სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარში მონაწილე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარში მონაწილე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეფექტური ღინისძიებების გატარების მოთხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმართა უფლებების უგულვებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით ყოველთვის გამოირჩეოდა. "სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში მიუთითებდა გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ. არაერთი რეკომენდაცია, რომელიც შესაძლო ანგარიშსწორებისგან პატიმართა დაცვის მიზნით მათ სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეხებოდა, დეპარტამენტის მიერ არ სრულდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული რეაგირება წინ გადადგმული ნაბიჯია და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, გატარდეს სათანადო ღონისძიებები ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ამავდროულად, ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოუწოდებს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ ზემდგომ თანამდებობაზე მყოფ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის #8-ე დაწესებულებაში მუშაობდა და დღესაც მუშაობს.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც თავად ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობასაც უნდა იწვევდეს. ის პირები, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ ჩვენს ანგარიშებში, როგორც პატიმართა უფლებადამრღვევები, კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხოლო დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება, კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევათა შინაარსს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები გლდანის #8-ე საპყრობილეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ესაუბრებიან, თუმცა, ამ შემთხვევაშიც პატიმრები ფაქტების გასაჯაროებისგან თავის შეკავებას ითხოვენ. პატიმრები მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის წერილობითი დადასტურებისგან თავს იკავებენ, თუმცა დაწვრილებით ყვებიან მათ ან სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ყველაზე ხშირად სახელდებოდა ვინმე "ანგო", "ხონსკი" და ბექა მჟავანაძე. ზაფხულში ჩატარებული მონიტორინგის დროს ყვებოდნენ ქერა, ცისფერთვალება თანამშრომელზე, ვინმე ოლეგზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლდანის #8 საპყრობილეში ვიზიტის დროს კომიტეტს პრაქტიკულად არ მიუღია განცხადებები არასათანადო მოპყრობის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, სხვა დაწესებულებებში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათ გლდანის საპყრობილეში ყოფნისას არასათანადოდ ექცეოდნენ თანამშრომლები, განსაკუთრებით კი "კარცერსა" და საშხაპეებში, ასევე, დაწესებულებაში მიღების დროს.

როგორც პატიმრები ამტკიცებდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა (კეტით, მუშტით, წიხლით ცემა) ისეთ დარღვევებს მოჰყვებოდა, როგორიცაა საკნის კარზე დაკაკუნება, ერთმანეთში ხმამაღალი ლაპარაკი ან სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან გამოლაპარაკება. სახალხო დამცველის ცნობით, დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ გლდანის საპყრობილეში ვიზიტის დროს საკნებში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ