რატომ იმუქრება წკრიალაშვილი ჰარაკირით?

  რატომ იმუქრება წკრიალაშვილი ჰარაკირით?

ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, "ქართ­ული ოცნება" ქუთაისში ახალაშენებული პარლამენტის საკონცერტო დარბაზად გადა­კეთებას გეგმავსო. მერე იქვე 17 წლის ბიჭის მუსიკალური ნიჭი დაიწუნა, თუმცა რა პასუხი მიიღო იმ 17 წლის ბიჭისგან, იცით უკვე, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები. საქმე ის არის, რომ ეს განცხადება სწორედ მაშინ გამახსენდა, პოლიციის ბრჭყვიალ-ბდღვრიალა შენობაში მოცეკვავე სუხიშვილები რომ დავინახე, ვიფიქრე, ეტყობა, ნატვრა ამიხდა, არჩევნებამდე ლეთარგია დამემართა, არჩევნები უკვე ჩავლილია, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ჰოდა, ქუთაისის პარლამენტის გარდა, ნაციონალური სიამაყე პოლიციის შენობაც საკონცერტო დარბაზად გადაუკეთებიათ-მეთქი.

ხუმრობა იქით იყოს, ნაციონალური არხებით ყოველ წუთს რომ კლიპი გადის სუხიშვილების მონაწილეობით, იმ კლიპს კარგა ხანს დაბნეული შევჩერებოდი. აშკარაა, ეს "ნაციონალური" აღმშენებლობის საჩვენებლად წინსაარჩევ­ნოდ გადაღებული კლიპ-ხრიკია _ თან "ნაციონალური მოძრაობის" რეკლამაა, თან არ არის ასე, კადრებში თბილისში მშენებარე იუსტიციის სახლიც ჩანს, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დასრულებულა და რაც კადრში ჩანს, უბრალოდ, ბუტაფორიაა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ეგეთი ბუტაფორია განა ცოტა შემოუჩეჩებია ჩვენთვის. "თავისუფლების დაუმარცხებელი ენერგია", ეს წარწერა კლიპის ბოლოს ჩნდება კადრში. თუმცა თავისუფლების სიმბოლოდ პოლიციის წარმოდგენა, რა ვიცი, ახლა "შავი გაგების" მიმდევრობა არავინ დამაბრალოს, მოკლედ, გაუმარჯოს ქართულ პოლიციას, ყველაზე თავისუფალ, დაუმარცხებელ და ბრჭყვიალა პოლიციას მსოფლიოში!

გავრცელებული ინფორმაციით, "ლეიბორ­ისტების" აწ უკვე ყოფილმა ორმა წევრმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ კანდი­დატურები მოხსნა. მოკლედ, აქამდე ლეი­ბორისტებიდან ხალხი "ნაცმოძრაობაში" გარბოდა, ახალა უკვე "ქართულ ოცნებაში" გარბის. ეს ტენდენცია მაინცდამაინც არ უნდა უხაროდეს ხელისუფლებას. გახარებული ვერც შალვა ნათელაშვილი იქნება, შეაკოწიწებს ხოლმე ეს კაცი ყველაზე ეროვნულ, ყველაზე ბრძოლისუნარიან, მოკლედ ყველაზე, ყველაზე გუნდს, მაგრამ რად გინდა, ზოგიერთს მაშინვე "ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიასთან პრინციპული შეუთავსებლობის განცდა უჩნდება".

ნინა წკრიალაშვილმა, რომელიც, როგორც იცით, სახელმწიფო ჩინოსანია, განაცხადა: "სახელმწიფო სამსახურში რომც არ ვიყო, მაინც "ნაციონალებს" დავუჭერდი მხარს, ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რა გაკეთდა და კეთდება, ქვეყანა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში და ზოგი სახლის აშენებას ვერ ამთავრებს ამ დროში. როგორც მოქალაქე, მომღერალი და ამომრჩეველი ღიად გამოვხატავ ჩემს სიმპათიას. თუკი ეს ძალა არ გაიმარჯვებს, ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. არც ის მინდა, რომ აქ ჩემმა შვილმა იცხოვროს. არ მინდა, სიბნელეში ვიყო, თუმცა აქ უშუქობას არ ვგულისხმობ. ამას ვერ გადავიტან და თავს მოვიკლავ!"

მოკლედ, ჰარაკირით იმუქრება წკრია­ლაშვილი, რა იცი, რა ხდება, ჰოდა, ვიდრე მართლა დაუპირებია რამე, ამღერეთ რა ეს გოგო პოლიციის საკონცერტო დარბაზში, ამას სუხიშვილებზე მეტად წკრიალაშვილი იმსახურებს, მერე ნახეთ იმ შემინული შენობის ზრიალ-წკრიალი.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება