია გავიღიმო და ისე მივესალმო მაყურებელს. 8 აგვისტო იყო ის შემთხვევა, როცა არ მეღიმებოდა. ამ დროს უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს. ვნერვიულობდი ჩვენს თანაგუნდელებზე, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ. როგორც დედამ, პირველად მაშინ ვინერვიულე, როცა თბილისს რამდენჯერმე გადაუფრინეს. სახლში მივედი, ვეძებ ბავშვებს და ვხედავ, რომ მაგიდის ქვეშ სხედან. არასდროს უთამაშიათ მაგიდის ქვეშ. მივხვდი, რომ ამ ხმების შეეშინდათ და იქ თავშესაფარი იპოვეს. გავვარდი მაღაზიაში, სხვათა შორის, ქუჩაში არავინ შემხვედრია, რაღაცნაირი დღე იყო, ყველა სახლში იჯდა. ღია რომ დამხვდა მაღაზია, გამიკვირდა კიდეც. ვიყიდე პლანშეტი და ფლომასტერები და შევუძახე ბავშვებს, მოდით, დავხატოთ ომი! ერთ პლანშეტზე დავხატეთ ომი, მეორეზე - მშვიდობა და ეს ნახატები სახლში გავაკარით. ამ პერიოდში სტუმრად მოსული მეზობელი თუ ნათესავი ომის თემაზე ლაპარაკობდა. სტრესი ამით მოვუხსენი ბავშვებს. მაშინ გამარჯვებული დედა ვიყავი. მე ვიცი ბავშვები, რომლებზეც ძალიან მძიმედ იმოქმედა ამ ომმა, თვითმფრინავის ხმის დღემდე ეშინიათ ჩემი მეგობრის შვილებს.

- თემა შევცვალოთ, კარგი, სახალისო ამბებიც გაიხსენე, პაატა გულიაშვილი როგორ შემოუერთე გუნდს?

- შარშანწინ შემოვიერთეთ პაატა. ჯერ ერთი, არ შეიძლებოდა, მარტო ნინო არაზაშვილს ეცინა ეთერში. მივხვდი, რომ ცოტა გამაღიზიანებელიც არის ეს გაუთავებელი სიცილი ეთერში, მაგრამ მე მართლა ასეთი ტიპი ვარ. ცხოვრებაშიც ასე ვხალისობ რაღაცებზე, მიყვარს სიცოცხლე და ამიტომაც მაქვს ამდენი ენერგია მუშაობისთვის. ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ პაატა გულიაშვილი მოუხდებოდა ჩვენს გადაცემას. მაშინ "მზის დარტყმა" უკვე აღარ გადიოდა ეთერში. დავურეკე და უმუშევარი აღმოჩნდა. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ სამუშაო კვირას დაიწყებ და დაასრულებ პაატას ანეკდოტებით. ულევი მარაგი აქვს. ყველაზე ხშირად ჰყვება მეგრელებზე, გიორგი ქორქიას ეკინკლავება (იცინის). სერიალები აქვს მეგრელებისა და კახელების ურთიერთობებზე.

- გაიხსენე ყველაზე უცნაური ფორმა, რომლითაც პაატა ჩაგერთოთ ეთერში.

- ახალი წელი იყო. სპორტის სასახლის ტერიტორიიდან კახელ მოვაჭრე გლეხებთან ერთად ჩაგვერთო ანგელოზის ფორმაში. ფრთები ჰქონდა. ისეთი ლექსები გააშვანშვალა, მოვკვდით სიცილით. მარტო კახელი ღიპიანი ანგელოზის დანახვა ღირდა ერთ რამედ. თქვენ უნდა ნახოთ, როგორ დასდევს სკამით ნანუკა გოგიჩაიშვილს სტუდიაში, სადაც დაინახავს მივა, მიიდგამს სკამს, ავა და კოცნის (იცინის)...

ამ ათი წლის განმავლობაში დაწყების დღიდან დღემდე გადაცემას შემორჩა სამი ადამიანი: მე, ჩვენი რეჟისორი და პროდიუსერი სოსო მჭედლიძე და "სუფლიორშა", ყველა ვინც მოდის ამბობს, რომ ამ რეჟიმს ვერ გაუძლო. გუშინ ნატა ამაღლობელიც ამბობდა, რომ მსოფლიოში აღიარებულია, ვინც მუშაობს დილის შოუზე, გმირები არიან. დროის სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ. შვებულებიდან რომ გამოვედი, პირდაპირ ჩემოდნით მოვედი სამსახურში. ვიცოდი მექნებოდა დღეები, აქედან ღამითაც ვერ წავიდოდი, ამიტომ ტანსაცმლის ამოკრებას ვარჩიე, ყველაფერი აქ მომეტანა. 3 დღე აქ ვიცხოვრე.

საიუბილეო გადაცემაზე ყველა ლამაზი, ბედნიერი მოვიდა, ანათებდნენ. მაყურებელმა არ იცის, იმისთვის, რომ ეს გადაცემა ეთერში გასულიყო, არც ერთი წუთი არ მოვწყვეტილვარ კომპიუტერს. დილით გიორგი ქორქიამ მითხრა, ახლა დროა, საგრიმიოროში შეხვიდე, ეთერში უნდა გავიდეთო. წვეთი არ მიძინია.

- როგორ გგონია, რამდენ ხანს გაუძლებ კიდევ ამ რეჟიმს?

- იცი რა, ეტყობა, მყოფნის ცოტა ძილი, თან მერე ერთიანად ვინაზღაურებ.

- ჩვენ მოვისმინეთ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ჰიმნიც.

- ჯერ კიდევ შვებულებამდე დავიჭირე ამის თადარიგი. სიმღერა მიშა მდინარაძემ დაგვიწერა, ლექსი - ირინა სანიკიძემ. სიმღერა "ბრავო რეკორდსში" ჩავწერეთ უსასყიდლოდ და კლიპიც გადავიღეთ.

- არაერთი კურიოზული სიტუაცია გაიხსენეს შენმა კოლეგებმა, შენ არ მოგეცა ამის შესაძლებლობა. იქნებ, ჩვენთან გაიხსენო?

- დაუვიწყარია ჩემი ბანაობა ღია ეთერში, როცა ნიკა გრიგოლიამ წყალი გადამასხა თავზე, მაყურებელს ახსოვს, როგორ ვიშრობდი თმას პირდაპირ ეთერში. მახსოვს ნატა ნიჟარაძის ჩართვა მერიის ძველი შენობის აივნიდან მაშინდელ მერთან, ზურა ჭიაბერაშვილთან ერთად, ჩართვამდე დავურეკე, რას შვრებით-მეთქი. ვდგავართ, ბზარებია დიდი და ზურა თოკებით უჭირავს დაცვას უსაფრთხოებისთვისო. შენ რას შვრები-მეთქი, შეშინებულმა ვკითხე, დაუცველი ვარ, მე ხომ მერიის თანამშრომელი არ ვარო, მიპასუხა. ბოლომდე დაძაბული ვუყურებდი ამ ჩართვას, მეშინოდა, ის ქონგური არ ჩამონგრეულიყო, რომელზეც ზურა, ნატა და ოპერატორი იდგნენ. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ეკა ამირეჯიბს ლოგინში ჩაუხტნენ. ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან ჰქონდა ჩართვა და თეთრეულის დემონსტრირებისთვის იდგა საწოლი დარბაზში. ეკა ჩაწვა ლოგინში, დაგვემშვიდობა და უცბად კადრში გამოჩნდა ვიღაც ბიჭი, ლანგრით ხელში, რომელმაც ეკას მიართვა წვენი, ყავა და თან საწოლში ჩაუხტა. გადავყირავდით. ეს კურიოზი იმ სავაჭრო ცენტრის მესვეურებმა გააჩალიჩეს. კურიოზი იყო, როცა ჩვენმა პროდიუსერმა აჩიკო მიქაძემ ეთერში ნაყინის გამყიდველი შემოიყვანა. "აბა, სიყვარულის ნაყინი", ყვიროდა ეს კაცი და გაფართოებული თვალებით იყურებოდა დიმა ობოლაძე, რადგან დანარჩენებმა იცოდნენ ამ სიურპრიზის შესახებ. ჯერ ჩუმად ხელს უქნევდა, გადი აქედანო, მერე ხმაც ამოიღო, ვინ არის ეს კაცი, გაიყვანეთო (იცინის).

- რას გვპირდებით ახალი სეზონიდან?

- სტაბილურობას გპირდებით. სხვა დილის გადაცემებიც ხომ არის ქართულ ტელესივრცეში. ხშირად იცვლება ფორმატი, გუნდი, წამყვანები. ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ ის არის, რომ ჩვენი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, სტაბილურია. როცა 10 წელი ერთი და იმავე სტუდიიდან ესალმები მაყურებელს, ის გენდობა, შენი იმედი აქვს და გელოდება.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები