რაზე ხუჭავს თვალს ლიზა ვადაჭკორიას ქმარი

რაზე ხუჭავს თვალს ლიზა ვადაჭკორიას ქმარი

რუსეთში დაიბადა და შვიდ წლამდე იქ ცხოვრობდა. ამბობს, რომ მისი ოჯახი ევროპისა და აზიის გასაყარზე მდგარი საქართველოს მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად თავისუფალია, საკმაოდ მკაცრ, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა. შინ დაბრუნების საათებს უკონტროლებდა აზიატი მამა და კიდევ უფრო აზიატი ძმა ჩაცმის სტილს უწუნებდა.

პროფესიაც მამასთან შეთანხმებით აირჩია, თუმცა მალევე მიხვდა, რომ "იქ არ მოხვდა" და ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. დღეს "მიუზიკ ბოქსის" პროგრამების დირექტორია, პარალელურად გადაცემა "100° C"-ის პროდიუსერი. ჟურნალისტიკაში საკმაოდ გრძელი და ეკლიანი გზა აქვს განვლილი. ლიზა ვადაჭკორიას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ჩემი ოჯახი საქართველოს მაგალითია. ხომ ხშირად ვსვამთ კითხვას, ევროპელები ვართ თუ აზიელები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ - ორივე. რაღაც ევროპისგან ავიღეთ, მაგრამ აზიატური ჩვევაც ბევრი გვაქვს. თუნდაც ის, რომ კონსერვატორები ვართ, არ ვართ თამამები. ელემენტარულად, ჩვენს ქვეყანაში რეალურმა შოუმ ვერ გაიხარა იმის გამო, რომ არ ვართ გახსნილები, თავისუფლები. ქვეყნის ეს მოდელი ჩემი ოჯახის მოდელს ჰგავს. რუსეთში დავიბადე, შვიდი წელი ვცხოვრობდი იქ, თუმცა დედაც და მამაც ქართველები არიან და ქართული ტრადიციები ბოლომდე დაცული იყო ჩვენს ოჯახში. ვარ თავისუფალიც, ცოტას ვფიქრობ იმაზე, რას იტყვის ხალხი და მაქვს გარკვეული ტრადიციული შეხედულებებიც ცალკეულ საკითხებზე.

- ქართული ტრადიციები ახსენე, რომელ მათგანს იცავდით ოჯახში?

- კომუნისტურ რუსეთში დავიბადე, წინა საუკუნეში. ამის მიუხედავად, აღდგომას ყოველთვის აღვნიშნავდით, კვერცხსაც ვღებავდით და პასკასაც ვაცხობდით. ეკლესიაშიც დავდიოდით ზოგჯერ ჩუმად. გვქონდა ქართული ტრადიციული სამზარეულო, მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინბურგსა და ჩელიაბინსკში ვცხოვრობდით. მამა სამხედრო მფრინავი იყო, დედა დიასახლისობდა და საცივს, ღომსა და ფხალეულს ამზადებდა შუაგულ რუსეთში. ინგრედიენტებს საქართველოდან უგზავნიდნენ, მაგრამ მაშინ მიმოსვლა ადვილი არ იყო. ამიტომ ზოგჯერ იქაურ ბაზარშიც უხდებოდა შევლა. რამდენიმე კურიოზული სიტუაცია მახსენდება ამასთან დაკავშირებით, როცა დედა გამყიდველს ჭარხლის ფოთლებს სთხოვდა. გაოცებულა ის ქალი, ეს ნაგავია, ვყრით, გიჟი ხარო? უკითხავს. მერე სხვა მოვაჭრეებისთვის დაუძახია, ნახეთ გიჟია, რას ყიდულობსო.

- დედა მხოლოდ დიასახლისობდა?

- დედა ექიმი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ მამა სულ დაკავებული გახლდათ და შინ თითქმის არ იყო, დედა იძულებული გახდა, სამსახური მიეტოვებინა და მთელი თავისი დრო ჩვენთვის, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის დაეთმო. იქ ხომ ბებია-ბაბუა არ გვყავდა. დედას კარიერა ჩვენს ბავშვობას ემსხვერპლა.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლების მხრიდან?

- მე უფრო მკაცრად მზრდიდნენ, ვიდრე მე ვზრდი ჩემს შვილს. ეს ალბათ დრომაც მოიტანა. მახსოვს, სკოლისა თუ სტუდენტობის პერიოდში მამა საათს მინიშნავდა, 12 საათზე გვიან არ უნდა მივსულიყავი სახლში. მეუბნებოდა, მე შენ გენდობი, თუ ნდობას დავკარგავ, არსად აღარ გაგიშვებო. არასდროს დამირღვევია პირობა და შესაბამისად, არც მამას შევუმოწმებივარ, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. ჩემი მეგობარი ბიჭები ხშირად მოდიოდნენ ჩემთან და არც ამას მიკრძალავდა მამა. დღეს ჩემს შვილს რომ ვუთხრა, 12 საათს არ გადააცილოო, მოკვდება სიცილით. ღამის 3 საათამდე შეუძლია იბოდიალოს სადაც უნდა და მერე იტყვის, რა მოხდა, მე ხომ უკვე ზრდასრული ადამიანი ვარო. უკვირს, საყვედურს თუ ვეტყვი... მე მამიკოს შვილი ვიყავი, ძალიან მათამამებდა. ჩემს ძმასთან მკაცრი იყო და მე სულ კომპლიმენტებს მეუბნებოდა, ჩემი ლამაზი და ჭკვიანი შვილიო, მაქებდა. დედას არასდროს შევუქივარ. მეტსაც გეტყვით, კომპლექსიც კი მქონდა, რომ არც ლამაზი ვიყავი და არც ჭკვიანი. 15 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. იმდენი ბიჭისგან ვიღებდი წერილებს და საჩუქრებს, მივხვდი, რომ მახინჯიც არ ვიყავი. რომ გავიზარდე, დედას ვუსაყვედურე, რატომ არასდროს არ მაქებდი-მეთქი. მეც ასე გამზარდა დედამო, მიპასუხა. მე მგონია, რომ შვილი ზომიერად უნდა შეაქო, ეს სტიმულია, იყოს უკეთესი... ჩემი მშობლების სიმკაცრის ფონზე მეტისმეტად თამამი და თავისუფალი ვარ. ძალიან ტრადიციული ოჯახი მაქვს და მე რატომ გამოვედი ასეთი გიჟი და არაქართული ტიპაჟი, თვითონ მიკვირს (იცინის). ჩემი ძმაც ძალიან კონსერვატორია.

- ძმა არ გინიშნავდა სახლში მოსვლის დროს?

- როგორ არ მინიშნავდა. ის მამაჩემზე უარესი იყო. მახსოვს, ერთხელ ჩაცმის სტილი დამიწუნა. უნივერსიტეტში მივდიოდი. მოკლე წითელი კაბა და თეთრი პიჯაკი მეცვა. ხელებზე ავანგარდული ხელთათმანები მეკეთა. რა არ მეძახა, ვერც წარმოიდგენთ. ისე მეწყინა, ავტირდი.

- ძალიან მოკლე იყო ის კაბა?

- იმდენად მოკლე არა, რამდენადაც გამომწვევი. ახლა კი ვხვდები ამას, მაშინ ვერ ვხვდებოდი. ან ძალიან ჩაჩაჩული დავდიოდი სპორტულ ფორმაში, ან ძალიან გამომწვევად. ისე გამომწვევად, რომ ეჭვიც კი შეგეპარებოდა, ეს გოგო რა პროფესიით არის დაკავებულიო (იცინის).

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- მამას. ის ძალიან მიზანდასახულია, საკმაოდ ამბიციურიც, მხიარული, ბუნებით თავისუფალი, ოჯახის მოყვარული. გარეგნობითაც მამას ვგავარ.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- მამას უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი, საჭიროა ოჯახში ექიმიო, ამბობდა. არადა, სისხლის დანახვაზე გული მიმდიოდა. მე ჟურნალისტიკა მინდოდა. ამ პროფესიით ვერ დაკავდები, სულ ორი გაზეთი გამოდის ქვეყანაში და ტელევიზიაში "ბლატები" დაგჭირდებაო, მითხრა. საბოლოოდ მათემატიკურ განათლებაზე შევჯერდით. გამოთვლითი მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. რა მექნა, მორჩილი შვილი ვიყავი. შინაგანად ჩემში კი ჩქეფდა ჩანჩქერი და გეიზერი, მაგრამ ზოგადად მორჩილი ვიყავი. რომ დავამთავრე, 1-2 წელი კვლევით ინსტიტუტში წავიმუშავე, მაგრამ რუსეთში რომ წავედით, მინსკში ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვერ დავამთავრე, მაგრამ რამდენიმე კურსი გავიარე.

- პირველი სამსახური, პირველი ხელფასი...

- 1998 წელს დავბრუნდით თბილისში. მაშინ რადიო "აუდიენცია" რუსულენოვანი იყო. კოკა ყანდიაშვილი იყო "აუდიენციის" მფლობელი, მისი მეუღლე ნონა - რადიოს დირექტორი. წამყვანად დავიწყე მუშაობა. ჩემს გადაცემას ერქვა "ლიზა საოცრებათა ქვეყანაში". მაშინ ზეპოპულარული წამყვანები იყვნენ მამუკა ბერიკა, რომელიც დღეს კალიფორნიაში ცხოვრობს, დაფნა, სოფო მოსიძე, ეკა ხოფერია, თუ არ ვცდები, ეკა ბერიძეც. პირველი ხელფასი იყო 80 ლარი, თუმცა არ მახსოვს, რაში დავხარჯე. მაშინ ოჯახი უკვე მქონდა. ზღვაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვთქვი, რა დროს ზღვაა, რადიოში ვიწყებ მუშაობას-მეთქი.

- კარიერისტი ხარ?

- (ფიქრობს) ალბათ უფრო კარიერისტი ვარ, ვიდრე მეოჯახე, თუმცა ჩემი შვილი თავად გავზარდე. მისთვის 10 წლამდე არაფერი მომიკლია და მხოლოდ ამის მერე გავედი სამსახურში. თავისუფალ დროს ყოველთვის ოჯახს ვუთმობ, მაგრამ როცა სამსახურში ვარ, შეიძლება ბევრი ოჯახური პრობლემა დამავიწყდეს.

- სასიყვარულო გამოცდილებაზეც მინდა ვისაუბროთ.

- სტუდენტი ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა, მის სახელსა და გვარს ვერ ვიტყვი. ახლა ცოლიანია, შვილებიც ჰყავს და შეიძლება მის ცოლს არ ესიამოვნოს. თუმცა ვერ შედგა ურთიერთობა. ერთმანეთს რქებით ვეჯახებოდით. მე არ ვარ ადვილი საურთიერთო. ფეთქებადი ვარ, ორმაგი გურული, დედით და მამით. უნდა დამითმო, ჩემთან ურთიერთობა რომ შეძლო.

- გაქვს ფორმულა, როგორი უნ­და იყოს კარგი ქართველი ცოლი?

- შეუძლებელია იყო შესანიშნავი დიასახლისი და წარმატებული ქალი პროფესიაში. ასეთ შემთხვევაში საღამოს ექვს საათზე უნდა დაიხურო ქუდი, წახვიდე სახლში და სამზარეულოში იტრიალო. მე სამსახურში ვზივარ დღე და ღამე და როგორ ვიქნები შესანიშნავი დიასახლისი. ამიტომ მე ალბათ ვერ ვარ იდეალური ქართველი ცოლი. თუმცა ვიცი, რომ ჩემი ქმრისთვის აბსოლუტურად მისაღები ვარ. ის ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. ამას წინათ ჩემი ძმა ეუბნება ჩემს ქმარს, - მე ჩემს ცოლს ასეთ კაბაში, ამხელა ქუსლებზე შუაღამისას პრეზენტაციაზე არ გავუშვებდიო. კიდევ კარგი, ჩემი ძმისნაირი ქმარი არ შემხვდა. აქამდე დავიწყებულიც მეყოლებოდა (იცინის). ჩემმა ქმარმა უპასუხა, მომწონს, როცა ჩემს ცოლს ლამაზად აცვია და ყურადღებას იქცევს, მე ვენდობი და თავდაჯერებულიც ვარო. ასე რომ, ჩემი ქმარი ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს.

- შენ რაზე ხუჭავ თვალს?

- იმაზე, რომ უყვარს ძმაკაცებთან ერთად ქეიფი. იმაზე, რომ მთვრალი მოდის სახლში. მე არ მიყვარს ალკოჰოლი, არ ვსვამ და შესაბამისად, ვერც ნასვამ მამაკაცებს ვიტან. არ მიყვარს გაუთავებელი ქართული სუფრა, უზომო სმა და ლაპარაკი. მაგრამ მას უყვარს და რა ვქნა? ვეჩხუბო ამის გამო?! ის ხომ არ მეჩხუბება, მე რომ მოკლე კაბებით დავდივარ?! ვუთმობთ ერთმანეთს და ამ დათმობაში გამოდის იდეალური ოჯახი. ასე რომ, მე ვიცი რეცეპტი, როგორი უნდა იყოს იდეალური ოჯახი. ეს არის ურთიერთდათმობის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა. დღეს მე გავაკეთებ სადილს, ხვალ არ მეცლება და შენ გააკეთებ, რა მოხდა მერე.

- იცის კერძების მომზადება?

- კი, როგორ არა, და არც ეთაკილება.

- ლიზა, თავად რა გამოცდილება გაუზიარე შვილს?

- ვასწავლე ის, რომ ქალმა ყოველთვის უნდა იცოდეს საკუთარი თავის ფასი, რომ ქალს ზნეობა უნდა გააჩნდეს, უნდა ახსოვდეს, რომ ქართველია. ჩემი შვილი საფრანგეთში სწავლობდა, სხვა ქვეყნებშიც მოუწია ყოფნამ და ზუსტად ვიცი, რომ არსად ისეთი არაფერი გაუკეთებია, რისიც შერცხვებოდა მას ან მე. არასდროს არავის ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ უთქვამს იაზე, მაგრამ არასდროს დამისვამს და არ დამირიგებია, ასე და ასე მოიქეცი-მეთქი. ეს ოჯახიდან მოდის და ამისთვის დედაც საჭიროა და მამაც. მამას თავისი ქცევის ნორმები აქვს, მისგან სწავლობს, როგორი უნდა იყოს კაცი და დედას - თავისი. ია სულ ამბობს, ჩემი მშობლები ჩემთვის სამაგალითოები არიანო. ჩვენი სიყვარულიც მაგალითია მისთვის, თუმცა იდეალურები არ ვართ, ჩხუბიც ყოფილა ჩვენს ოჯახში და კამათიც.

- შეცდომებს ცხოვრებაში ყველა ვუშვებთ, რომელიმე მათგანს განსაკუთრებით თუ ნანობთ?

- ბევრი შეცდომა დამიშვია, მძიმე დღეებიც მქონია, უმუშევარიც ვყოფილვარ, გაჭირვებაც მინახავს, მაგრამ მთავარია, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, რის გამოც შემრცხვებოდა.

ჩვენი პროფესია ცოტა პრეტენზიულია. ყოველთვის ვიღაც რჩება უკმაყოფილო. ზოგჯერ არც იცი და ვიღაც შენზე ნაწყენია. განა შეიძლება ადამიანს, რომელმაც გადაცემა "პრეს-პრესი" გავიარე, განაწყენებული რესპონდენტები არ მყავდეს?

- და არასოდეს გინანია იმის გამო, რომ ვიღაცას აწყენინე?

- მასალას რომ წერ, უკვე იცი, რომ ვიღაც ნაწყენი დარჩება. რამდენიმე წლის წინ ირინა ონაშვილის მოდელების ჩვენება გაიმართა. ცოტა კრიტიკული მასალა მოამზადა ჩვენმა ჟურნალისტმა. განაწყენებულმა დამირეკა ირინამ, მაგრამ დავუსაბუთე, რომ ეს საჭირო იყო, რა თქმა უნდა, ეს რომ არ დამეწერა, არც ეწყინებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ თუ ასე ვფიქრობ, უნდა დავწერო კიდეც. იმის გამო, რომ ვიღაც ცნობილი სახეა, არ უნდა შევიზღუდოთ. ასეთ შემთხვევაში ამას ობიექტური ჟურნალისტიკა აღარ ჰქვია.

- ლიზა, თუ არსებობს მეგობრობა ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის?

- მეგობრობა არსებობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შენ მასზე არ უნდა წერო. იმიტომ, რომ არ იქნები ობიექტური, არასდროს წარმოაჩენ მას სრულად. მე ყოველთვის მირჩევნია, ჩემი რესპონდენტი ჩემთვის უცნობი ადამიანი იყოს. ასეთ შემთხვევაში გაცილებით საინტერესოდ და მწვავედ დაწერ, მოამზადებ სიუჟეტს. ეს არის ჩვენი პროფესია, რომელიც ბევრს არ ესმის. მე კარგად მესმის პრესის იმ ჟურნალისტების, რომელთაც ხშირად სათაურის გამო აკრიტიკებენ. აი, ახლა, მე და შენ ხომ ვისაუბრეთ. საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ შედგა. გამოვა ჟურნალი და ისეთი სათაური ექნება ამ მასალას, მთელი თბილისი დამირეკავს, ხომ კარგად ხარო. მაგრამ მე არასდროს ვურეკავ ჟურნალისტს და არ ვსაყვედურობ ამის გამო. ვიცი, რომ სტატია სათაურით იყიდება. ჟურნალისტი ვალდებულია, მაქსიმალურად მწვავე მომენტი წამოსწიოს წინა პლანზე, რომ ინტერვიუმ დააინტერესოს მკითხველი. ის, რომ მე თეთრი და ფუმფულა ვარ, არავის აინტერესებს. ხალხს აინტერესებს რამდენჯერ იჩხუბა ცოლ-ქმარმა, რამდენჯერ ესროლეს ერთმანეთს თეფშები.

- ისე, იყო თეფშების სროლა?

- აქამდე არ მისულა საქმე, მაგრამ ერთხელ ლიფტის კარი კი დააზიანა ჩემ გამო. წლების წინ, ახალდაქორწრინებულები რომ ვიყავით, დიმამ ცოტა დალია. მე, როგორც ყოველთვის, ამის გამო ვებუზღუნებოდი. დიდხანს მისმინა და ბოლოს, მოთმინების ფიალა რომ აევსო, მუშტი დაარტყა ლიფტის კარს. კარატისტია და გატეხა. მაშინ გავჩერდი (იცინის). მივხვდი, რომ გადავაჭარბე, მეტისმეტი მომივიდა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები