რატომ დატოვა ნოდარ მელაძემ "100 გრადუსი ცელსიუსი"

რატომ დატოვა ნოდარ მელაძემ "100 გრადუსი ცელსიუსი"

გასულ სატელევიზიო სეზონზე "იმედზე" ახალი გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსი" გამოჩნდა, რომლის წამყვანიც ნოდარ მელაძე გახლდათ, გადაცემა კი ყოველკვირეულად სულ უფრო სკანდალური და პოპულარული ხდებოდა. მიუხედავად დიდი კრიტიკისა, ფაქტია, რომ ამ გადაცემას ბევრი მაყურებელი ჰყავდა და შესაბამისად, მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. წამყვანის ეპატაჟური სტილი ხშირად ხდებოდა საზოგადოების განსჯის საგანი, მაგრამ სეზონის დასასრულს სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად გააქტიურდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნოდარ მელაძის მიმართ შეურაცხმყოფელ გვერდებს ქმნიდა და ღიად აკრიტიკებდა.

როგორც ამბობდნენ, ამ ფაქტს ტელეწამყვანი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამის გამო გადაცემის წაყვანაზე უარი არ უთქვამს და სკანდალების სერია ძველებურად გრძელდებოდა "იმედის" ეთერში.

ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოდარ მელაძე შოუს აღარ წაიყვანდა. ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებისთანავე, ჭორი იმის შესახებ, რომ ნოდარ მელაძემ გადაცემა დატოვა, ისევ აქტუალური გახდა. ამბობენ, რომ მელაძემ სოციალურ ქსელში მის მიმართ წამოსულ შეურაცხმყოფელ ტალღას ვერ გაუძლო და საბოლოოდ "100 გრადუსი ცელსიუსი" წაყვანაზე უარი თქვა. უსამსახუროდ არ დარჩენილა, ძველებურად აგრძელებს "იმედის" ეთერში საინფორმაციო გადაცემის წაყვანას, მეორე ჭორი, რომ ნოდარის წასვლასთან ერთად შოუც დაიხურა, გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა თამუნა ჯანელიძემ არ დაგვიდასტურა, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვინ ჩაიბარებს ყველაზე ცხელ თოქშოუს, როგორც მას ყოფილი წამყვანი უწოდებდა.

გავრცელებული ჭორების გადამოწმება თავდაპირველად ნოდარ მელაძესთან ვცადეთ, მაგრამ ჟურნალისტმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც მივწერეთ.

გადაცემას ორი პროდიუსერი ჰყავს, ლიზა ვადაჭკორია და თამუნა ჯანელიძე. ცხადია, ორივეს დავურეკეთ.

- ლიზა, გავრცელდა ხმა, რომ გადაცემა ""100 გრადუსი ცელსიუსი"" დაიხურა, რადგან ნოდარ მელაძემ ვერ გაუძლო იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც ბოლო დროს მისი მისამართით სოციალურ ქსელში ხორციელდებოდა.

- მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ნოდარმა ამას ვერ გაუძლო. მე ვიცი, რომ გადაცემა არ დახურულა და სეზონი ოქტომბრიდან დაიწყება. საუბარი იყო იმაზე, შოუს ნოდარ მელაძე წაიყვანდა თუ ვინმე სხვა.

- ჯერ არ არის გარკვეული, ვინ წაიყვანს გადაცემას?

- სექტემბერი ახალი ამბებით დატვირთულია და შესაბამისად, ნოდარი ყოველდღე "ქრონიკაში" მუშაობს, ეს არის მისი მთავარი საქმიანობა და დრო აღარ რჩება, რომ პროექტი გააკეთოს. ამიტომ დადგა საკითხი, რომ ან ოქტომბრიდან გაგრძელდეს შოუ, როდესაც ნოდარი გათავისუფლდება, ან წამყვანი შეიცვალოს, რომელსაც უფრო მეტი დრო ექნება ამ გადაცემაზე მუშაობისთვის.

- თქვენ ახალ სეზონზე სამსახურში ჯერ არ გამოცხადებულხართ?

- ვიყავი, რაღაც გეგმებზე ვისაუბრეთ, მაგრამ გადაცემის ჩაწერები ჯერ არ დაწყებულა. ოქტომბერში ზუსტად გვეცოდინება, ნოდარი გააგრძელებს თუ არა გადაცემის წაყვანას. ჯერჯერობით არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ გადაცემა დაიხურა.

ლიზასთან საუბრის შემდეგ ასევე პროდიუსერ თამუნა ჯანელიძეს ვესაუბრეთ.

- კრიტიკას ვერ გაუძლო? ეს ცოტა სასაცილოა. თავიდანვე, როცა ნოდარმა პროექტის წაყვანაზე თანხმობა განაცხადა, თქვა, რომ ეს მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდებოდა. მისი მოწოდება უფრო საინფორმაციოა და შესაბამისად, ისევ იქ დაბრუნდა.

- ვინ იქნება ახალი წამყვანი, როდის დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს გადაცემა?

- დიდი ხანი არ მოუწევს მაყურებელს ცდა, მაგრამ სიურპრიზად დავტოვებთ, ვინ იქნება წამყვანი. ჯერჯერობით არც არის გადაწყვეტილი.

- კრიტიკის მიუხედავად, გადაცემა საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, ალბათ რისკავთ, როდესაც წამყვანი იცვლება გადაცემაში.

- გეთანხმებით, გადაცემამ ყველანაირი რეიტინგი მოხსნა, იმედია, ახალი წამყვანიც გაამართლებს, ისევე, როგორც ნოდარი.

- გული არ დასწყდა, გადაცემის დატოვების გადაწყვეტილება რომ მიიღო?

- გული რომ დასწყვეტოდა, ალბათ არ წავიდოდა, უბრალოდ მისი ფორმატი უფრო საინფორმაციოა. ზუსტად ვიცი, არავინ არის თავისი საქმის ისეთი პროფესიონალი, როგორიც ნოდარი, შესაბამისად ჩემთვისაც ძალიან კომფორტული იყო მასთან მუშაობა. რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ მისთვისაც ასე ჯობდა.

კულუარებში კი აქტიურად ვრცელდება ჭორი, რისი ბრალია ნოდარ მელაძის წამყვანობიდან წასვლა. როგორც ამბობენ, "იმედის" ზოგმა შოუმ ვერ აიტანა ნოდარ მელაძის შოუს მაღალი რეიტინგი, სპეციალურად აუგორეს სოციალურ ქსელებში ბინძური კამპანია და ნოდარიც იძულებული გახდა დანებებულიყო. "ყველამ მშვენივრად იცის, ვინც აკეთებს ამას, უბრალოდ, ხმამაღლა ვერ ამბობენ და ნოდარსაც თანადგომას ვერ უცხადებენ", - განაცხადა ჩვენმა ანონიმმა წყარომ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები