სალომე ქომეთიანი: "განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება"

სალომე ქომეთიანი: "განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება"

ვიცე-მის საქართველო - 2007, მოდელი სალომე ქომეთიანი კარიერას უცხოეთში განაგრძობს და, ძირითადად, მუშაობა მოსკოვში უწევს - სალომე რუსული სამოდელო სააგენტო "ვოლგას" მოდელია:

- ყოველთვის კლასიკური სტილით ვიმოსები. მიყვარს შავისა და თეთრი ფერების კომბინაცია. სამოსის არჩევისას ვითვალისწინებ ხარისხსაც და ბრენდსაც. მიმაჩნია, რომ ბრენდი კარგი ხარისხის განმსაზღვრელია. ტანსაცმელი, შე­ძენის დღიდან, ჩემი სხეულის ნაწილი ხდება და დიდი ხანი ვატარებ, ამიტომ ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ცნობილი ბრენდებიდან მომწონს "ვიქტორია სეკრეტის" თეთრეული, "ლის" ჯინსები და ასე შემდეგ. სამოსს ძირითადად საზღვარგარეთ ვყიდულობ.

- როგორც ყველა გოგოს, თქვენც ბევრი ჯინსი გაქვთ?

- ადრე არ ვიცვამდი ჯინსს, ახლა კი უამრავი მაქვს. ყოველთვის მაცვია კლასიკური ფორმის ოდნავ ტრაპეცია ჯინსი.

- როგორ ჩანთებს ატარებთ?

- მომწონს დიდი ზომის ჩანთები, რომელშიც უამრავი ნივთი ეტევა, განსაკუთრებით - "გუჩის" ნაწარმი. ზოგჯერ ჩანთაში იმდენი რამ მიდევს, რომ სიარულისას შესვენება მჭირდება (იცინის).

- მაღალქუსლიანი ფეხ­სა­ცმლით სიარული არ არის დამღლელი?

- ფეხსაცმელი ჩემი სუსტი­ წერტილია. როდესაც ფეხ­საც­მლის შესაძენად მივდივარ, აუცილებლად უნდა გამომყვეს ვინმე, რადგან მიჭირს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება მთელი დღე ვიარო და მაინც ვერ ვიყიდო. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რაც შეეხება, ასეთი ფეხსაცმლით თამამად შემიძლია ვირბინო კიდეც.

- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან ქართველ მანდილოსნად?

- მომწონს თაკო ჩხეიძის სტილი. ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი მანდილოსანია.

- ვისი ჩაცმულობაა თქვენთვის ნაკლებად მისაღები, თუნდაც უცხოელი ვარსკვლავებიდან?

- უცხოელ ვარსკვლავებს ჩემი გასაკრიტიკებელი არაფერი სჭირთ. რაც შეეხება ქართველებს, ბევრი ვიცი უგემოვნოდ შემოსილი ადამიანი, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- თქვენ ხართ რუსული სააგენტოს მოდელი და უცხოურ პოდიუმებზე ხშირად გიწევთ გამოსვლა. როგორ შეაფასებთ ვითარებას ქართულ სამოდელო სფეროში?

- სამოდელო სფეროში მომუშავეთათვის ჰონორარი საქართველოში ისევ დაბალია, უფრო ზუსტად, სასაცილო­. მხოლოდ ენთუზ­იაზმზე მუშაობა კი, უბრალოდ, მოსაბეზრებელია. გვყავს ნიჭიერი დიზაინერები და კარგი მოდელები, მაგრამ მათ არ აქვთ სათანადო ანაზღაურება.

- მამაკაცის ჩაცმის სტილს თუ აქცევთ ყურადღებას?

- მამაკაცისთვის მთავარია ჭკუა. ჩემთვის ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. განათლებულმა, ჭკვიანმა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა უნდა ქალს და ჩაცმაც არ ეშლება (იცინის).

- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ?

- ბევრი მანდილოსანი მინახავს, რომელსაც თითქმის ყველა ნაკვთი ლამაზი აქვს, მაგრამ კეხიანი ცხვირი ან ცუდი ფორმის მკერდი უფუჭებს გარეგნობას, ასეთ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგის ჩარევა სასარგებლოა.

- თმას როგორ უვლით?

- ხვეული თმა მაქვს და მიხდება კიდეც. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველ რიგში, თმასა და კანზე აისახება, ამიტომ ვცდილობ, ვიკვებო ვიტამინებით გაჯერებული ჯანსაღი საკვებითა და ხილით, რაც ხელს უწყობს თმისა და კანის გაჯანსაღებას.

- რომელი პარფიუმერიული ბრენდი მოგწონთ?

- ჩემი საყვარელი არომატი არის "შანელი #5", რომელიც ბავშვობიდან მომწონს. აგრეთვე, მომწონს სუნამო ""ბლექ ორ ვაით"".

- ფორმას როგორ ინარჩუნებთ?

- სეზონს გააჩნია. ვეგეტარიანელი ვარ. აქტიურად მივდევ სპორტს - ვცურავ და დავდივარ შეიპინგზე.

- რას ურჩევთ ქართველ მანდილოსნებს?

- მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ქართველ მანდილოსნებს ვურჩევ, ნაკლებად ინერვიულონ ყოფით პრობლემებზე. ქალი მაშინ გამოიყურება ლამაზად, როდესაც მშვიდად არის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება