საქართველოში გორან ბრეგოვიჩის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი - RJ ბრეგო (თაზო) შოკური მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდის. მან მუსიკალურ კერპთან პირადად შეხვედრა და გასაუბრება მოახერხა, კონცერტზე კი ისე ცეკვავდა, რომ დაცვის წევრებს მისი ლიკვიდაციაც უცდიათ, მაგრამ ბოშურ-ბალკანური სიმღერებით ძალამოცემულ ბრეგოს ვინ ან რა ძალა შეაჩერებდა?! ჩემი თმის ღერები "ცას სწვდებოდა", ისეთი ენერგია მქონდაო, - მითხრა...
- დაბადების დღეზე შევიტყვე, რომ გორან ბრეგოვიჩი საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა. ელდა მეცა! სტუმრებს ველოდი, მაგრამ ნახევარი საათით ყველაფერი დამავიწყდა! გონს რომ მოვეგე და მიღებული ინფორმაცია გავაანალიზე, ძალიან გამიხარდა. როგორც კი საქართველოში გორან ბრეგოვიჩის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ტელერეკლამა გავიდა, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა - ერი და ბერი მირეკავდა და მეუბნებოდა: იცი, ბრეგო, ბრეგოვიჩი ჩამოდისო. 13 სექტემბერიც დადგა. მინდოდა, გორან ბრეგოვიჩი კონცერტამდეც მენახა. ამაში რადიოს თანამშრომლები დამეხმარნენ. პრესკონფერენციაზე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელსაც ბრეგოვიჩის გამოსახულებიანი მაისური ეცვა. ყველაზე მეტად ვნერვიულობდი. მომღერალს რამდენიმე შეკითხვაც დავუსვი. მითხრა, რომ საქართველო, ქართული მუსიკა და სამზარეულო ძალიან უყვარს და ჩვენს ქვეყანას კვლავაც დიდი სიამოვნებით ესტუმრება.
- კონცერტზე როგორი დრო გაატარე?
- 5 საათით ადრე მივედი. ის ადგილი, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო, ჯერ მხოლოდ "შემოხაზული" იყო (იცინის). ფაქტობრივად, სცენა ჩემ თვალწინ მომზადდა. კონცერტისთვის შერჩეული ადგილის (მეტეხის ხიდის ქვეშ) გამო, ზოგი უკმაყოფილო იყო, მაგრამ მე ძალიან მომეწონა: ბოშურ კონცერტს ტრასა უხდება. ბალკანური ჰიტი - "ასფალტის ტანგოც" კი არსებობს. კონცერტამდე 1 საათით ადრე ბრეგოვიჩის "დამკრძალავი და საქორწინო ბენდის" წევრები მოვიდნენ. მანქანიდან პირველები ბულგარელი ვოკალისტი დები - დანიელა და ლუდმილა რადკოვები გადმოვიდნენ. გავეკიდე და კულისებში შევუვარდი. თბილად მიმიღეს, სურათებიც გადავიღე. მთელი კონცერტის განმავლობაში მიყურებდნენ და ხელს მიქნევდნენ.
- ბრეგოვიჩს კონცერტის შემდეგაც ხომ არ შეხვდი?
- ვიცოდი, ეჩქარებოდა და კონცერტის შემდეგ აღარ შევაწუხე. თან, ყველა დაღლილი იყო. კონცერტამდე, პრესკონფერენციაზე მასთან გატარებული ნახევარი საათით ძალიან ვისიამოვნე. საოცარი განცდა დამეუფლა, როცა ჩემ ზურგს უკან ბრეგოვიჩი იდგა და ვგრძნობდი, ჩემს ზურგზე (მაისურზე) მარკერით ავტოგრაფს როგორ "კაწრავდა" (იცინის). საოცარი ენერგიით დავიმუხტე, მთელი ორგანიზმი "ხტოდა", ჩემი თმის ღერები "ცას სწვდებოდა"! ცეკვის გამო, კონცერტიდან ჩემი ლიკვიდაცია 5-ჯერ სცადეს. ორგანიზატორს - ბატონ კახუჩელას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩემს "ვიაიპი" ადგილზე დამაბრუნა და ხელშეუხებლობის გარანტია მომცა.
- საქართველოში გორან ბრეგოვიჩის კონცერტებს წინათ თუ დასწრებიხარ?
- 2007 წლის 3 ოქტომბერს ფილარმონიაში გამართულ კონცერტს დავესწარი. ძირითადად, "დიდი" ხალხი მოვიდა (მოსაწვევებით). მრავალფეროვანი პროგრამა იყო - ბრეგოვიჩმა ქართველ შემსრულებლებთან ერთად იმღერა. წლევანდელი კონცერტის ხიბლი ის გახლდათ, რომ მასზე დასწრება თავისუფალი იყო. ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი, ხალხი ღია ცის ქვეშ ბრეგოვიჩის სიმღერების ფონზე როგორ ცეკვავდა! წინათ ასეთი რამ მხოლოდ ინტერნეტში მქონდა ნანახი.
- ბრეგოვიჩმა შენი მუსიკალური შესაძლებლობის შესახებ თუ შეიტყო? არ წაუღიღინე?
- აბა, ისე რა გამაჩერებდა?! კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს მთელი ხმით "ედერლეზის" სიმღერა დავიწყე. ჩემი რამდენიმე მეგობარიც ამყვა. ვოკალისტი დების გაოგნებული და ბედნიერი სახეები უნდა გენახათ!
- ბრეგოვიჩი და ბოშურ-ბალკანური მუსიკა როგორ "აღმოაჩინე"?
- ბევრისგან განსხვავებით, მისი სიმღერები კუსტურიცას ფილმებით არ გამიცნია. 11 წლის წინ თბილისში ერთ-ერთ სპექტაკლზე სიმღერა - Old home movie - მოვისმინე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. შემსრულებლის ვინაობა ვიკითხე. გორან ბრეგოვიჩი აღმოჩნდა. მას შემდეგ, მისი სიმღერებით დავინტერესდი, გავეცანი, რადიოს ეთერშიც "შევაპარე"...
- როგორც ვიცი, თავდაპირველად ქართველმა მსმენელებმა კარგად არ მიიღეს...
- მწერდნენ, - ეს რა სიმღერაა, პანაშვიდზე ვართო?!. ვპასუხობდი: საშუალება მომეცით, 2 კვირის განმავლობაში ეს სიმღერები შეგაყვაროთ-მეთქი. ზუსტად ორ კვირაში იგივე ადამიანები მწერდნენ: ბრეგოვიჩის სიმღერა გაუშვით, თორემ ცუდად ვართო! როცა მოწყენილი ხარ ან დეპრესია გიპყრობს, ეს მუსიკა უნდა ჩართო და ყველაფერი ცუდი დაგავიწყდება. უძლიერესი ეფექტი აქვს!
- შენს ცნობილ თუთიყუშ გორანჩიკას, რომელიც უკვე მერამდენედ, თავზეც დაგაჯდა, ბრეგოვიჩის სიმღერების გაგონებისას განსაკუთრებული რეაქცია არ აქვს?
- როგორ არა?! "ცეკვავს"! ბრეგოვიჩის და მადონას სიმღერებს მიჩვეულია და როცა ამ შემსრულებლების ხმას გაიგონებს, შეფრთხიალდება ხოლმე... გორანჩიკა სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. უკვე 8 წლისაა. ახლა პირველად გავამხელ: გორანჩიკა "გოგოა". როცა შევიძინე, მითხრეს, "ბიჭიაო", ამიტომ, ბრეგოვიჩის პატივსაცემად, გორანი დავარქვი, მაგრამ "ქალიშვილი" ყოფილა. არ ვიცი, საბრალოს რაღა ეშველება: მისი ასაკის ქვა აღარ დაგორავს. წლები ისე მალე გაფრინდა, რომ მისი ტოლი "მამაკაცი" ვეღარ ვუშოვე. ჩემს მეგობარს "ბიჭი" თუთიყუში - მადონა ჰყავდა. მინდოდა, რომ გორანსა და მადონას ერთად ეცხოვრათ, მაგრამ "ბატონი" მადონა გარდაიცვალა... ეს სამწუხარო ამბავი ჩემს დაბადების დღეს შევიტყვე. თუკი ვინმეს 7 წლის "ახოვანი" მამრი თუთიყუში ჰყავს, ვთხოვ, დაგვიკავშირდეს. სასურველია, თუთიყუშს მადონა ერქვას (იცინის).
- შენს მეორე კერპთან - მადონასთან შეხვედრა ჯერ ვერ მოახერე?
- გორან ბრეგოვიჩი და მადონა ჩემი შთაგონების წყაროა! ბრეგოვიჩი "გიჟია", მადონა - "ძალიან გიჟი"! 7 ივლისს მე და ჩემი მეგობარი სტამბოლში გავემგზავრეთ, სადაც მადონას კონცერტი იმართებოდა (ბილეთები თებერვალში შევიძინეთ). კონცერტის რიგში ზუსტად 11 საათი ვიდექით. ხალხი დილიდან იკრიბებოდა. მომღერალმა სცენაზე გამოსვლა ზუსტად 2 საათით დააგვიანა - ეს მას სჩვევია, რომ გაგაგიჟოს, ჭკუიდან გადაგიყვანოს! კონცერტი რომ დაიწყო, სრული შოკი მივიღე! "რელიგიური" დადგმა იყო: ჯვრის ფორმის ჭიშკარი გაიღო, საიდანაც მადონა გამოვიდა. ერთ ხელში იარაღი ეჭირა, მეორით პირჯვარს იწერდა. უეცრად "მლოცველებმა" (მადონას მოცეკვავე ბიჭებმა) ანაფორები გაიხადეს და ჩვენც გავიხადეთ, თუკი ვინმეს რამე გვეცვა (იცინის)... სამწუხაროდ, მადონას პირადად ვერ შევხვდი, მაგრამ რეპეტიციაზე შესვლა და მისი უმაკიაჟოდ ნახვა მოვახერხე.
- რადიოს გარდა, სასტუმროშიც მუშაობ, არა?
- კი. ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმროში, კვებისა და სასმელების დეპარტამენტშიც (ღამის ცვლებში) ვმუშაობ. საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო სამსახური მაქვს: უამრავ ადამიანს პირადად ვხვდები, მათ შორის - ცნობილებს. ვინ ვისთან "დაგულაობს", ყველაფერი ვიცი. "რუმ სერვისისას" ვხედავ, ოთახში ვის ვინ ჰყავს და იქ, გენაცვალე, წიგნს რომ არ კითხულობენ, ისიც ვიცი, პატარა აღარ ვარ (იცინის)... უფლება არ მაქვს, სამსახურის ამბავი "გარეთ გავიტანო". ჩემს საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეპყრობი.
- ალბათ, ცნობილ უცხოელ სტუმრებსაც მასპინძლობ...
- კი. შარშან ზაფხულში "ისთერნ ფრომოუშენმა" ბათუმში სეზონურ სამუშაოზე, ჯაზფესტივალზე წამიყვანა. ვმასპინძლობდი: "ემტივის" დამფუძნებლების 30-კაციან გუნდს, მეისი გრეის, ენრიკე იგლესიასს... სხვათა შორის, იგლესიასი ცხოვრებაში გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე ეკრანზე. მან არაყი მთხოვა. ყველაზე ძვირად ღირებული - 400-ლარიანი არაყი მივუტანე და იმას მიირთმევდა, მეგობარს კი "ლოკალურ" ლუდს ასმევდა (იცინის)... იგლესიასი მართლაც ბევრ ქართველ მანდილოსანს უყვარს: წივილ-კივილი არ წყდებოდა... სურათების გადაღების უფლებას არავის აძლევდნენ - მაგიდას 6-კაციანი დაცვა ჰყავდა "შემოჯაჭვული". კლუბში ხმაური იყო, ამიტომ მომღერალი შეკვეთებს ყურში მიჩურჩულებდა. მეც "მივტანტალდებოდი" მაგიდასთან და მერე ისევ უკან "გამოვტანტალდებოდი" ხოლმე (იცინის)... წელს, ბოლო თვის განმავლობაში, ბევრი შოკი მივიღე: მადონას კონცერტიდან გამოყოლილი ემოციები რომ წყნარდებოდა, ბრეგოვიჩი "შემომეშველა". დედაჩემმა თბილისში მისი ჩამოსვლის შესახებ რომ შეიტყო, შეშფოთდა და ჩემ შესახებ თქვა: ამ ადამიანს კიდევ გორან ბრეგოვიჩი უნდოდა?! არ "გააფრინოსო" (იცინის)... მოკლედ, რადიოში ბოშურად "გაჯაზებას" განვაგრძობ.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)