თემურ ქორიძე: "მერაბიშვილს რომ ვუყურებ, გულწრფელად მეცოდება"

თემურ ქორიძე: "მერაბიშვილს რომ ვუყურებ, გულწრფელად მეცოდება"

"აქტიურ პოლიტიკაში არ ვარ და ამ საგიჟეთს რომ ვუყურებ, რაც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს, ღმერთმა დამიფაროს, რომელიმე მხარეს ვიყო. გულწრფელად მიკვირს, ჩვენი თაობის ადამიანების, ეროვნული მოძრაობის მონაწილეების, ვისაც ახლაც აქვს სურვილი და განწყობა პოლიტიკაში იყოს", - ამბობს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თემურ ქორიძე, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროინდელი პოლიტიკოსების გააქტიურებაზე გაოცებას ვერ მალავს.

- ჭკუას არავის ვარიგებ, მაგრამ მე პირადად, მირჩევნია, სადმე ჩრდილში ვიყო და ჩემს საქმეს ვაკეთებდე. მაგალითად, შემოქმედების ხაზით ვიმუშაო და თუ რამეს მკითხავენ, ვუპასუხო, რადგან თავს უფლებას ვაძლევ, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვა. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაში. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რატომ არის უადგილო ჩვენი პოლიტიკაში ყოფნა.

- დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს "საგიჟეთი"უწოდეთ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- დავიწყოთ იქიდან, თუ რა ხდება ახლანდელ ქართულ ტელესივრცეში, - პოლიტიკურ გადაცემებს ვგულისხმობ, თორემ დოდოშკა და მისი დაქალები რას იზამენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის... რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკურ შოუებს, ეს არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი რამ, ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე არაპროფესიონალი ჟურნალისტის მუშაობა, რომლებიც ურთიერთბრალდებებში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამ საქმეში "მე-9 არხი"და "მაესტრო"ტოლს კი არ უდებენ სახელისუფლებო ტელევიზიებს, პირიქით, დაჯაბნეს კიდეც. შალვა რამიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მაღალანზღაურებადი ჟურნალისტი გახდება, იქ მოეხაზა ქართულ ჟურნალისტიკას.

- არ მოგწონთ შალვა რამიშვილი?

- არა, შალვა არ არის ნიჭიერი ჟურნალისტი, ის არის ცინიკოსი და ამით გადის ფონს, რადგან ამას თავად იუმორს უწოდებს. ცინიზმი და სარკაზმი არ არის ჟურნალისტიკა. სამწუხაროა, რომ ამით იზომება მათი "მაგრობა", მაგრამ ეს არ არის ობიექტური ჟურნალისტიკა. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოება ვერ განვითარდება.

- გაქვთ იმედი, რომ ოქტომბერში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება?

- ამ შემთხვევაშიც ცოტა შორიდან დავიწყებ პასუხს, - ქართული სამოქალაქო საზოგადოება ახლა გამოცოცხლდა, რადგან ამ მოძალადე ხელისუფლებამ აიძულა ასე მოქცეულიყო, თორემ ის კაცი ქველმოქმედებაში მილიონებს ხარჯავდა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ერთი თეთრიც არ გაუღია. ძალიან მიკვირს, რატომ... მაშინ იქნებოდა ის ჭეშმარიტი მამულიშვილი, ასე რომ მოქცეულიყო და ხალხის განათლებაზეც ეზრუნა. ახლა, როცა ის და მისი თანაგუნდელები საზოგადოებაზე დიდ იმედებს ამყარებენ და შიშობენ, რამდენად შეძლებს ხალხი სწორი არჩევანის გაკეთებას, ეს პრობლემა მოხსნილი ექნებოდა. მე მესმის, მას დიდი ხნის განმავლობაში ქართული ცხოვრებით არ უცხოვრია და ამიტომაც ქართველი კაცის გულისტკივილიც მხოლოდ ნაწილობრივ ესმის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ ესმის, ასე რომ ყოფილიყო, ამდენ ადამიანს არც დაეხმარებოდა. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების დაბალ განათლებაში ბრალი მიუძღვით ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც თუნდაც თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიების დროს მილიონობით თანხას ხარჯავენ, არასდროს გახსენებიათ, ხალხის განათლებაზე ეზრუნათ. ცხადია, ხელისუფლება ყოველთვის იხეირებს ისეთი საზოგადოებით, რომელიც უყურებს და ტკბება თავისი სახელისუფლებო ტელევიზიებით, რომელიც ტყუილზე აგებულ ტელესიუჟეტებს ამზადებს. იმდენად მახინჯია სამივე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობა, რომ აუცილებლად უნდა გაუჩნდეს ადამიანს შეკითხვა, რატომ არის ასე? რატომ გვატყუებენ? მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანს უჩნდება ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი. მე მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენას, რადგან ხალხი გამოცოცხლდა და იმედი მიეცა, მაგრამ ინფორმაციული თვალსაზრისით უფრო გამოფხიზლებული რომ ყოფილიყვნენ, ის სირთულე, რომელიც ახლანდელ პოლიტიკურ ბატალიებს ახლავს, განახევრებული იქნებოდა.

- ალბათ თვალს ადევნებთ პოლიტიკოსების მოსახლეობასთან შეხვედრებს...

- რა თქმა უნდა, ნერვებს ვძაბავ და ვცდილობ, ტელევიზორს ვუყურო, რათა მოვლენებს არ ჩამოვრჩე. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც, ყველანაირი ირონიის გარეშე ვამბობ, გულწრფელად მეცოდება.

- რატომ?

- შეხედეთ მის სატელევიზიო გამოსვლებს. ყველა სოფელში ერთნაირი მიმართვა ჰქონდა, მოსახლეობას წყლისა და გაზის შესახებ ეკითხებოდა. სიტყვის მარაგით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ამის მიჩქმალვას მისი გუნდი როგორღაც ახერხებდა. მე ფილოლოგი ვარ და განსაკუთრებით უხეშად მხვდება ყურში მისი გზააბნეული მეტყველება. ახლა კი, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, მითი მისი ძლევამოსილი შს მინისტრობის შესახებ, მითი მრისხანებისა და სამინისტროში ჩაკეტილი, შეუვალი პიროვნების შესახებ, მთავრობის პირველივე სხდომაზე დაინგრა. სწრაფად და გაურკვევლად მოსაუბრე მერაბიშვილი, რომლის მტკიცე ხასიათის შესახებ ლამის ლეგენდები დადიოდა, მოსახლეობასთან შეხვედრისას მიკროფონითა და წინასწარ გაზეპირებული ერთი და იმავე ტექსტით ძალიან უმწეო და საცოდავი ჩანს. ჯობდა, ისევ იმ დახშულ კედლებში მჯდარიყო და მინისტრად დარჩენილიყო. სხვა თუ არაფერი, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა, ვანო მერაბშვილი ისევ უძლეველი მინისტრის სტატუსით დატოვებდა პოსტს. ალბათ მას და მის ახლობლებს ახრჩობთ მიშას კუდში მადევარი ვითომ პრემიერ-მინისტრის პოსტი. დიახ, ამ მინისტრის ქვეშევრდომებს ბევრი გადაცდომა ჰქონდათ, მაგრამ ის მაინც საქმის მკეთებელ კადრად მიიჩნეოდა და მე მას ვურჩევდი, სანამ ბოლომდე არ გაცამტვერებულა მისი ავტორიტეტი, წავიდეს სახლში. ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ძალიან პატიოსანი ოჯახი ჰქონდა. დედამისს ჟენია ჰქვია თურმე, იმედი მაქვს, შვილის გამინისტრების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზების გამო, სახელს არ შეიცვლიდა. სხვათა შორის, დედა ყოველთვის გრძნობს შვილის სატკივარს და ალბათ არც ახლა გამოეპარებოდა მისი ნაძალადევად მშვიდი სახე და თავდაჯერებული გამომეტყველება. ამიტომ, ქალბატონო ჟენია, ურჩიეთ თქვენს შვილს, დაანებოს თავი ამ გაუგებრობას და წავიდეს სახლში. არ აქვს თქვენს შვილს პოლიტიკაში ყოფნის ნიჭი. ძალიან ვნერვიულობ, როცა ვუსმენ, როგორ ცოდვილობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ეს არ არის ქვეყნის მეორე პირის მეტყველება.

- არა მგონია, თუნდაც დედას დაუჯეროს, ბატონო თემურ, "ნაციონალური მოძრაობა"მასზე დიდ იმედებს ამყარებს...

- მართალი ხართ, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა მაგათი საქმე. რეალურად, სააკაშვილის მმართველობა უკვე დასრულდა. ვერც მერაბიშვილის უკვე დამსხვრეული ავტორიტეტი უშველის საქმეს. არავინ იცის, რა მოხდება ოქტომბერში, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენს პრეზიდენტს დიდ პატრიოტად რომ მოაქვს თავი, ერთხელ მაინც უნდა მიხვდეს, რომ ყველაფერს აქვს ამქვეყნად დასაწყისი და დასასრული. წავიდეს სახლში და წიგნები იკითხოს. მე ბოღმა ადამიანი არ ვარ და თუ რამე შემიძლია, დავეხმარები, შემეცნებით ლიტერატურასაც შევურჩევ, ანალიტიკურ აზროვნებასაც შველის... არ ვხუმრობ, სრულიად გულწრფელად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. არ შეიძლება აზროვნებასთან პრობლემები არ ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ცხრა წელი ქვეყნის სათავეშია და ახლა გვეუბნება, - "მეტი სარგებელი ხალხს". შე დალოცვილო, სად იყავი აქამდე? ოპოზიციაში იყავი?.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ახლა გაახსენდათ, რომ ხალხს მეტი სარგებელი სჭირდება? იქნებ ამ ქვეყანაში ხალხიც რომ არსებობს, ის არ ახსოვდათ?!. ასე რომ, მე მესმის მათი მღელვარების მიზეზი, ახლა გაუგეს კარგ ცხოვრებას გემო და არ უნდათ ამის დაკარგვა, მაგრამ მათ ყველანაირი პოტენციალი ამოწურეს. ყველა ვხედავთ, რომ კედელთან არიან მიმწყვდეული. ხელისუფლების ხერხემალი, მერაბიშვილი ახალაიათი რომ შეცვალეს, მაშინ იყო გასაგები, რომ მთლად არხეინად არ იყო ბატონი მიხეილი და მისი გუნდი.

- არც ისე დიდი ხნის წინ კოალიცია "ქართული ოცნებაში"გაერთიანებული ადამიანების მიმართ არცთუ სიმპათიით იყავით განწყობილი. ახლა როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური გუნდის მი­მართ, რომელიც ამ ხელისუფლების შე­ცვლას აპირებს?

- ხომ გაგიგიათ, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. რა თქმა უნდა, რამდენიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ მაქვს შეკითხვები, მაგრამ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მისაღები პოლიტიკური ძალა საქართველოში არ იქნება. პატარა ქვეყანა ვართ და ყველას შესახებ ყველაფერი ვიცით. თავის დროზე, ჩვენც, ეროვნულმა ხელისუფლებამაც დავუშვით შეცდომები, მაგრამ ლაფსუსები უფრო გამოუცდელობით მოგვდიოდა, ვიდრე პირადი გამორჩენის მიზნით. მაშინ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაც სხვანაირი იყო და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა...

ამ ოცი წლის განმავლობაში ბევრი ცუდი ვნახეთ, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც "ვეფხისტყაოსნის"დასაწყისი, სკოლის პროგრამა, ე.წ. საზეპიროებიც კი არ იცის და თავი პატრიოტად მოაქვს, ჩვენ გვყავს მინისტრები, რომლებიც ჯერ მინისტრის პოსტზე მუშაობენ და შემდეგ მიდიან სასწავლებლად. რა მნიშვნელობა აქვს, საფერფლე მოხვდებათ თუ სხვა საგანი? ფაქტია, მათ განათლება აკლიათ... ხალხი დაიღალა მუდმივი ტყუილებით, მუდმივი აგრესიით, მუდმივი ცინიზმით. ქართველ გლეხკაცს ეუბნებიან, რომ მიწის დამუშავება არ იცის, არადა, მთელი ფილოსოფიაა იმის ცქერა და აღქმა, როგორ შეჰხარის მის მიერ დარგულ ხეს, როდის გაიზრდება და როდის გამოისხამს ნაყოფს. თუ ქართული ჯიშისა და ჯილაგის არ ხარ, ამას ვერ გაიგებ. არ არიან ისინი ქართული გენის. ვინმე მეტყვის, რომ ძმები კუბლაშვილები ქართული გენის არიან?.. ან ბოკერიას ეტყობა რამე ქართველობის? მერაბიშვილზე ისედაც ბევრი ვილაპარაკე და ცოდვაა, თავისი გაჭირვებაც ეყოფა კაცს.

- საინტერესოა, ასე ძალიან რატომ გეცოდებათ?

- მართლა ძალიან მეცოდება, ტელეჩართვებს რომ აკეთებინებენ, დედამიწის ტკივილი აქვს თვალებში ასახული, რა თქვას არ იცის. მიშა ათას სისულელეს კი ბოდიალობს, მაგრამ ლაპარაკი მაინც შეუძლია, თავისი უნიჭო და მდარე ტყუილებით მასას მაინც მოატყუებს. თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს, მთელი მსოფლიო თავს იკლავს, ოღონდ საქართველო ნახონო. სინამდვილეში კი, ჩინელები შემოგვისია, შენება უნდა გვასწავლონ. მიწის დამუშავება გვასწავლეს თუ არა, არ ვიცი, ისე კი, ძალიან მაინტერესებს ამაზე ბატონი მიხეილის პასუხი, რომელსაც აღმაშენებლის ამბიცია აქვს, თავი მოაქვს, მშენებლობები მიმდინარეობს და ხალხი დავასაქმეთო. მან ქართული არ იცის. სააკაშვილისთვის აღრფთოვანების გამომხატველი სიტყვები არის "ძალიან მაგარია", არადა, ამ დალოცვლილ ქართულ ენაში გვაქვს უამრავი შესატყვისი, კარგია, ლამაზია, მშვენიერია, შესანიშნავია, ბრწყინვალეა...

ასე რომ, კარგად მესმის, ივანიშვილის გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს, იდეალურად შერჩეული არ არის, მაგრამ არც იმის ფუფუნება გვაქვს, უკეთესსა და უარესს შორის გავაკეთოთ არჩევანი, - ორი უარესიდან უკეთესი უარესი უნდა ავირჩიოთ. ასეთია ჩვენი რეალობა, რადგან ცვლილებები აუცილებელია. სხვანაირად ჭაობში ფუთფუთი მატულობს. არ შეიძლება "ნაციონალებმა"გამარჯვებულის სინდრომი კიდევ ერთხელ იგემონ. ახლა იმდენს ბედავენ, რამდენსაც ვაბედვინებთ და კიდევ ერთი გამარჯვების შემდეგ, ჩათვალეთ, რომ "ნაციონალების"კმაყოფაზე მოგვიწევს ცხოვრება. ახლა ხალხი დაიმედებულია, რადგან იციან, რომ მათ ბრძოლას აქვს აზრი. ეს აზრი არ უნდა დაიკარგოს. რამდენად მშვიდობიანად დასრულდება ეს ყველაფერი, ხალხზეა დამოკიდებული. ხალხმა უნდა აგრძნობინოს მმართველ გუნდს, რას აპატიებს და რას არა. დანარჩენს დრო და პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"