ლიკა ლაბაძე თაყვანისმცემლების საკითხს დედასთან ერთად განიხილავს

ლიკა ლაბაძე თაყვანისმცემლების საკითხს დედასთან ერთად განიხილავს

ტელეწამყვანი და ყოფილი ბალერინა ლიკა ლაბაძე ახალ სატელევიზიო სეზონს დიდი შემართებით და ახალი იდეებით იწყებს. გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, გადაწყვეტილი აქვს ჩამოაყალიბოს ქალთა სარელაქსაციო ცენტრი და იმავდროულად აპირებს, სიმღერას სერიოზულად მოჰკიდოს ხელი. გარდა სამომავლო გეგმებისა, ლიკას მამაკაცებზე და მათთან ურთიერთობაზეც ვესაუბრეთ, მართალია, ადრე ასაკით უმცროსი შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ დღეს თავისი ასაკის მამაკაცთან საქმის დაჭერაც კი ცოტა უჩვეულოდ ეჩვენება.

- ლიკა, როგორ ხარ? მოკლედ გვითხარი, როგორ გაატარე ცხელი სეზონი?

- კარგად ვარ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შვებულება მაქვს, ამიტომ ჯერ კიდევ ვისვენებ (იღიმება). რაც შეეხება ზაფხულს, მოგეხსენებათ, ეგვიპტის საგზურით დამასაჩუქრეს, სადაც მშვენიერი ათი დღე გავატარე. ამის შემდეგ არსადაც რომ არ წავსულიყავი, მაინც ჩავთვლიდი, რომ კარგად დავისვენე, თუმცა შვებულებაში გასვლის შემდეგ დედასთან ერთად პარიზში წავედი და კულტურული დასვენება მოვიწყვეთ, მოვიარე ყველა მუზეუმი და ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რის ნახვაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. პარიზის შემდეგ ბათუმში გადავინაცვლე და მთელი დარჩენილი ზაფხული ამ კურორტზე გავატარე. წელს ცხოვრებაში ყველაზე კარგად დავისვენე. როცა ვცეკვავდი, ასეთი გრძელვადიანი დასვენების საშუალება არ მეძლეოდა, მუდმივად ფორმაში უნდა ვყოფილიყავი და ამისთვის ზაფხულშიც კი ვარჯიში მიხდებოდა, ამჯერად კი ყველანაირად დავისვენე, გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

- კარგად დასვენებული ახალი ძალებით შეუდგები ახალ სამუშაო სეზონს...

- კი, თან ბევრი ახალი გეგმა და იდეა მაქვს. მინდა ჩამოვაყალიბო ცეკვის სტუდია ნებისმიერი ასაკის მოყვარულებისთვის, პრინციპში, ეს სტუდია კი არა, უფრო ქალთა კლუბი იქნება, სადაც ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ ზრდასრულმა ქალმა თავი იგრძნოს კომფორტულად და მძიმე გრაფიკის შემდეგ ჩვენთან განიტვირთოს. გარდა ამისა, შეიძლება ისევ "პირველ არხზე" ახალი გადაცემა დავიწყო, ჯერ ზუსტად არ ვიცი, ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ. ამასთანავე ვიწყებ სიმღერას, დიდი ხანია მინდა, ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდო ხელი, მაგრამ დრო არასდროს მყოფნიდა, ახლა გადავწყვიტე მოვემზადო სათანადოდ, ვიარო ვოკალის პედაგოგთან და თუ კარგად გავართვი ამ ყველაფერს თავი, მერე უკვე სერიოზულად მოვკიდებ ხელს სასიმღერო კარიერას.

- როდესაც პარიზში მოგზაურობაზე საუბრობდი, მინდოდა მეკითხა, რატომ შეარჩიე მეგზურად დედა, პარიზი უფრო რომანტიკას უკავშირდება, მას ხომ სიყვარულის ქალაქს უწოდებენ...

- ჩემთვის ამ ეტაპზე პარიზი სიყვარულის ქალაქი არ ყოფილა, მინდოდა, ეს ქალაქი სხვა კუთხით, თავისი ღირსშესანიშნაობებით დამეთვალიერებინა, ამისთვის კი დედასთან ერთად წასვლა იდეალური ვარიანტი იყო, რადგან მასაც ჩემნაირი ინტერესები აქვს. ვიცოდი, მასთან ერთად არ შემექმნებოდა არანაირი დისკომფორტი. ვიცოდი, რომ დასვენებაში კარგად ამიბამდა მხარს და ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, დასვენებული კი არა, დაღლილი ჩამოვედი, რადგან დილის რვა საათზე რომ გავდიოდით სასტუმროდან, გვიან ღამე შევდიოდით. როდესაც სადმე მივემგზავრები, მიყვარს გეგმების წინასწარ დაწყობა, წასვლამდე ზუსტად მქონდა გაწერილი, რომელ დღეს რა უნდა მენახა, ამა თუ იმ მუზეუმში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, თან რაიონების მიხედვით მქონდა განაწილებული სანახაობები. მოკლედ, კარგად გამიზნული გეგმით წავედი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება, გიდობასაც კარგად გავართვა თავი (იცინის).

- როგორც მივხვდი, დედასთან საკმაოდ ახლოს ხარ, პირად თემებზე თუ ესაუბრები, რჩევებს თუ გაძლევს?

- საერთოდ, არ მიყვარს ჩემს გრძნობებსა და პირადულზე ვინმესთან ლაპარაკი. დედამ ყოველთვის იცის, რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ. ვცდილობ, ჩემთვის შევინახო პირადი ცხოვრება, ამ საკითხს იმიტომ ჰქვია პირადი, რომ ის არის შენი.

- დედა თაყვანისმცემლებს თუ გიფასებს?

- კი, თაყვანისმცემლებს ყოველ­თვის ერთად განვიხილავთ, უყვარს იმ­ის აღნიშვნა, ვინ როგორი ყვავილი ან საჩუქარი მომიტანა. ხშირად რჩევასაც მაძლევს, თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ბოლომდე მენდობა და არასდროს ცდილობს, ჩემს საქმეში ჩაერიოს. სულ იმას ამბობს, რაღაც რომ აგიკრძალო და დაგიშალო, შეიძლება, უფრო ცუდი რამ ჩაიდინოო, ამიტომ ბავშვობიდან შთამაგონა, რომ მენდობა და იცის, სისულელეს არ გავაკეთებ. აქედან გამომდინარე, ისეთ პიროვნებასთან არ დამიჭერია საქმე, ვისი წინააღმდეგიც დედა იქნებოდა. სხვათა შორის, მყავდა თაყვანისმცემელი, რომელიც ყოველ კვირა ულამაზესი ყვავილებით მანებივრებდა, თან მე ძალიან მიყვარს ყვავილები. მერე გაირკვა, რომ ის პიროვნება თვითონ აქტიურად იყო ჩართული თაიგულის მომზადებაში და თავისი დირექტივებით აკეთებინებდა ძალიან ფერად, ლამაზ და იშვიათი ყვავილებით შექმნილ თაიგულებს, ეს ჩემთვის ნიშნავს იმ ადამიანის სიღრმეს და შემოქმედებით ხედვას, რომელსაც უნდა გასიამოვნოს.

- ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილხარ შეყვარებული?

- დღევანდელი გადმოსახედიდან - არა. თავიდან მეგონა, რომ ყველა გატაცება სიყვარული იყო, მაგრამ ახლა მგონია, რომ ყველაფერი ის გატაცება იყო და რეალური სიყვარული არ მწვევია, სწორედ ამიტომ არ მიპოვია ჩემი მეორე ნახევარი.

- ანუ, შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?…

- როგორ არა, ვყოფილვარ. უბრალოდ, ვხვდები, რომ ის არ ყოფილა ნამდვილი სიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დღეს ჩემ გვერდით იქნებოდა.

- როგორი ხარ შეყვარებული?

- არ ვიბნევი, მაგრამ როცა შეყვარებული ვარ, სხვა რამეზე კონცენტრირება მიჭირს. წლებმა და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ მინდა მივაღწიო წარმატებას, ჯობს, გრძნობებისგან თავისუფალი ვიყო, რადგან სიყვარული თავგზას მიბნევს, ბევრად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია მაშინ, როცა მარტო ვარ.

- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ შენი ყურადღება მიიქციოს?

- მამაკაცური, სერიოზული, ჰქონდეს თავისი საქმე, რათა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ამ ყველაფრის მერე კი თავი უნდა მაგრძნობინოს ნამდვილ ქალად, მე არ უნდა დამჭირდეს მისი ფეხზე დაყენება.

- ოდესმე შენზე უმცროსი ასაკის მამაკაცი შეგიყვარდება?

- არა. ახლა ვეღარ წარმომიდგენია მსგავსი რამ, ადრე მყავდა ჩემზე პატარა შეყვარებული, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, ახლა იმაზეც დავფიქრებულვარ, რომ შეიძლება ჩემი ასაკის ბიჭთანაც ვერ ავაწყო ურთიერთობა. მირჩევნია, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყოს.

- რამდენად დამთმობი ხარ ურთიერთობაში?

- გააჩნია სიტუაციას. არ მიყვარს ელემენტარულ რაღაცებზე გამოკიდება და სისულელეებზე ჩხუბი, მაგრამ თუ საქმე სერიოზულ პრობლემას ეხება, მაშინ არ დავთმობ, რადგან ყველა ადამიანს აქვს თავისი პრინციპები, ცხოვრებაში არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ვერ გადააბიჯებ.

- რის გამო შეიძლება გაწყვიტო ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და გადაუსვა ხაზი ყველაფერს?

- ღალატი, ეს უპატიებელია ჩემთვის. წარმოუდგენელია, ადამიანი იყოს ჩემ გვერდით და სხვისკენ გაიხედოს. ღალატში ჩემთვის გვერდზე ცუდად გახედვაც კი მოიაზრება. ლამაზმა გოგომ შეიძლება ჩემი ყურადღებაც კი მიიქციოს და ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს ნამდვილად არ დავუშლი მისი სილამაზის აღნიშვნას, ეს არ მიგულისხმია გვერდზე გახედვაში, აქ უფრო სხვა რამეზეა საუბარი, ალბათ მიმიხვდით?!.

- ლიკა, ფლირტს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?

- ყველა ურთიერთობა ფლირტით იწყება და ალბათ ეს ყველაზე ლამაზი პერიოდია. ხშირად ამბობენ, ურთიერთობის დასაწყისში ყველაფერი სხვანაირად იყო, ახლა კი შეიცვალაო, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ფლირტის დროს შენც და ის ადამიანიც ერთმანეთში მხოლოდ დადებითს ხედავთ, მერე კი ურთიერთობის სიღრმესთან ერთად იკვეთება უარყოფითი მხარეებიც. ამიტომაცაა ფლირტი ყველაზე დადებითი და უმტკივნეულო პერიოდი. სიმართლე გითხრათ, ეს შეცნობის პროცესი უფრო მომწონს.

- თუ მამაკაცი შენი ინტერესის სფეროში მოხვდება, შეგიძლია იყო ურთიერთობის დაწყების ინიციატორი და გამოხატო შენი სიმპათია?

- არა, ურთიერთობას პირველი არასდროს ვიწყებ, მაგრამ თუ ადამიანს მოვეწონე და მეც ვგრძნობ, რომ მაინტერესებს ეს პიროვნება, არ დავმალავ ჩემს გრძნობას, პირდაპირ კი არ ვეტყვი, მომწონხარ-მეთქი, მოქმედებით და გახსნილობით მივახვედრებ ჩემს დამოკიდებულებას. ძალიან ბევრი გოგო არ უმხელს ხოლმე გრძნობებს ბიჭს, მიაჩნიათ, რომ თავიდან მაინც არ უნდა იცოდეს მამაკაცმა ქალის გრძნობების შესახებ, თავისებური მიდგომა და ხრიკები აქვთ ამ საკითხისადმი, მე კი არ ვფიქრობ ასე. ჩემი აზრით, რაც უფრო ლაღი და გახსნილი ხარ, უფრო კარგად ეწყობა ურთიერთობა.

- გყოლია ისეთი თაყვანისმცემელი, რომლის ყურადღებითაც შეწუხებულხარ?

- კი. ბევრს ჰგონია, თუ ტელეფონს გაუთიშავ, არ უპასუხებ ან ეტყვი, რომ არ გცალია, ეს გამოწვევაა, არადა, ასე სულაც არ არის. ყოფილა შემთხვევა, დიდხანს მიწვალია თაყვანისმცემლის ჩამოშორებაზე, ასეთ დროს ძალიან ხისტი და უხეში ვხდები და ვცდილობ, პრობლემა თვითონ მოვაგვარო, არ მიყვარს ვინმეს ჩარევა ასეთ საკითხებში.

- იმედგაცრუება თუ გქონია პირად ცხოვრებაში?

- (ფიქრობს) არა, ვერ ვიტყვი ამას.

- ხშირად ცნობილ ადამიანებს ასევე ცნობილ პიროვნებებთან დააწყვილებენ ხოლმე ჭორების მეშვეობით, პირადად შენ რა გაგიგია საკუთარ თავზე?

- სამორიზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რადგან ორი თვის განმავლობაში მიდიოდა იმის ძიება, ვიყავით თუ არა შეყვარებულები, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებდით და დღემდე ასეა - ვართ ძალიან კარგი მეგობრები. გარდა ამისა, კიდევ ბევრი სისულელე მსმენია, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ.

- იმ ჭორის შესახებ მინდა გკითხო, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა. ამბობენ, თითქოს გათხოვილი იყავი და ოჯახი დაგენგრა...

- (იცინის) არა, სრული სიცრუეა. საერთოდ, ზაფხულობით წონაში ვიმატებ. ერთ ზაფხულს მეჯვარე ვიყავი, ქორწილის შემდეგ კი ასეთი რამ მითხრეს, ერთ ბიჭს მოეწონე და შენ შესახებ რომ იკითხა, ასე უთხრეს, ეგ გათხოვილია და ორი შვილი ჰყავსო (იცინის). შეიძლება, ეს ჭორიც სწორედ ამ ამბიდან მოდის.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: სამორისა და ლიკას ფინალური ცეკვა შოუში ”ცეკვავენ ვარსკვლავები”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება