ვირთხებზე საიდუმლო კვლევა ჩატარდა. მღრღნელებს, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში გენმოდიფიცირებულ სიმინდს აჭმევდნენ, მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ზომა სიმსივნური წარმონაქმნი განუვითარდათ. საცდელი ცხოველები ამერიკული ფირმა Monsanto-ს გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდით იკვებებოდნენ.
ევროკომისიამ თავის დროზე ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებული ამერიკული სიმინდის შეძენისა და გაშენების უფლება გასცა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამ პროდუქციის მავნებლობაზე არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობდა.
"პირველად მსოფლიოში, ადამიანის ჯანმრთელობაზე გენეტიკურად შეცვლილი პროდუქტის გავლენა სრულფასოვნად შეფასდა. და აი, შემაშფოთებელი შედეგები",- აღნიშნავს საფრანგეთის ქალაქ კაენის უნივერსიტეტის პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი ჟილ-ერიკ სერალინი.
ვირთხებზე ცდები 2 წელი ტარდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში 200 ვირთხას აკვირდებოდნენ, რომლებიც სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. პირველ ჯგუფს მხოლოდ გენმოდიფიცირებულ სიმინდს აჭმევდნენ. მეორეს - მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჰერბიციდით - Roundup-ით დამუშავებულ სიმინდს, ხოლო მესამეს - ჩვეულებრივი სიმინდით კვებავდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ცხოველებში, რომლებიც მოდიფიცირებული სიმინდით და პესტიციდით დამუშავებული სიმინდით იკვებებოდნენ, სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ვირთხებში, რომლებიც დაუმუშავებულ, ჩვეულებრივ სიმინდს ჭამდნენ.
კვლევის პრეზენტაცია 26 სექტემბერს საფრანგეთში ფილმის - "ჩვენ ყველანი საცდელი ობიექტები ვართ" თანხლებით გაიმართება.
"დანაშაულია, რომ კვლევა უფრო ადრე არ ჩატარდა. 15 წელია მსოფლიოში გენეტიკურად შეცვლილ პროდუქტებს ყიდიან",- აცხადებს სერალინი.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.