პიარის ომი - ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში

პიარის ომი - ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში

პოლიტიკა არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, რომელზეც საქართველოში დიდი და პატარა, დაუღალავად ლაპარაკობს. როგორც ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკოსთა მხრიდან დაპირებები არც ამჯერად გვაკლია. ყველა პარტია ბედნიერი მომავლის გარანტად გვევლინება. პოლიტიკოსთა გვერდით დგანან ცნობილი სახეები. მართალია, ისინი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობენ, მაგრამ სიტყვის - "პოლიტიკა" ხსენებაც არ უნდათ; მით უმეტეს - ამ თემაზე ინტერვიუს ჩაწერა. სტატიაზე მუშაობის დროს არაერთ მომღერალსა და მსახიობს დავუკავშირდი. უმრავლესობამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი გულახდილად არავის უთქვამს. ვეღარ გაიგებ, ვინ ვის და რატომ უმღერის საქართველოში. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იდეოლოგიის გაზიარებაა, ზოგჯერ - ჰონორარით დაინტერესება. პოლიტიკა შოუბიზნესში და შოუბიზნესი პოლიტიკაში - ის თემაა, რომელსაც უკვე არაერთი სტატია მიეძღვნა, მაგრამ მარტივი კითხვები, რომლებიც ჩვენ ამჯერად ხელოვანებისთვის მოვამზადეთ, მათთვის საკმაოდ ძნელად პასუხგასაცემი აღმოჩნდა.

- იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება, თვალყურს ადევნებ, არა?

გია ნიკოლაძე, მომღერალი:

- რა თქმა უნდა! მე ქრისტიანიც ვარ და დემოკრატიც, ამიტომ "ქრისტიან-დემოკრატებს" ვუჭერ მხარს.

- თუ იცი, იმ რაიონში, სადაც ხმას აძლევ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვინ არიან?

- ასე ღრმად ჩახედული არ ვარ. გავარკვევ, ეგ ადვილია... გიორგი თარგამაძეს ბავშვობიდან ვიცნობ. ინგაც "ჯიგარია" (მაპატიე ამ ჟარგონისთვის). ყველანი ნიჭიერი ადამიანები არიან.

- ახლა შენ გვერდით მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, რას ჰკითხავდი?

- ჯონ ლენონმა "ბითლზის" კონცერტზე ასეთი რამ თქვა: ქვემოთ, პარტერში ვინც სხედხართ, ტაში დაუკარით და ზემოთ, ლოჟაში ვინც ხართ, ჯინჯილები გააჟღარუნეთო, - იქ მდიდრები ისხდნენ. მე სააკაშვილს ვკითხავდი: მსოფლიოს დიდ ქვეყნებს წყალი რომ შეუდგებათ და განსაცდელი დაატყდებათ თავს, ჯინჯილებიანი უცხოელი ბიძები აქ ხომ არ აპირებენ ჩამოსახლებას?.. აეროდრომები, სასტუმროები და ა.შ. ყველაფერი მათთვის ხომ არ კეთდება?

- ბიძინა ივანიშვილს რას ჰკითხავდი?

- მასწავლე, ბევრი ფული როგორ "გავაკეთო"?!. სხვა რა ვკითხო, არ ვიცი.

- შენი რეპერტუარიდან "ნაციონალურ მოძრაობას" რომელ სიმღერას მიუძღვნიდი?

- ყველა პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს ერთ სიმღერას მივუძღვნი: "იქ წავიდეთ, სადაც ღმერთმა ქნას..."

- ორი სიტყვით პრეზიდენტის დახასიათება შეგიძლია?

- მის დასახასიათებლად ერთი სიტყვაც საკმარისია. ეს სიტყვა "გენიოსია", მაგრამ საით "უბერავს", ვერ გავიგე. ვერც იმაში გავერკვიე, ბოროტია თუ კეთილი.

- გიორგი თარგამაძე საით "უბერავს", იცი?

- კი, ჭკვიანია.

- სააკაშვილიც ჭკვიანია.

- (იცინის) მე საით "ვუბერავ", ისიც ვერ გამიგია.

- ბიძინა ივანიშვილს როგორ დაახასიათებ?

- კეთილი კაცია... სხვა რა უნდა ვთქვა? ჰო, კარგი მეცენატია.

ეკა ანდრონიკაშვილი, მსახიობი:

- მინდა თუ არა, პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს ვადევნებ. ტელევიზორშიც სულ პოლიტიკაზეა ლაპარაკი.

- უკვე იცი, არჩევანს რომელ პარტიაზე გააკეთებ?

- დიახ.

- რას ჰკითხავდი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს?

- ერთი კითხვა უნდა დავსვა? ო, ძალიან ძნელია. ყველა ლიდერს ვკითხავდი, რას აპირებს მომავალში, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მომავალი?

- ეს საარჩევნო პროგრამაში უწერიათ.

- მართალია, მაგრამ მე ბევრი სხვა რაღაცაც მაინტერესებს.

- ვინ არიან მაჟორიტარობის კანდიდატები იმ რაიონში, სადაც ხმას აძლევ?

- პლაკატები ყველგან გაკრულია, მაგრამ იმდენად არაპოლიტიზებული ადამიანი ვარ, რომ პოლიტიკოსებს სახელებით, გვარებითა და ბიოგრაფიებით ნაკლებად ვიცნობ.

- პრეზიდენტს 2 სიტყვით როგორ დაახასიათებ?

- კარგი პიარშიკია.

- ბიძინა ივანიშვილს?

- ჭკვიანი ბიზნესმენია.

- მას რას ურჩევდი?

- რთული კითხვაა. არ ვიცი, რა უნდა ვურჩიო. ჩემი აზრით, პიარს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ვიდრე საჭიროა. მგონი, ეს მისი ყველაზე სუსტი წერტილია. ახლა "პიარის ომი" მიმდინარეობს.

- პრეზიდენტს რას ურჩევდი?

- კარგი იქნება, თუ ქვეყანაში კულტურის, განსაკუთრებით - კინოს განვითარებას უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება. თუ აქ უცხოელებს შემოიყვან და ფილმს გადააღებინებ, ეს ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს; მომგებიანი იქნება როგორც პიარის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურადაც. ამის ინიციატორი თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრო იყო. მათ წამოწყებას მივესალმები.

- პოლიტიკურ მოვლენებს თვალს თუ ადევნებთ?

ეთერ კაკულია, მომღერალი:

- როგორც ყველა ადამიანი, მეც აზრზე ვარ, რა ხდება ქვეყანაში.

- იმ რაიონში, სადაც ხმას აძლევთ, მაჟორიტარობის კანდიდატები ვინ არიან?

- საბურთალოზე ვცხოვრობ და აქ ანდრია ურუშაძე იყრის კენჭს.

- სხვა მაჟორიტარები ვინ არიან, არ იცით?

- ყველა უნდა ვიცოდე? მე ურუშაძის ამომრჩეველი ვარ.

- ახლა თქვენ გვერდით პრეზიდენტი რომ იყოს, რას ჰკითხავდით?

- მან იმდენი რამ გააკეთა, გაოგნებული ვარ. მთელი საქართველო გალამაზებულია. შეკითხვა არ მაქვს.

- ბიძინა ივანიშვილს რას ჰკითხავდით?

- მგონია, რომ კარგი პიროვნებაა, მას არ ვიცნობ. დღეს ტელევიზორში ვუსმენდი. რამდენი რამ გაუკეთებია! ეს მართალია? რა კარგი კაცი ყოფილა! ჯობდა, ისევ მეცენატობა გაეგრძელებინა.

- ის მეტის გაკეთებას პოლიტიკაში მოსვლით აპირებს.

- მეცენატი ყოველთვის მეცენატი უნდა იყოს, არა?..

- თუ შეგიძლიათ, მიხეილ სააკაშვილი 2 სიტყვით დაახასიათეთ.

- პრეზიდენტი ძალიან მიყვარს.

- ეს თქვენი განწყობაა და არა მისი დახასიათება.

- დადებითი პიროვნებაა.

- ბიძინა ივანიშვილი როგორია?

- მას ჯერ არ ვიცნობ; რომ გავიცნობ, მერე დამირეკეთ და გეტყვით, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს.

- "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობთ, არა?

- დიახ, დიახ.

- ჰონორარით კმაყოფილი ხართ?

- ჰონორარს საერთოდ არ გვაძლევენ, ქველმოქმედებას ვეწევით.

- ვიცი, რომ ცუდი ანაზღაურება არ გაქვთ. იმდენს გიხდიან, რამდენსაც საახალწლო და სხვა სამთავრობო კონცერტებში იღებთ.

- ტყუილია. შეიძლება, ვინმეს უხდიან, არ ვიცი.

- სხვას თუ უხდიან, თქვენ რატომ დაგჩაგრეს?

- დაჩაგრული არ ვარ, მომწონს ეს პარტია და მათ გვერდით ვდგავარ.

- საკუთარი რეპერტუარიდან რომელ სიმღერას მიუძღვნიდით "ქართულ ოცნებას"?

- ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ სიმღერას ვუძღვნი (მღერის): "ისე, როგორც არასოდეს, ახლა უფრო გვწადია, ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან".

- ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი რომ იყოთ, რას ურჩევდით?

მერაბ კოკოჩაშვილი, კინორეჟისორი:

- დიდი ყურადღება მიაქციოს ჯგუფს, რომელიც მასთან ერთად მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს.

- პრეზიდენტს რას ურჩევდით?

- მიხვდეს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. საჭიროა, ახალ ძალას დაუთმოს ადგილი.

- ხელოვნების წარმომადგენლები 2 ჯგუფად არიან დაყოფილები. ამაზე რას გვეტყვით?

- ხელოვანი თავისუფალი უნდა იყოს, რომელიმე პარტიას და პოლიტიკურ ძალას კი არა, საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ჩემთვის ხელოვანების ასე დაყოფა მიუღებელია.

- მათ დამორჩილებას პოლიტიკოსები ცდილობენ...

- როგორც კი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და ა.შ. ვინმეს ემორჩილება, ის როგორც ხელოვანი კვდება. ის უკვე ბატონის სურვილების შემსრულებელი მონაა.

- ჩვენი პოლიტიკური ლიდერებიდან რომელიმე, ლიტერატურულ ან ფილმის გმირს ხომ არ გაგონებთ?

- კონკრეტული გმირის დასახელება ძნელია. ასე სწრაფად შეფასების გაკეთება რთულია, მაგრამ მსგავსების ელემენტები შეიძლება არსებობდეს, ამას ჩაღრმავება სჭირდება. "დათა თუთაშხია" გავიხსენოთ: ამ ნაწარმოებში იპოვით გმირებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკოსებთან ახლოს დგანან. წარსულის პოლიტიკოსებიდან ჰიტლერი გავიხსენოთ; მის ქმედებებს ძალიან უახლოვდება პრეზიდენტის ნაბიჯები. გავიხსენოთ ჰიტლერის ურთიერთობა ვითომდა აღფრთოვანებულ გერმანიის საზოგადოებასთან. მისი ძალადობასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე შექმნილი სისტემა 12 წელში კრახით დამთავრდა.

- ბიძინა ივანიშვილს 2 სიტყვით როგორ დაახასიათებთ?

- მისდამი უზარმაზარი ნდობა მაქვს. წლების მანძილზე საქართველოსთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. რაც კარგი კეთდებოდა, მის გვართან არის დაკავშირებული. მწამს, რომ ის ისეთივე წარმატებული იქნება სახელმწიფო საქმიანობაში, როგორც ბიზნესში. მან გააღვიძა ნახევრად მიძინებული საზოგადოება, აქტიური გახადა პოლიტიკური სპექტრი. ის შეძლებს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას, ეს კი ქყეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- სააკაშვილს როგორ დაახასიათებთ?

- ნიჭიერი, ზედაპირული, ხშირად ბავშვური, უაღრესად ქმედითი, რომელსაც შეუძლია კარგი საქმეების კეთებაც, თუ დაივიწყებს, რომ ქვეყანაზე ერთადერთია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება