რას მისწერდა "კულინარიის მხეცი" სააკაშვილს

რას მისწერდა "კულინარიის მხეცი" სააკაშვილს

ხელოვნებათმცოდნესა და ტელეწამყვან მარინა სალუქვაძეს რუბრიკა "ფსიქოსთვის" ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დღეს, 16 სექტემბერს, მისი დაბადების დღე იყო...

- გილოცავთ დაბადების დღეს, სად და როგორ აპირებთ ამ დღის აღნიშვნას?

- უღრმესი მადლობა. მე და ჩემი მეუღლე, ზაზა მარჯანიშვილი, შინიდან გაპარვას ვაპირებთ - მხოლოდ ჩვენ ორმა უნდა აღვნიშნოთ ჩემი დაბადების დღე...

- როგორ დასრულდა რესტორან "ზაზანოვას" საქმე, საიდანაც თქვენმა ეგვიპტელმა ბიზნესპარტნიორებმა გამოგაძევეს?

- არაფერი დამთავრებულა. სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი და ველოდებით, როდის დანიშნავს მოსამართლე საქმის მოსმენას.

- მომხდარის შემდეგ ეგვიპტელები თუ დაგიკავშირდნენ?

- ჩვენ არა, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენს ადვოკატს მოსწერა ჩემი და ზაზას ლანძღვა-გინებით სავსე ექვსთაბახიანი წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ თურმე ამ რესტორანში მე მიმტანად დავუქირავებივარ, ხოლო ჩემი მეუღლე - დამკვრელად (იცინის). ასე რომ, ამ ბატონების ფანტაზიას და სიცრუეს საზღვარი არა აქვს.

- ტელეწამყვანი და ხელოვნებათმცოდნე რომ არ ყოფილიყო, რა პროფესიას აირჩევდა მარინა სალუქვაძე?

- ალბათ, პროფესიონალ მზარეულობას (იცინის). ჩემი მეუღლე გიჟდება ჩემ მიერ მომზადებულ კერძებზე და "კულინარიის მხეცს" მეძახის.

- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გახსენებთ?

- "ღარიბი და ქილა ერბო" ტიპური ქართული ხასიათისაა, თუმცა ბოლოს ქილა რომ არ გამტყდარიყო, ეს იგავი კარგ ბიზნესგეგმას შეიცავს (იცინის).

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- ალბათ, რომელიმე ზღაპრის, ოღონდ არა ქართული ზღაპრის გმირთან. არ მიყვარს ქართული ზღაპრების გმირები, განსაკუთრებით კი ნაცარქექია, რადგან, ზარმაცი და იღბლიანი გაიძვერაა.

- წარმოიდგინეთ, საზღვარგარეთ ისვენებთ მარტო...

- გამორიცხულია, როდესაც გვერდით ზაზა მყავს, მარტო, მით უმეტეს, საზღვარგარეთ, არ დავისვენებ.

- კარგი, ისვენებთ მეუღლესთან ერთად და ნებივრობთ აუზის პირას. ამ მომენტში გვერდით მოგიჯდათ ჰოლივუდელი მსახიობი კიანუ რივზი და გაგეარშიყათ.

- (იცინის) ამის შემხედვარე მეც და ზაზაც სიცილით ავყირავდებოდით. თანაც, არ არის გამორიცხული, მას და ზაზას საერთო ნაცნობები ჰყავდეთ, ბოლოს და ბოლოს, ზაზაც საკმაო ხანს ჰოლივუდში ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე ყველაზე საყვარელი, ყველაზე კეთილი და ნიჭიერია. კიანუ რივზი კი არა, ზაზას გარდა მართლა არავინ მჭირდება.

- ზაზა ხომ არ ნანობს, ჰოლივუდიდან საქართველოში რომ დაბრუნდა?

- ზაზა პატრიოტია, უყვარს თავისი სამშობლო და სურს, რომ საქართველოში გაცილებით საინტერესო იყოს ცხოვრება.

- წარმოიდგინეთ, კულტურის სამინისტროს ბაზაზე გაიხსნა ახალი დეპარტამენტი, რომელსაც ექვემდებარება ქართული მედია, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა კი სწორედ თქვენ გნიშნავთ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად...

- ნიკა რურუა ჩემი ბავშვობის მეგობარია და ვეტყოდი, რა დაგიშავე, ასე რომ გამიმეტე-მეთქი. ქართული ტელევიზია, გინდა ერთი მხარე, გინდაც მეორე, ტელევიზიას არ ჰგავს. მსურს, რომ ყველა ჟურნალისტი პროფესიულად გაიზარდოს და რაც მთავარია, უკეთესი სამუშაო გარემო შეიქმნას, უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

- სერენადა თუ უმღერიათ თქვენთვის?

- ზაზა ყოველ საღამოს მიმღერის სერენადას (იცინის).

- წლების წინ არავის უმღერია?

- 15 წლამდე ვერც ვერავინ მიმღერებდა, რადგან ას კილოს ვიწონიდი და ბიჭებს ჩემი ეშინოდათ (იცინის).

- წარმოიდგინეთ, კობა ხაბაზი მოადგა თქვენი სახლის ფანჯრებს და გიმღერით...

- რა უნდა კობა ხაბაზს ჩემს ფანჯრებთან, რა სისულელეა, ხაბაზს თავისი გასაჭირიც ეყოფა.

- საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდეთ 100 დღით, რას გააკეთებდით?

- ვიზრუნებდი ხალხის გაერთიანებაზე და არა გახლეჩაზე. ძალიან მიყვარს პროვინცია, მაგრამ საშინლად მძაგს პროვინციალიზმი, რომელიც საქართველოშია გამეფებული. სწორედ პროვინციონალიზმის ბრალია ჩვენი საზოგადოების შუაზე გახლეჩა. ჟურნალისტებს შორის დაპირისპირებაც ამის ბრალია, რაც ძალიან მაწუხებს. სწორედ ამის აღმოფხვრას შევეცდებოდი.

- წარმოიდგინეთ, ხართ სკოლის მოსწავლე და კლასის დამრიგებელმა დაგავალათ, წერილი მისწეროთ პრეზიდენტს. პრეზიდენტი კი მიხეილ სააკაშვილია. რას მისწერდით?

- (იცინის) მე და სააკაშვილი ერთ პერიოდში ვსწავლობდით სკოლაში. ჩემზე სამი წლით უფროსია და ამიტომ მასთან არ მიმეგობრია. წყნარი, ზრდილობიანი და არაფრით გამორჩეული ბიჭი იყო. პატარა რომ ვიყო, სააკაშვილს მივწერდი, დათუნია კანფეტები მომიტანე-მეთქი (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - თავდაჯერებული და გაწონასწორებული ადამიანია. იცის საკუთარი შესაძლებლობები. ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სურს. არის მოსიყვარულე და თბილი ადამიანი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები